წინკობნის წმინდა გიორგის ეკლესია და კოშკი

წინკობნის წმინდა გიორგის ეკლესია და კოშკიარქიტექტურული ძეგლი დუშეთის მუნიციპალიტეტის სოფელ წინკობნის ჩრდილოეთით, მთის ფერდობზე, ნასოფლარზე. განეკუთვნება გვიანდელ შუა საუკუნეებს.

ეკლესია დარბაზულია (5,2 x 4,9 მეტრი), ნაგებია რიყისა და ნატეხი ქვით. შესასვლელი სამხრეთიდანაა. კარი გადახურულია არქიტრავით. აღმოსავლეთით სწორკუთხა საკურთხეველია. საკურთხეველში ერთი სწორკუთხა სარკმელია, მის წინ ტრაპეზის ქვა დგას. ჩრდილო კედელში ორი სწორკუთხა ნიშია, სამხრეთ კედლის აღმოსავლეთ კიდეში — ერთი. დარბაზს ცილინდრული კამარა ხურავს. ეკლესიას ფიქლის დიდი ფილების ორფერდა სახურავი აქვს. სახურავის კეხზე ქვისგან გამოკვეთილი ცხვრის ქანდაკება დგას. ეკლესიის ჩრდილო-აღმოსავლეთ კუთხეზე მიშენებულია კოშკი (3,3 x 3,3 მეტრი; სიმაღლე 7,2 მეტრი). მისი ქვედა ორი მესამედი მასიურია, ხოლო ზედა კვადრატული სათავსია, მას შესასვლელი სამხრეთით, მიწიდან 4 მეტრ სიმაღლეზე აქვს. კარი არქიტრავიანია. აღმოსავლეთ და დასავლეთ კედლებში თითო სარკმელია. აღმოსავლეთ კედელზე ტრაპეზის ქვაა მიდგმული. სათავსი შეისრული კამარითაა გადახურული. კოშკს ფიქლის ფილების ორფერდა სახურავი აქვს. ეკლესიისა და კოშკის ფასადები დასრულებულია ნატეხი ქვის თაროსებრი ლავგარდნით.

ლიტერატურა

რედაქტირება