ჩინეჩიტა (იტალ. Cinecittà — „კინოს ქალაქი“, „კინოქალაქი“) — კინოსტუდიის კომპლექსი რომში, იტალია, რომლის ფართობი შეადგენს 400 000 მ²-ზე მეტს და წარმოადგენს ყველაზე დიდ კინოსტუდიას ევროპაში. ითვლება იტალიური კინოს ცენტრად. განლაგებულია რომის გარეუბნის სამხრეთ-აღმოსავლეთით, ტუსკულანის გზის მიმდებარე ტერიტორიაზე, ქალაქის ცენტრიდან დაახლ. 9 კილომეტრში.[1][2]

ჩინეჩიტა
Cinecittà
ჩინეჩიტა (იტალია)
ზოგადი ინფორმაცია
არქიტექტურული სტილი რაციონალიზმი
ქვეყანა იტალიის დროშა იტალია
ქალაქი რომი
მდებარეობა რომი, იტალია
მისამართი Via Tuscolana, 1055
კოორდინატები 41°51′00″ ჩ. გ. 12°34′00″ ა. გ. / 41.8500000° ჩ. გ. 12.5666694° ა. გ. / 41.8500000; 12.5666694
დამკვეთი Cinecittà Studios
მფლობელი Istituto Luce Cinecittà
დაიწყო 30 იანვარი, 1936
დასრულდა 21 აპრილი, 1937
გაიხსნა 28 აპრილი, 1937
ზომები და ტექნიკური დეტალები
ფართობი ≈ 400 000 მ² და მეტი
არქიტექტორ(ებ)ი ჯინო პერესუტი
იტალ. Gino Peressutti
მთავარი კონტრაქტორი კარლო რონკორონი
იტალ. Carlo Roncoroni
საიტი
cinecittastudios.it

კინოსტუდიაში სხვადასხვა დროს მუშაობდნენ იტალიური და მსოფლიო კინოხელოვნების აღიარებული წარმომადგენლები. მათ შორის რეჟისორები და მსახიობები — ფედერიკო ფელინი, ეტორე სკოლა, რობერტო როსელინი, ლუკინო ვისკონტი, სერჯო ლეონე, ვიტორიო დე სიკა, ბერნარდო ბერტოლუჩი, ფრენსის ფორდ კოპოლა, მარტინ სკორსეზე, რობერტო ბენინი, მელ გიბსონი, ალბერტო სორდი, ანა მანიანი, სოფი ლორენი, ჯინა ლოლობრიჯიდა, კლაუდია კარდინალე და სხვ. კინოსტუდიის არსებობის მანძილზე, აქ გადაიღეს 3000 ფილმზე მეტი, რომელთაგან 90 ფილმს ერგო „ოსკარის“ ნომინაცია, მათგან 47-მა ჯილდო მოიპოვა.

კინოსტუდია დაარსდა 1937 წელს. მისი დამფუძნებლები იყვნენ ბენიტო მუსოლინი, მისი შვილი ვიტორიო და იტალიელი ჟურნალისტი და პოლიტიკოსი ლუიჯი ფრედი (იტალ. Luigi Freddi). კინოსტუდიის დაარსების მთავარი სლოგანი იტალიურად ასე ჟღერდა — „Il cinema è l'arma più forte“ („კინო ყველაზე მძლავრი იარაღია“). მისი შექმნის მთავარ მიზანს წარმოადგენდა, როგორც მმართველი რეჟიმის პოლიტიკური იდეების პროპაგანდა, ასევე იტალიური კინოწარმოების აღორძინების მხარდაჭერა, რომელიც 1930-იანი წლების დასაწყისში უკიდურესად მძიმე კრიზისს განიცდიდა.

კინოსტუდია გაიხსნა 1937 წლის 28 აპრილს. გახსნის ღონისძიებაში მუსოლინიმ პირადად მიიღო მონაწილეობა.[3]

კინოსტუდიის მაღალტექნოლოგიურ განვითარებას მოწმობდა ისეთი ადრეული ფილმები, როგორებიც არიან „Scipione l'africano“ (1937) და „La corona di ferro“ (1941). საყურადღებოა, რომ „Scipione l'africano“-ს ბრძოლის სცენების გადაღებაში შვიდი ათასამდე ადამიანმა მიიღო მონაწილეობა, ხოლო ზამის ბრძოლის ეკრანიზებისთვის ცოცხალი სპილოები იქნა გამოყენებული. 1943 წლამდე კინოსტუდიაში 300-მდე ფილმი გადაიღეს.[4]

მეორე მსოფლიო ომის დროს დასავლეთის მოკავშირეების მიერ რომის დაბომბვისას კინოსტუდიის ერთი ნაწილი განადგურდა. ომისშემდგომ პერიოდში, 1945-დან 1947 წლამდე კინოსტუდია ლტოლვილთა თავშესაფრად გამოიყენებოდა. დაახლ. 3000 ლტოლვილი ცხოვრობდა კინოსტუდიის ტერიტორიაზე, რომელიც ორ ბანაკად იყო გაყოფილი. პირველ ბანაკს წარმოადგენდა იტალიური ბანაკი, სადაც იტალიელებთან ერთად, კოლონიზებული ლიბიიდან და დალმაციიდან იძულებით გადაადგილებული პირები ცხოვრობდნენ. მეორე ბანაკს წარმოადგენდა საერთაშორისო ბანაკი, სადაც განთავსებული იყვნენ ლტოლვილები იუგოსლავიიდან, პოლონეთიდან, ეგვიპტიდან, ირანიდან და ჩინეთიდან.[5]

1950-იან წლებში აქ გადაიღეს რამდენიმე ფართომასშტაბიანი ამერიკული კინოპროექტი, მათ შორის „ბენ-ჰური“. ამავე პერიოდში სტუდია ფედერიკო ფელინის მოღვაწეობასთან ასოცირდება.[6][7][8]

1980-იან წლებში გაკოტრების თავიდან ასაცილებლად იტალიის მთავრობამ კინოსტუდიის პრივატიზება ჩაატარა.

