ჭარხლის ბაღლინჯო (ლათ. Polymerus cognatus) — მწერი ნახევრადხეშეშფრთიანების რიგისა. მისი სხეულის სიგრძეა 3—5 მმ. ზრდასრულის ფრთები ყვითელი-მურა ფერისაა, შავი სურათით და სოლისებრი ან სამკუთხა ლაქით. ხორთუმი მოყვითალო-რუხია, წინა ზურგის უკანა კუთხეებში აქვს ორი შავი ლაქა. ფრთები მინისებრი და გამჭირვალეა. ბაღლინჯოს მატლი მწვანე ფერისაა, აქვს წითელი თვალები და შავი მრგვალი ლაქა ზედა მხარეს შუა ადგილზე. ფარზე აქვს ორი შავი წერტილი.[1] გავრცელებულია ევროპასა და აზიაში.[2]

ჭარხლის ბაღლინჯო

მეცნიერული კლასიფიკაცია
ლათინური სახელი
Polymerus cognatus (Fieber, 1858)

მავნებელი მწერია. იკვებება და ზიანს აყენებს ჭარხალს, სოიოს, მზესუმზირას, კანაფს, სელს, სამყურას, ლობიოს, ბარდას, ოსპს, ცერცველას, აბუსალათინს, მდოგვს და სხვ. ზამთარს მკვებავი მცენარეების ღეროს ქსოვილში და ფოთლის ძარღვებში ატარებს კვერცხის სტადიაში. გაზაფხულზე (მარტის ბოლო – აპრილის დასაწყისი) იჩეკებიან მატლები და მალევე იმავე მცენარეზე იწყებენ კვებას, რომელზეც გამოიჩეკნენ.[1] სიგრძეში 4,4 მმ-მდე არიან.[2] მატლი მცენარეში უშვებს ხორთუმს და წოვს წვენს. მისი განვითარება გრძელდება 3–4 კვირის განმავლობაში, რის შემდეგაც იქცევა ზრდასრულ ბაღლინჯოდ და იწყებს გამრავლებას. სქესობრივად მომწიფებული ბაღლინჯო კვერცხს დებს ჭარხლის აღმონაცენის ფოთლის ყუნწში ან მთავარ ძარღვში. კვერცხის დასადებად ხორთუმით ჩხვლეტს მცენარის ზედაპირს და კვერცხს დებს შიგ ქსოვილში. ფოთლიდან პატარა მუქი წერტილის სახით ჩანს მხოლოდ კვერცხის საცობი. მავნებლის მიერ დადებული კვერცხების რაოდენობა დამოკიდებულია თაობაზე, გარემო პირობებსა და მცენარის სახეობაზე. ამ ფაქტორების მიხედვით კვერცხის რაოდენობა მერყეობს 20-დან 2000 ცალამდე. ემბრიონული განვითარება კლიმატური პირობების და თაობის მიხედვით 4 დღიდან 2 კვირამდე გრძელდება.[1] წელიწადში იძლევა 2–4 თაობას.[2]

მავნებელი ზოგიერთი ვირუსული დაავადების გადამტანია;[2] ჭარხალზე მიყენებული პირდაპირი ზიანის გარდა, შეუძლია გაავრცელოს მოზაიკური დაავადების გამომწვევი ვირუსი. მის მიერ დაზიანებულ ჭარხლის აღმონაცენებს ზრდაში ჩამორჩენა აქვთ, კლებულობს მათი პროდუქტიულობაც. რიგ შემთხვევებში მცენარის დაზიანებული ფოთოლი ჭკნება, განიცდის დეფორმაციას და საბოლოოდ მცენარე იღუპება, მავნებლის მოქმედების შედეგად მოზაიკური დაავადების გაჩენის შემთხვევაში კიდევ უფრო მეტად ზიანდება.[1]

ბრძოლის ღონისძიებები: ბრძოლა სარეველების წინააღმდეგ, პარკოსანი მცენარეების ადრესაგაზაფხულოდ მოთიბვა დაბალ სიმაღლეზე, ჭარხლის თესლის ინსექტიციდებით დამუშავება,[2] მზრალად ხვნა, მცენარეული ნარჩენების განადგურება, მინერალური სასუქების სწორი შეტანა, შესაბამისი ქიმიური წამლობების დროული და ხარისხიანი განხორციელება.[1]

ლიტერატურა

რედაქტირება
  • Вредители сельскохозяйственных культур и лесных насаждений, т. 1, К., 1973.
  1. 1.0 1.1 1.2 1.3 1.4 კელენჯერიძე, ნ.; ხეთერელი, ა.. სუფრის ჭარხლის წარმოების აგროტექნოლოგია. საქართველოს ფერმერთა ასოციაცია. gfa.org.ge (2018). დაარქივებულია ორიგინალიდან — 2020-08-28. ციტირების თარიღი: 16 აგვისტო, 2020.
  2. 2.0 2.1 2.2 2.3 2.4 Петруха О. И. Свекловичный клоп // Большая советская энциклопедия. — 3-е изд., т. 23 — М., 1976.