ცხუმ-აფხაზეთის ეროვნული კომიტეტი
ცხუმ-აფხაზეთის ეროვნული კომიტეტი (ცაეკ) — ქართულ ეროვნულ ორგანიზაციათა გაერთიანება აფხაზეთში, რომელიც მნიშვნელოვან გავლენას ახდენდა პოლიტიკურ პროცესებზე 1990–1992 წლებში.
ისტორია
რედაქტირებაცაეკ–ი ეროვნულ-განმათავისუფლებელი მოძრაობის I კონფერენციის შემდეგ შეიქმნა 1990 წლის მარტში. მასში გაერთიანდა ყველა ოპოზიციური ორგანიზაცია, გარდა სახალხო ფრონტისა: ედპ - IV დასი (ალექსანდრე ჯიქია [1]), ილია ჭავჭავაძის საზოგადოება (დავით ლაცუზბაია), რუსთაველის საზოგადოება (მალხაზ პატარაია), ქრისტიანულ-დემოკრატიული კავშირი (ბეჟან ხორავა [2]), სადროშო „ლემი (პოლიტიკური ორგანიზაცია)” (აკაკი გასვიანი [3]), ეროვნული დამოულიდებლობის პარტია (ზურაბ ნაროუშვილი), ექიმთა ასოციაცია (დუდუ გულორდავა), საქართველოს ჰელსინკის კავშირი - ეროვნული აღორძინება (თეიმურაზ ლორთქიფანიძე), მერაბ კოსტავას საზოგადოება (გ. ანთია), მონარქისტულ-კონსერვატიული პარტია (ვახტანგ ჯორჯიკია). ცაეკ–ში შემავალმა ორგანიზაციებმა დამფუძნებელ დეკლარაციაში აღიარეს აფხაზეთში განმათავისუფლებელი მოძრაობისთვის შექმნილი განსაკუთრებული პირობები, რაც საქართველოს შემდგომი დაქუცმაცების მიზნით რუსეთის მიერ ეთნიკური ომის პროვოცირების შესაძლებელობას გულისხმობდა .
ცაეკ-ს რადიკალური პოზიცია ეკავა საზოგადოებრივი განვითარების მრავალ საკითხში. მისი ინიციატივით სოხუმში იმართებოდა სხვადასხვა ხასიათის ღონისძიებები და აქციები (ანტისაბჭოთა და ანტიიმპერიული გამოსვლები, მსვლელობები საბჭოთა არმიაში ქართველ ახალგაზრდათა მიერ სამსახურის გავლის შეწყვეტის მოთხოვნით და ა.შ.), რაც პოლიტიკურ ძალთა მაშინდელი განლაგების პირობებში არაადექვატურად აღიქმებოდა საზოგადოებაში, განსაკუთრებით მმართველ კომუნისტურ წრეებში. მაგალითად, 1990 წლის ივნისსში ქ.სოხუმის ხელმძღვანელობის კატეგორიული მოთხოვნით ცაეკ-ის ლიდერთა (დავით ლაცუზბაია, მალხაზ პატარაია, აბესალომ მიქელაძე) მიმართ ავტონომიური რესპუბლიკის პროკურატურამ სისხლის სამართლის საქმე აღძრა ანტისაბჭოთა აგიტაციისა და პროპაგანდის კვალიფიკაციით, თუმცა სსრკ–ს დაშლამ ხელი შეუშალა მათ დაპატიმრებას.
საარჩევნო ბლოკ "მრგვალი მაგიდა – თავისუფალი საქართველოს" შექმნის შემდეგ ცაეკ-ი დატოვეს ამ ბლოკის წევრმა ორგანიზაციებმა. აფხაზ სეპარატისტთა ლიდერები კმაყოფილებით შეხვდნენ ქართული ეროვნული ძალების გახლეჩას.
აფხაზეთში ქართველთა დაპირიპირების მაგალითი გახდა 1992 წლის 7 იანვარს სოხუმში ზვიად გამსახურდიას ხელისუფლების მომხრეთა ჯგუფის (დაახლოებით 150 კაცამდე) ცაეკ–ის შტაბ-ბინაზე მოწყობილი თავდასხმა, სადაც იმყოფებოდნენ კომიტეტის წევრები და მსჯელობდნენ აფხაზეთში ქართული დემოკრატიული ძალების შეთანხმებული მოქმედების ორგანიზების გზებზე. მიუხედავად იმისა, რომ ცაეკი–დან არავის მიუღია მონაწილეობა თბილისის ტრაგიკულ მოვლენებში, ეგზალტირებულმა ჯგუფმა შტაბი დაარბია და ზოგიერთ აქტივისტს ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა. გაანადგურეს აფხაზეთში ეროვნული მოძრაობის ამსახველი უამრავი დოკუმენტური მასალა, ხოლო კომიტეტის ერთ-ერთი ლიდერი – ბორის კაკუბავა [4] დაატყვევეს და „მრგვალი მაგიდის“ ადგილობრივ შტაბში წაიყვანეს დასაკითხად. ეს ვანდალიზმი მისმა ორგანიზატორებმა დააფიქსირეს ვიდეო ფირზე, რომელიც შემდგომ აფხაზეთის ეროვნული ერთიანობის საბჭოს [5] ხელმძღვანელობას ჩაუვარდა ხელში და ერთგვარი შურისძიების საგნად იქნა გამოყენებული, რაც აღნიშნული თავდასხმის ზოგიერთი მონაწილის უკანონო დაპატიმრებასა და მათზე ფსიქოლოგიურ ზეწოლაში გამოიხატა.
ცაეკ–მა არსებობა შეწყვიტა 1992 წლის 9 მაისს, როდესაც იქ გაერთიანებული ორგანიზაციები შევიდნენ აფხაზეთის ეროვნული ერთიანობის საბჭოს შემადგენლობაში, რომელიც ჩამოყალიბდა სოხუმში როგორც სეპარატისტული ხელისუფლების ქართული ალტერნატივა.
ლიტერატურა
რედაქტირება- დავით ლაცუზბაია, ვახტანგ ყოლბაია, რაფიელ გელანტია, თეიმურაზ ჭახრაკია, აფხაზეთის ლაბირინთი დაარქივებული 2011-07-24 საიტზე Wayback Machine. , გვ. 62–64 – თბილისი,"არხატი", 1999
რესურსები ინტერნეტში
რედაქტირებასქოლიო
რედაქტირება- ↑ ალექსანდრე ჯიქია
- ↑ პოსტები ტეგით „ბეჟან ხორავა“[მკვდარი ბმული]
- ↑ აკაკი გასვიანი
- ↑ ბორის კაკუბავა
- ↑ ზურაბ პაპასქირი. ნარკვევები თანამედროვე აფხაზეთის ისტორიული წარსულიდან, ტ.2, გვ.345 – თბილისი, 2007, ISBN 978-99940-68-79-1