ჩორლულუ დამატ ალი-ფაშა (თურქ. Çorlulu Damat Ali Paşa; დ. 1670, ჩორლუ, ოსმალეთის იმპერია — გ. 1711, ლესბოსი, საბერძნეთი) — ოსმალეთის იმპერიის სახელმწიფო მოღვაწე. დიდი ვეზირი 1706-1710 წლებში, სულთან აჰმედ III-ის მმართველობის პერიოდში.

ჩორულულუ დამატ ალი-ფაშა
Çorlulu Damat Ali Paşa
ოსმალეთის დიდი ვეზირი
მმართ. დასაწყისი: 3 მაისი, 1706
მმართ. დასასრული: 15 ივნისი, 1710
წინამორბედი: ბალთაჯი მეჰმედ-ფაშა
მემკვიდრე: ქოფრიულიუ ნუმან-ფაშა
მონარქი: აჰმედ III
პირადი ცხოვრება
დაბ. თარიღი: 1670
დაბ. ადგილი: ჩორლუ, ოსმალეთის იმპერია
გარდ. თარიღი: 1711
გარდ. ადგილი: ლესბოსი, საბერძნეთი
მეუღლე: ემინე სულთანი
რელიგია: ისლამი

დაიბადა 1670 წელს, ჩორლუში. ალი ნიჭიერი დიპლომატი იყო და ეს სამეფო კარზე არ გამმოჰპარვიათ. საკუთარი ნიჭი მას ძალიან უწყობდა ხელს კარიერულ წინსვლაში. აჰმედ III-მ 1703 წელს იგი დანიშნა ალეპოს ბეგლარბეგად. 1704 წელს იგი ოსმალეთის ფლოტის მეთაური, ანუ კაპუდან-ფაშა გახდა, ხოლო 1706 წლის 3 მაისს, სულთან აჰმედმა იგი ბალთაჯი მეჰმედ-ფაშას ნაცვლად ოსმალეთის იმპერიის დიდ ვეზირად დანიშნა.

1708 წელს ჩორლულუ ალი-ფაშა დაქორწინდა ოსმალეთის იმპერიის ყოფილი სულთნის, მუსტაფა II-ის ქალიშვილ ემინე სულთანზე, რის შედეგადაც გახდა დამატი (სიძე) ოსმანების დინასტიისა.

შვედეთის მეფე კარლ XII-მ თავშესაფარი სთხოვა სულთან აჰმედ III-ს პოლტავის ბრძოლაში დამარცხების შემდეგ. რუსეთის მეფე პეტრე I ცდილობდა მის დატყვევებას ოსმალეთშიც კი. 1710 წელს კარლ XII-მ დაარწმუნა ოსმალები დაეწყოთ ომი რუსეთის წინააღმდეგ. ალი-ფაშამ ვერ მოახერხა კარგად ეხელმძღვანელა ოსმალეთის არმიისათვის. ამიტომ შვედებმა მას ბრალი დასდეს იმაში, რომ რუსეთისგან ქრთამი აიღო. 1710 წლის 15 ივნისს აჰმედმა იგი ამ პოსტიდან გაათავისუფლა და დანიშნა ფეოდოსიის მმართველად.

ჩორლულუ დამატ ალი-ფაშა გაეგზავრა ფეოდოსიაში, მაგრამ სულთანმა საკუთარი გადაწყვეტილება მოულოდნელად შეცვალა და მანამ ალი ფეოდოსიაში ჩავიდოდა, იგი საბერძნეთის კუნძულ ლესბოსზე გადაასახლა, სადაც რამდენიმე თვის შემდეგ სიკვდილით დასაჯეს.

ლიტერატურა

რედაქტირება
  • Danişmend, İsmail Hâmi, (1961) Osmanlı Devlet Erkâni, İstanbul:Türkiye Yayınevi.
  • Buz, Ayhan, (2009) Osmanlı Sadrazamları, İstanbul: Neden Kitap, ISBN978-975-254-278-5