წყვილრქოსანი რქაცხვირა
წყვილრქოსანი რქაცხვირა,[1] წყვილრქოსანი კალაო[2] (ლათ. Buceros bicornis) — ფრინველი რქაცხვირასებრთა ოჯახისა. მისი სხეულის სიგრძეა დაახლ. 100 სმ, მასა 3,4 კგ-მდე; დედალი მამალზე პატარაა. თავზე აქვთ V-სებური, წყვილრქოვანი (აქედან სახელწოდება) „ჩაფხუტი“, დამახასიათებელი ღრუბლოვანი ძვლოვანი წანაზარდით, რომელიც რქოვანი საფარითაა დაფარული. ნისკარტი გრძელი და ნამგლისებურია. შეფერილია შავ-თეთრად. თეთრი ბუმბულები კეფასა და კისერზე, ნისკარტი და „ჩაფხუტი“ გაპოხილია კუდუსუნის ჯირკვლის ცხიმით, რის შედეგადაც კაშკაშა ყვითელი ფერის ხდება. ბოლო გრძელია (30 სმ-მდე სიგრძის), ფერად თეთრი და გასდევს ფართო შავი ზოლი; ფრთები ფართო, თეთრი, განივი შავი ზოლებითაა; მომქნევი ბუმბულის ბოლოები ასევე თეთრია. ბინადრობს სამხრეთი აზიის ნოტიო ტროპიკულ ტყეებში, ინდოსტანიდან ინდოჩინეთამდე, სამხრეთით სუმატრამდე; მთებში გვხვდება ზღვის დონიდან 2000 მეტრ სიმაღლემდე. უმთავრესად იკვებება ხილით, აგრეთვე მცირე ზომის ხერხემლიანებითა და მსხვილი მწერებით. ახასიათებს სამუდამო წყვილები. ბუდობენ ხეების ფუღუროებში მიწიდან 18–30 მეტრზე. დედალი ჩვეულებრივ 2 კვერცხს დებს. ინკუბაცია 38–40 დღე-ღამე გრძელდება; ამ დროს დედალი ბუდის შესასვლელს სკინტლის, ხილის ნარჩენების, ხის ნაფშვენებისა და თიხის ნარევით ქოლავს; ტოვებს მხოლოდ ვიწრო ხვრელს, საიდანაც იგი და შემდეგ უკვე ბარტყები მამლისაგან საკვებს იღებენ. გამოჩეკიდან 40–50 დღეში დედალი ბუდეს ტოვებს, ხოლო კიდევ 1 თვის შემდეგ ახალი თაობაც ფრინდება აქედან. შეტანილია IUCN-ის წითელ ნუსხაში, როგორც გადაშენების საფრთხესთან ახლოს მყოფი სახეობა.
წყვილრქოსანი რქაცხვირა | |||||||||||||||
---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|
| |||||||||||||||
მეცნიერული კლასიფიკაცია | |||||||||||||||
| |||||||||||||||
ლათინური სახელი | |||||||||||||||
Buceros bicornis (Linnaeus, 1758) | |||||||||||||||
დაცვის სტატუსი | |||||||||||||||
საფრთხესთან ახლოს მყოფი IUCN 3.1 Near Threatened : 22682453 | |||||||||||||||
გავრცელება | |||||||||||||||
|
ლიტერატურა
რედაქტირება- Лоскот В. М. КАЛАО // Большая российская энциклопедия. т. 12. — М., 2008. — стр. 480.
სქოლიო
რედაქტირება- ↑ კუტუბიძე მ., ფრინველების ნომენკლატურული ტერმინოლოგია, თბ.: „მეცნიერება“, 1973. — გვ. 68, 148, 187.
- ↑ ფრინველების ნომენკლატურული ტერმინოლოგია, გვ. 68, 148.