ვახტანგ ჭელიძე
ვახტანგ ჭელიძე (დ. 10 აპრილი, 1917, სოფ. ბახვი, ახლანდ. ოზურგეთის მუნიციპალიტეტი, — გ. 11 ივნისი, 2005) — ქართველი მწერალი, მთარგმნელი. ხელოვნების დამსახურებული მოღვაწე (1967), საქართველოს სახელმწიფო პრემიის ლაურეატი (1997).
ვახტანგ ჭელიძე | |
---|---|
დაბადების თარიღი | 10 აპრილი, 1917 |
დაბადების ადგილი | ბახვი, ქუთაისის გუბერნია, რუსეთის იმპერია |
გარდაცვალების თარიღი | 11 ივნისი, 2005 (88 წლის) |
დასაფლავებულია | დიდუბის პანთეონი |
საქმიანობა | მწერალი და მთარგმნელი |
მოქალაქეობა |
რუსეთის იმპერია საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკა სსრკ |
ალმა-მატერი | თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი |
ჯილდოები | საქართველოს სახელმწიფო პრემია, პრემია „საბა“, ღირსების ორდენი და ივანე მაჩაბლის სახელობის პრემია |
დაამთავრა თსუ-ს ფილოლოგიური ფაკულტეტი დასავლეთ ევროპული ენებისა და ლიტერატურის განხრით (1941). 1948-52 წწ. იყო გამომცემლობა „საბლიტგამის“ მთავარი რედაქტორი, 1955-57 წწ. — ჟურნალ „ნიანგის“, 1957-62 — ჟურნალ „ცისკრის“ რედაქტორი, 1963-67 წწ. — საქართველოს სსრ კულტურის სამინისტროს ხელოვნების სამმართველოს უფროსი, 1967-73 წწ. — გამომცემლობა „საბჭოთა საქართველოს“ დირექტორი, 1973-1985 წწ. — გაზეთ „ლიტერატურული საქართველოს“ მთავარი რედაქტორი. ამავე პერიოდში მან დააარსა ჟურნალი „ხომლი“. 1985-91 წლებში დირექტორობდა გამომცემლობა „ნაკადულს“. ვახტანგ ჭელიძე იყო კინოსტუდია „ქართული ფილმის“ მთავარი რედაქტორი, სხვადასხვა სარედაქციო-საგამომცემლო, ჟურნალ-გაზეთების სარედაქციო საბჭოს წევრი. მინიჭებული აქვს ივანე მაჩაბლის სახელობის პრემია (1978), საქართველოს სახელმწიფო პრემია (1997) და ლიტერატურული პრემია „საბა“ (2003). დაკრძალულია დიდუბის პანთეონში.
ჭელიძის პირველი თარგმანი — უილიამ შექსპირის „რომეო და ჯულიეტა“ გამოქვეყნდა 1945 წ. , პირველი ორიგინალური თხზულება, ბიოგრაფიული რომანი „ცხოვრება ივანე მაჩაბლისა“ — 1955. ჭელიძეს ეკუთვნის შექსპირის, ჯონ ფლეჩერის, ჯონ მილტონის, დანიელ დეფოს, უოლტერ სკოტის, ჩარლზ დიკენსის, ჯონ გოლზუორთის, ჯეკ ლონდონის, მარკ ტვენის, ერნესტ ჰემინგუეის, ჯონ სტაინბეკის, ჯერომ სელინჯერის და სხვ. თხზულებანი, ლიტერატურულ-კრიტიკული და პუბლიცისტური წერილები, ესეები; განსაკუთრებით აღსანიშნავია ჭელიძის მხატვრულ-დოკუმენტური ვრცელი თხზულება „ქართლის ცხოვრების ქრონიკები“ (ტ. 1-4, 1973-83).
ლიტერატურა
რედაქტირება- ავალიანი, ლ., ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 11, თბ., 1987. — გვ. 390.
რესურსები ინტერნეტში
რედაქტირება- ვახტანგ ჭელიძე — საქართველოს ბიოგრაფიული ლექსიკონი
- ჭელიძე ვახტანგ დაარქივებული 2016-03-04 საიტზე Wayback Machine. . ქართული და ქართულად თარგმნილი ლიტერატურის ელექტრონული ბიბლიოთეკა