1991 წელს კინოსტუდიის კომპლექსმა ევროვიზიის სიმღერის რიგით 36-ე კონკურსს უმასპინძლა. ორგანიზატორების თავდაპირველი გადაწყვეტილებით კონკურსი სან-რემოში უნდა გამართულიყო. თუმცა, სპარსეთის ყურეში მიმდინარე ომისა და იუგოსლავიაში არსებული მზარდი დაძაბულობის გამო, მეტი დაცულობისა და უსაფრთხოების მიზნით, იტალიის საზოგადოებრივმა სამაუწყებლო ტელე-რადიო კომპანიამ (იტალ. Radiotelevisione italiana - RAI) კონკურსის სან-რემოდან რომში გადატანა არჩია.

1995 წელს კინოსტუდიის კომპლექსის ტეროტორიაზე კინემატოგრაფიის 100 წლისთავისადმი მიძღვნილი გამოფენა მოეწყო.

2007 წლის 9 აგვისტოს ხანძარმა კინოსტუდიის 32000 კვ. ფუტი მიდამო გაანადგურა. ისტორიული ნაწილი, რომელშიც კლასიკური ნამუშევრების მასალებია შენახული არ დაზიანებულა.[9][10][11]

რესურსები ინტერნეტში

რედაქტირება
 
ვიკისაწყობში არის გვერდი თემაზე:
  1. Ricci, Steven (1 თებერვალი, 2008). Cinema and Fascism: Italian Film and Society, 1922–1943. University of California Press, გვ. 68-69–. ISBN 978-0-520-94128-1. 
  2. იტალიური პოლიტიკური კინო. ციტატა: „ყველაზე მთავარი მოვლენა კი 1937 წელს რომში „ჩინეჩიტას“ გახსნაა. „ჩინეჩიტა“ კინოქალაქი იყო, რომელშიც სულ 16 სტუდია იყო განთავსებული. ასევე ქუჩები, ბაღები, მოედნები, რესტორნები, ლაბორატორიები და სხვა ელემენტები, რაც კინოს გადაღებებისთვისაა საჭირო. გახსნის ცერემონიალს დაესწრო ბენიტო მუსილინი, რომელიც თვითონ დიდი მონდომებით იყო ჩართული კინოქალაქის მშენებლობაში.“ წაკითხვის თარიღი: 7 დეკემბერი, 2021.
  3. Bondanella, Peter E. (2001). Italian Cinema: From Neorealism to the Present (en). Continuum, გვ. 13. ISBN 978-0-826-41247-8. 
  4. Bondanella, Peter. Italian Cinema From Neorealism to the Present. The Continuum Publishing Company: New York, 1995. გვ. 19.
  5. Steimatsky, Noa. The Cinecittà Refugee Camp (1944–1950). October Spring 2009, No. 128: 22–50.
  6. Levy, Shawn (2016). Dolce Vita Confidential. London: Weidenfeld and Nicolson, გვ. 265, 277. ISBN 978-1-474-60615-8. 
  7. Wyatt, Daisy. Cinecittà studios: Famous films shot in Italy's most iconic studios (28 აპრილი, 2008).
  8. Federico, Fellini (1989) Regista a Cinecittà. London, England: Studio Vista, გვ. 178-182. ISBN 0289-80028-5. 
  9. „Fire torches film sets at Rome's historic Cinecitta“. Canadian Broadcasting Corporation. 10 აგვისტო, 2007. ციტირების თარიღი: 20 მაისი, 2019. ციტატა: „A fire ripped through part of Italy's Cinecitta film studios late Thursday, destroying sets at the famed production complex where directors from Martin Scorsese to Federico Fellini haveshot films. Firefighters battled overnight to bring the fire under control and prevent the flames from spreading to other areas of the sprawling, historic film studios or to the urban neighbourhood surrounding it. Cinecitta, which celebrated its 70th anniversary in April, is just a few kilometres from the historic centre of Rome.“ შეამოწმეთ თარიღის პარამეტრი |accessdate= და |date=-ში (დახმარება)
  10. „Incendio a Cinecittà: le fiamme avvolgono lo storico Teatro 5“ [Fire at Cinecittà: flames surround historic Studio 5] (იტალიური). RomaToday. 12 ივლისი, 2012. ციტატა: „Qui Fellini ha girato Amarcord e la Dolce Vita. Di recente era stato trasformato in uno studio tv che ha ospitato Fiorello e Paolo Bonolis. Stanotte le fiamme che hanno reso praticamente inagibile la struttura“ შეამოწმეთ თარიღის პარამეტრი |date=-ში (დახმარება)
  11. Michael Day (13 დეკემბერი, 2013). „Decline and fall of Rome’s cinematic empire: The end for Italy’s famed Cinecitta studios?“. The Independent. ციტატა: „It has created cinema classics from Ben Hur to the neo-baroque masterpieces of Federico Fellini. But now, following the third mysterious fire in six years, the drama at Rome’s Cinecittà studios appears to concern the site itself.“ შეამოწმეთ თარიღის პარამეტრი |date=-ში (დახმარება)