ცისია ჩხუბიანიშვილი

ქართველი ბიოლოგი, მეცნიერი, მკვლევარი, სოფლის მეურნეობის მუშაკი, ბიოლოგიის მეცნიერებათა დოქტო
ამ გვერდს არა აქვს შემოწმებული ვერსია, სავარაუდოდ მისი ხარისხი არ შეესაბამებოდა პროექტის სტანდარტებს.

ცისია ჩხუბიანიშვილი (დ. 1 დეკემბერი, 1936, თელავი) — ქართველი ბიოლოგი, მეცნიერი, მკვლევარი, სოფლის მეურნეობის მუშაკი, ბიოლოგიის მეცნიერებათა დოქტორი, პროფესორი, ვირუსოლოგი, მიკრობიოლოგი, ენტომოლოგი.

ცისია ჩხუბიანიშვილი
დაბ. თარიღი 1 დეკემბერი, 1936(1936-12-01) (87 წლის)
დაბ. ადგილი თელავი
მოქალაქეობა  სსრკ
 საქართველო
საქმიანობა ბიოლოგი, ვირუსოლოგი, მიკრობიოლოგი და ენტომოლოგი
ალმა-მატერი საქართველოს აგრარული უნივერსიტეტი

ბიოგრაფია

რედაქტირება

1954 წელს დაამთავრა თელავის ქალთა პირველი საშუალო სკოლა და ნიკო სულხანიშვილის სახელობის მუსიკალური სკოლა. 1954-1959 წლებში სწავლობდა საქართველოს სასოფლო-სამეურნეო ინსტიტუტში მცენარეთა დაცვის სპეციალობაზე.

მონაწილეობდა მოსკოვის ტიმირიაზევის სახელობის სასოფლო-სამეურნეო აკადემიის სტუდენტთა სამეცნიერო კონფერენციებში. 1959 წელს მუშაობა დაიწყო საქართველოს მცენარეთა დაცვის სამეცნიერო-კვლევით ინსტიტუტში. მისი სამეცნიერო საქმიანობა მოიცავდა მავნე მწერებისაგან სასოფლო-სამეურნეო კულტურების, ტყის, დეკორატიული მცენარეების დაცვას გარემოსათვის უსაფრთხო მიკრობიოლოგიური საშუალებებით. 1965 წელს დაიცვა საკანდიდატო დისერტაცია მწერების ვირუსულ პათოლოგიაში (ამ საკითხს იგი იკვლევდა გამოჩენილი გენეტიკოსის, აკადემიკოს ს. გერშენზონის ხელმძღვანელობით, კიევი). ცისია ჩხუბიანიშვილის მიერ პირველად საქართველოსათვის „სასარგებლო ვირუსების“ ძიება აღნიშნულია ს. გერშენზონის მონოგრაფიაში — С. М. Гершензон „Тропой Генетики“, Киев, Наукова Думка,1992. 1968-1969 წლებში სამეცნიერო სტაჟირება გაიარა ჩეხოსლოვაკიის მეცნიერებათა აკადემიის ენტომოლოგიის ინსტიტუტში (პრაღა) მწერების პათოლოგიასა და მცენარეთა მიკრობიოლოგიურ დაცვაში, სადაც სახელგანთქმულ მეცნიერ, პროფესორ იაროსლავ ვაიზერთან ერთად გამოქვეყნებულმა შრომებმა საერთაშორისო აღიარება მოუტანა. ცისია ჩხუბიანიშვილის მიერ გამოვლენილი და აღწერილი მეცნიერებისათვის ახალი ვირუსების სახეობები შეტანილია კატალოგში — В. В. Гулий „Микроорганизмы полезные для виометода“, Издательство „Наука“, Новосибирск, 1981. 1973 წელს, როგორც სსრკ სასოფლო-სამეურნეო დელეგაციის წევრი მივლინებული იყო იაპონიაში, საიდანაც მის მიერ ინტროდუცირებული ვირუსების ახალი სახეობები საბჭოთა კავშირის მთელი რიგი სამეცნიერო ცენტრების კვლევის საგანი გახდა, მისი საქმიანობით შემდგომში, 1977 წელს დაინტერესდა ცნობილი იაპონელი მეცნიერი კასუმასა კატაგირი, მათი ერთობლივი სამეცნიერო ნაშრომი გამოქვეყნდა ჟურნალში — „Вопросы вирусологии“, №7, 1983. Москва. 1988 წელს ცისია ჩხუბიანიშვილმა ი. შმალგაუზენის სახელობის უკრაინის მეცნიერებათა აკადემიის ზოოლოგიის ინსტიტუტში დაიცვა დისერტაცია ბიოლოგიის მეცნიერებათა დოქტორის სამეცნიერო ხარისხის მოსაპოვებლად. იგი მონაწილეობდა საქართველოში, ყოფილი საბჭოთა კავშირის რესპუბლიკებში და უცხოეთის ქვეყნებში (რუსეთი, ჩეხოსლოვაკია, პოლონეთი, ბულგარეთი, დანია, გერმანია, იტალია, საბერძნეთი, ისრაელი, ჩინეთი, იაპონია, აშშ) გამართულ კონფერენციებში. გამოქვეყნებული აქვს 100-მდე სამეცნიერო ნაშრომი. მოამზადა 10 მეცნიერებათა კანდიდატი. საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის ლ. ყანჩაველის სახელობის მცენარეთა დაცვის სამეცნიერო-კვლევით ინსტიტუტში ხელმძღვანელობდა ბიოლოგიური კონტროლის განყოფილებას. მისი საშუალებით აშშ საერთაშორისო განვითარების სააგენტოს ეგიდით, საფუძველი ჩაეყარა სამეცნიერო ურთიერთობას ისრაელსა და საქართველოს შორის.

ბიბლიოგრაფია

რედაქტირება
  • საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენცია მცენარეთა ბიოლოგიური დაცვა, პრობლემები და თანამედროვე მიღწევები = International scientific conference Biological plant protection, problems and contemporary achievements: შრომები, თბ., უნივერსალი, 2012, გვ. 80

ლიტერატურა

რედაქტირება
  • კახეთის გამოჩენილი ადამიანები, ოთარ ნაცარაშვილი, თბ., 2001, გვ. 197

რესურსები ინტერნეტში

რედაქტირება