ნახევრადხეშეშფრთიანები

ნახევრადხეშეშფრთიანები, ბაღლინჯოები (Hemiptera), მწერების რიგი. მათი სხეულის სიგრძე 0,7 მმ-იდან 12 სმ-მდე აღწევს. აქვთ მწუწნავი პირის აპარატი. აქვთ 2 წყვილი ფრთა, რომლებიც გაუშლელად უფარავს მუცელს. ზოგ ნახევრადხეშეშფრთიანებს ფრთები დამოკლებული აქვთ, ზოგს განუვითარებელიც (საწოლის ბაღლინჯო). აქვთ სუნიანი ჯირკვლები, რომელთა გამონაყოფი აფრთხობს მტერს ან იზიდავს მოწინააღმდეგე სქესის წარმომაგდენელს. გარდაქცევა არასრულია. უმეტესობა ხმელეთზე, ზოგი წყალში ან მის ზედაპირზე ცხოვრობს. ხმელეთის ფორმების უმრავლესობა ფიტოფაგია, იკვებებიან მცენარეთა წვენებით. არიან მტაცებლებიც. ზოგი კი პარაზიტულ ცხოვრებას ეწევა. წყლის ფორმები ცხოვრობენ წყლის სიზრქეში, ზედაპირზე ან წყლის ნაპირას; მათი უმრავლესობა ატმოსფერული ჟანგბადით სუნთქვას, Aphelochiridae-ს ოჯახის წარმომადგენლები კი - წყალში გახსნილი ჟანგბადით. ნახევრადხეშეშფრთიანები გავრცელებული არიან მთელ დედამიწაზე.

ნახევრადხეშეშფრთიანები
Pentatoma rufipes
Pentatoma rufipes
მეცნიერული კლასიფიკაცია
სამეფო:  ცხოველები
ტიპი:  ფეხსახსრიანები
კლასი:  მწერები
რიგი:  ნახევრადხეშეშფრთიანები
ლათინური სახელი
Hemiptera

ცნობილია 50-მდე ოჯახის 30 ათასამდე სახეობა. საქართველოში გავრცელებულია 37 ოჯახის 600-მდე სახეობა. საქართველოში სასოფლო-სამეურნეო კულტურების მავნებელია 70-მდე სახეობა - მათგან პურეულ მარცვლოვანებს აზიანებს მავნე კუსებურა (Eurygaster integriceps) და Notostira -სა და Trigonotylus-ის გვარების წარმომადგენლები; ბოსტნეულ კულტურებს - ჯვაროსანთა ბაღლინჯოები (Eurydema-ს გვარიდან); საკვებ ბალახებს - იონჯის ბაღლინჯო (Adelphocoris lineolatus); ხეხილოვან კულტურებს - მსხლის ბაღლინჯო (Stehpanitis pyri) და სხვა. ზოგი ფიტოფაგი ნახევრადხეშეშფრთიანები მცენარეთა ვირუსულ დაავადებათა გადამტანია (Lygus გვარის წარმომადგენლები). პარაზიტული ფორმებიდან ცნობილია საწოლის ბაღლინჯო (Cimex lectularius). Cimex-ისა და Oeciacus-ის გვარების ზოგიერთი სახეობა ფრინველებსა და მღრღნელებზე პარაზიტობენ. ხმელეთის მტაცებელი ნახევრადხეშეშფრთიანებიდან ცნობილია სასარგებლო ფორმებიც (Orius-ისა და Nabis-ის გვარების წარმომადგენლები), რომლებიც მწერებისა და ტკიპების კვერცხებს, მატლებსა და ზრდასრულ ფორმებს. წყლის მტაცებელი ფორმებიდან ზოგიერთი ანადგურებს სარეწაო თევზების ქვირითსა და ლიფსიტებს.

ლიტერატურა

რედაქტირება