ბრმა ბაღლინჯოები (ლათ. Miridae) — ბაღლინჯოების ოჯახი. სახეობებში სხეულის ფორმა თითქმის მთლიანად მრგვლიდან ძლიერ წაგრძელებულამდე იცვლება, სიგრძეში 2–11 მმ-ია, ფერად — ჩალისფერ-ყვითელი, მწვანე, მოწითალო-ჟანგისფერი ან შავი. ზოგჯერ ტანზე ნახატები აქვთ: ღია ფონზე მუქი ზოლები და წერტილები ან შავ ფონზე ყვითლები და მოთეთროები. საფარველი რბილია. ულვაშები თავთან შედარებით მნიშვნელოვნად გრძელია. ხორთუმი 4-სახსრიანია. ჩვეულებრივ აქვთ ფრთები. დედალს კარგად აქვს განვითარებული კვერცხსადები. უბრალო თვალაკები თითქმის არ აქვთ (აქედან სახელწოდება). ცნობილია 10000-მდე სახეობა. გავრცელებულები არიან ყველგან. ცხოვრობენ ბალახოვან მცენარეებსა და ხეებზე. უმრავლესობა მცენარეჭამიაა, არის მტაცებელი სახეობები და სახეობები შერეული რაციონით. კვერცხს დებენ მცენარის ქსოვილში. დიდი ნაწილი იზამთრებს კვერცხის სტადიაში. ზოგიერთი სახეობა (იონჯის ბაღლინჯო, ჭარხლის ბაღლინჯო და სხვ.) ზიანს აყენებს კულტურულ მცენარეებს.[1][2]