აფხაზეთის ეროვნული ერთიანობის საბჭო

ამ გვერდს არა აქვს შემოწმებული ვერსია, სავარაუდოდ მისი ხარისხი არ შეესაბამებოდა პროექტის სტანდარტებს.

აფხაზეთის ეროვნული ერთიანობის საბჭო (აეეს) – ეროვნულ-პოლიტიკური ძალების გაერთიანება აფხაზეთში. შეიქმნა ქ. სოხუმში 1992 წლის 9 მაისს.

მე-20 საუკუნის 90-იან წლების დასაწყისში აფხაზეთში მიმდინარე პროცესებს საქმე მიჰყავდა საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის ხელყოფისაკენ. ამიტომ აფხაზეთის საზოგადოებრიობამ გამოსავალის ძებნა დაიწყო.

1992 წლის 9 მაისს სოხუმში, საქართველოს სუბტროპიკული მეურნეობის ინსტიტუტის სააქტო დარბაზში, გაიმართა ქართველი საზოგადოებრიობის წარმომადგენელთა ყრილობა. მის მუშაობაში მონაწილეობდნენ აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის ქალაქებისა და რაიონების, ინტელიგენციის, პოლიტიკური პარტიებისა (მათ შორის ცხუმ-აფხაზეთის ეროვნული კომიტეტი) და საზოგადოებრივი ორგანიზაციების, საწარმო-დაწესებულებების წარმომადგენლები. ყრილობამ გააანალიზა აფხაზეთში შექმნილი საზოგადოებრივ-პოლიტიკური სიტუაცია. მიიღებულ იქნა რეზოლუცია, რომლის თანახმად, შეიქმნა აფხაზეთის ეროვნული ერთიანობის საბჭო, რომელშიც გაერთიანდა აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკაში არსებული ყველა პოლიტიკური, საზოგადოებრივი, პროფესიული და შემოქმედებითი ორგანიზაცია, გარდა „მრგვალი მაგიდისა“. საბჭოში შევიდნენ პოლიტიკური მოძრაობის ლიდერები, აფხაზეთის უმაღლესი საბჭოს დეპუტატები, ცნობილი საზოგადო მოღვაწენი, უმაღლესი სასწავლებლების რექტორები, მსხვილი საწარმოების ხელმძღვანელები – სულ 38 კაცი. (გია გვაზავა, დავით ლაცუზბაია, მალხაზ პატარაია, დუდუ გულორდავა, თამაზ ნადარეიშვილი, ჯონი ლატარია, ალექსანდრე ლომინაშვილი, ჯანრი ეზუგბაია, ვახტანგ ვეკუა, როლანდ თორდინავა, ვასილ კადენეცი, ბორის კაკუბავა, თორნიკე კილანავა, გენო კალანდია, ზურაბ კოკაია, ალექსანდრე მასკალენკო, ალექსანდრე მიქაძე, გივი მეშველიანი, ნაპოლეონ მესხია, ზურაბ ნაროუშვილი, ზურაბ პაპასქირი, ვახტანგ ჟორდანია, დავით როგავა, თენგო სანაია, ვასილ ფრუიძე, თეიმურაზ შენგელია, ოთარ ჩარკვიანი, თეიმურაზ ჩილაჩავა, შალვა წულეისკირი, შამილ ცხვედიანი, გიორგი ჭანტურია, ჟანა ჭელიძე, დიმიტრი ჯაიანი, ჯანო ჯანელიძე, ვახტანგ ჯორჯიკია, ალექსანდრე ჯიქია, კიმ ჯაჭვლიანი, მარიმა ჯღამაძე) (იხ. აფხაზეთის ლაბირინთი).

ეროვნული ერთიანობის საბჭომა ირჩია აღმასრულებელი კომიტეტი (თამაზ ნადარეიშვილი, მალხაზ პატარაია, ბორის კაკუბავა, გივი მეშველიანი, გურამ გაბისკირია, ალექსანდრე ჯიქია, მურმან სხულუხია), რომელიც წარმართავდა მიმდინარე საქმიანობას. საბჭოს სხდომებზე იხილებოდა პოლიტიკური, სოციალური, ეკონომიკური და სამხედრო ხასიათის საკითხები. ამ ორგანომ, ფაქტობრივად, აფხაზეთის სეპარატისტულ ხელისუფლებას სამოქალაქო დაუმორჩილებლობა გამოუცხადა. მან დაიწყო პოლიტიკური და სამეურნეო მმართველობის პარალელური სტრუქტურების ჩამოყალიბებისათვის მზადება.

ეროვნული ერთიანობის საბჭოს ინიციატივით შეიქმნა საქართველოს შეიარაღებული ძალების სოხუმის მექანიზირებული ბატალიონი, რომელიც 1990 წ. 19 მაისიდან სოხუმში იქნა დისლოცირებული. საბჭოს დაექვემდებარა სოხუმისა და გაგრის “მხედრიონი“.

აეეს–ს საქმიანობას დაუპირისპირდა აფხაზური მხარე, რომელიც ეყრდნობოდა მოსკოვის მხარდაჭერით შექმნილ ანტიქართულ ორგანიზაციებს („აიდგილარა“[1], „კრუნკი“[2], „სლავიანსკი დომ“ და ა. შ.), რომლებიც ადრე გაერთიანებულნი იყვნენ სსრკ უმაღლესი საბჭოს ბლოკ „სოიუზში“ და წარმოადგენდნენ საბჭოური იმპერიის ერთ-ერთ ყველაზე საიმედო დასაყრდენს საქართველოში.

ეროვნული ერთიანობის საბჭომ არსებობა შეწყვიტა 1992 წლის 14 აგვისტოს – აფხაზეთში საომარი მოქმედებების დაწყების შემდეგ.

ლიტერატურა

რედაქტირება
  • ვახტანგ ყოლბაია, დავით ლაცუზბაია, რაფიელ გელანტია, თეიმურაზ ჭახრაკია. აფხაზეთის ლაბირინთი,გვ.104–123 – თბილისი, "არხატი", 1999.
  • ზურაბ პაპასქირი. ნარკვევები თანამედროვე აფხაზეთის ისტორიული წარსულიდან, ტ.2, გვ.346 – თბილისი, თსუ სოხუმის ფილიალი – "მერიდიანი", 2007, ISBN 978-99940-68-79-1.

რესურსები ინტერნეტში

რედაქტირება
  1. დაარქივებული ასლი. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2010-07-05. ციტირების თარიღი: 2010-06-23.
  2. http://www.abkhazia.narod.ru/lavrik-nov.htm