სამყურა (Trifolium) — ერთწლოვან და მრავალწლოვან მცენარეთა გვარი პარკოსანთა ოჯახისა. ყველა სახეობა ბალახოვანია. მათი ფოთოლი სამ ფოთოლაკიანია (აქედან მოდის მისი სახელიც). ყვავილები წითელი, ყვითელი, თეთრი ან ვარდისფერია, შეკრებილი თავაკისებრ, იშვიათად მტევნისებრ ყვავილებად. ნაყოფი პატარა პარკია, 1-2, იშვიათად 3-6 თესლით. ფესვები მთავარღერძიანია. მათზე დიდი რაოდენობით ვითარდება აზოტის შემთვისებელი ბაქტერიების კოჟრები, რომლებიც ამდიდრებენ ნიადაგს აზოტოვანი შენაერთებით.

სამყურა

მეცნიერული კლასიფიკაცია
სამეფო:  მცენარეები
ლათინური სახელი
Trifolium

300-მდე სახეობა უმთავრესად გავრცელებულია ევროპის, აზიის, აფრიკისა და ჩრდილოეთ ამერიკის ზომიერ და სუბტროპიკულ ოლქებში. საქართველოში იზრდება 40-მდე სახეობა. სამყურას ბევრი სახეობა საქონლის საუკეთესო საკვებია და დიდი ხანია კულტურებშია შეყვანილი. ამ მხრივ აღსანიშნავია წითელი ანუ მდელოს სამყურა (Trifolium pratense), რომლის ორი ფორმა არსებობს — საგვიანო ანუ ჩრდილოეთის ერთსათიბა და საადრევო ანუ სამხრეთის ორსათიბა; ვარდისფერი ანუ შვედური სამყურა (Trifolium hybridum) — საკვებად იყენებენ სხვა მარცვლოვნებთან ერთად; თეთრი სამყურა (Trifolium repens) — თესენ სხვა სამყურასთან ან მარცვლოვნებთან ერთად. გაძოვების შემდეგ სწრაფად ამოიზრდება.

ლიტერატურა

რედაქტირება