ქოფრიულიუ ნუმან-ფაშა
ქოფრიულიუ ნუმან-ფაშა (თურქ. Köprülüzade Numan Paşa, ალბ. Numan Pashë Kypriljoti; დ. 1670, სტამბოლი, ოსმალეთის იმპერია — გ. 6 თებერვალი, 1719, ჰერაკლიონი, კრეტა) — ოსმალეთის იმპერიის დიდი ვეზირი ორი თვის განმავლობაში, 1710 წელს, სულთან აჰმედ III-ის მმართველობის პერიოდში.
ქოფრიულიუ დამატ ნუმან-ფაშა | |
---|---|
Köprülü Damat Numan Paşa | |
ოსმალეთის იმპერიის დიდი ვეზირი | |
მმართ. დასაწყისი: | 16 ივნისი, 1710 |
მმართ. დასასრული: | 17 აგვისტო, 1710 |
წინამორბედი: | ჩორლულუ ალი-ფაშა |
მემკვიდრე: | ბალთაჯი მეჰმედ-ფაშა |
მონარქი: | აჰმედ III |
პირადი ცხოვრება | |
დაბ. თარიღი: | 1670 |
დაბ. ადგილი: | სტამბოლი, ოსმალეთის იმპერია |
გარდ. თარიღი: | 6 თებერვალი, 1719 |
გარდ. ადგილი: | ჰერაკლიონი, კრეტა |
მეუღლე: | აიშე სულთანი |
დინასტია: | ქოფრიულიუები |
მამა: | ქოფრიულიუ ფაზილ მუსტაფა-ფაშა |
რელიგია: | ისლამი |
ბიოგრაფია
რედაქტირებაქოფრიულიუ ნუმან-ფაშა 1670 წელს სტამბოლში დაიბადა. იგი იყო ალბანური წარმოშობის, ოსმალეთში ძალიან ცნობილი და გავრცელებული გვარის, ქოფრიულიუს წარმომადგენელი, ქოფრიულიუ ფაზილ მუსტაფა-ფაშას შვილი. ნუმან-ფაშა არის თავისი გვარის ბოლო, მეექვსე წარმომადგენელი ოსმალეთის იმპერიის დიდი ვეზირის პოსტზე.
1696 წლიდან ის ოსმალეთის არმიაში მსახურობდა. მან მონაწილეობა მიიღო ავსტრიის წინააღმდეგ ბრძოლაში და 1697 წელს მიიღო ვეზირის წოდება. 1700 წელ ქოფრიულიუ ნუმან-ფაშა დანიშნეს ერზურუმის ბეგლარბეგად. 1703 წელს მას დაავალეს კუნძულ ეუბეას დაცვა.
1705 წლის თებერვალში ის კრეტის გამგებლად დაინიშნა. 1706 წელს ეს პოსტი დაატოვებინეს, მაგრამ 1707 წელს ის უკვე მეორედ გახდა კუნძულის გამგებელი.
ის ორი წელი იყო კრეტაზე, ხოლო 1709 წელს კიდევ უფრო დააწინაურეს და ბელგრადის გამგებლად დანიშნეს. ამ პოსტზე ის 1710 წლის ზაფხულამდე დარჩა.
დიდი ვეზირი
რედაქტირება1710 წლის 16 ივნისს იგი ჩორლულუ ალი-ფაშას ნაცვლად გახდა დიდი ვეზირი. მმართველობის დასაწყისში მას როგორც სამეფო კარზე, ისე ხალხში ძალიან კარგი რეპუტაცია ჰქონდა, რადგან ცნობილი იყო, თუ როგორი პატიოსანი ადამიანი და გამოცდილი სამხედრო ლიდერი იყო ნუმან-ფაშა.
ამ დროს ოსმალეთის იმპერიაში დახმარების სათხოვნელად ჩამოსული იყო 1709 წელს პოლტავის ბრძოლაში დამარცხებული შვედეთის მეფე კარლ XII. მან დაარწმუნა აჰმედ III, რომ დაეწყო ომი პეტრე I-ის წინააღმდეგ (იხ. რუსეთ-ოსმალეთის ომი (1710-1713). ქოფრიულიუ ნუმან-ფაშა დაჰპირდა კარლს, რომ გაუგზავნიდა დიდ არმიას ბალტიის ზღვის გავლით პოლონეთში, მაგრამ ეს გეგმა ძალიან სარისკო და რთულად განსახორციელებელი იყო.
ქიფრიულიუ ნუმან-ფაშას სისასტიკით გამოირჩა სტამბოლში მცხოვრები ქრისტიანების მიმართ, რის შედეგადაც ოსმალეთის იმპრიის საზღვრებს გარეთ მისით ძალიან უკმაყოფილონი იყვნენ.
აჰმედ III იძულებული გახდა მოეხსნა ქოფრიულიუ ნუმან-ფაშა დიდი ვეზირის პოსტიდან, მმართველობის დაწყებიდან ორი თვის შემდეგ. 17 აგვისტოს იმპერიის დიდ ვეზირად ბალთაჯი მეჰმედ-ფაშა დაინიშნა.
დიდი ვეზირის პოსტიდან გათავისუფლების შემდეგ
რედაქტირებამიუხედავად იმისა, რომ ქოფრიულიუ ნუმან-ფაშა აღარ იყო დიდი ვეზირი, მაინც საკმაოდ მნიშვნელოვანი ადგილი ეჭირა იმპერიაში და მაღალ თანამდებობებზე რჩებოდა. ის ხშირად მეთაურობდა იმპერიის არმიას. მისი მეთაურობით ოსმალეთის არმიამ ბრწყინვალე გამარჯვებები მოიპოვა ავსტრიასა და ბოსნიასთან, ავსტრიელთა მიერ ბელგრადის დაპყრობის შემდეგ (1717 წ.).
ნუმან-ფაშა მისივე თხოვნით, სულთან აჰმედ III-მ მესამედ დანიშნა კრეტის გამგებლად. მაგრამ ის უკვე ავადმყოფობდა და ჰერაკლიონში ჩასვლიდან ცოტა ხნის შემდეგ, 1719 წლის 6 თებერვალს გარდაიცვალა.
ოჯახი
რედაქტირება1710 წელს, როცა ქოფრიულიუ ნუმან-ფაშა იმპერიის დიდი ვეზირი გახდა, იგი დაქორწინდა ოსმალეთის იმპერიის ყოფილი სულთნის, მუსტაფა II-ის შვილ აიშე სულთანზე. ამის შედეგად ნუმან-ფაშა გახდა დამატი (სიძე) ოსმანების დინასტიისა.
ლიტერატურა
რედაქტირება- Danışmend, İsmail Hami, (1971) Osmanlı Devlet Erkâni, İstanbul: Türkiye Yayınevi,
- Buz, Ayhan (2009) " Osmanlı Sadrazamları", İstanbul: Neden Kitap, ISBN 978-975-254-278-5
- Toksoy, Cemal "Numan Paşa (Köprülüzade)" (1999) Yaşamları ve Yapıtlarıyla Osmanlılar Ansiklopedisi, İstanbul:Yapı Kredi Kültür Sanat Yayıncılık A.Ş. C.1 s.543 ISBN:975-08-0072-9
- Mehmed Süreyya (haz. Nuri Akbayar) (1996), Sicill-i Osmani, İstanbul:Tarih Vakfı Yurt Yayınları ISBN:975-333-0383 C.IV s.568-569 [1]