ჩაღათა-ხანი

(გადამისამართდა გვერდიდან ჩაღათა)

ჩაღათა (დ. 1183 — გ. 1 ივლისი, 1242) — მონღოლი ხანი, სარდალი, ჩინგიზ-ყაენისა და ბორტეს მეორე შვილი.

ჩაღათა-ხანი
Цагадай Хаан
ჩაღათას სახანოს 1-ლი ხანი
მმართ. დასაწყისი: 1226
მმართ. დასასრული: 1242
წინამორბედი: სახანო დაარსდა
მემკვიდრე: ყარა-ჰულაგუ
პირადი ცხოვრება
დაბ. თარიღი: 1183
გარდ. თარიღი: 1 ივლისი, 1242
მეუღლე: იესულუნ ხათუნი
თოღან ხათუნი
შვილები: მოთიუქენი
ბაიდარი
იესუ-მონგღე
დინასტია: ჩინგიზიდები
მამა: ჩინგიზ-ყაენი
დედა: ბორტე

ჩაღათა აქტიურად მონაწილეობდა ჩინგიზ-ყაენის ლაშქრობებში. 1208 წელს გაილაშქრა ციმბირზე, გადაწვა და ააწიოკა სლავური და თათრული დასახლებები. 1219-1220 წლებში ძმებთან და ბიძებთან ერთად დაიპყრო ხვარაზმი. 1221 წელს ავღანეთში, ბამიანის აღების დროს დაკარგა უფროსი ვაჟი, მოთიუქენი.

1224 წელს დაპყრობილი მიწების განაწილებისას ჩაღათამ საუფლისწულო მამული მიიღო ცენტრალური აზიის ოლქში, რომელსაც ჩაღათას სახანო უწოდა. ქვეშევრდომებისაგან მოითხოვდა მონღოლური კანონების მტკიცედ დაცვას. გამოირჩეოდა რელიგიური შემწყნარებლობით ქრისტიანების მიმართ, ისლამს კი პატივს არ სცემდა და მუსლიმებს საგრძნობლად ავიწროვებდა. ჩაღათა ნომინალურად აღიარებდა უგედეი-ყაენის უზენაესობას, მაგრამ სარგებლობდა სრული თავისუფლებით და დამოუკიდებლად მართავდა სახანოს.

1242 წელს, მისი გარდაცვალების შემდეგ ჩაღათაიდების ლიდერი გახდა სწორედ მისი უფროსი ვაჟის, მოთიუქენის შვილი, ყარა-ჰულაგუ. ჩაღათას შთამომავლებმა ოქროს ურდოსა და ილხანთა საყაენოს მმართველებისგან განსხვავებით, ვერ შეძლეს ძლიერად ემართათ სახანო. XIV საუკუნის 40-იან წლებში ჩაღათას ულუსი ორ ნაწილად დაიშალა.

იხილეთ აგრეთვე

რედაქტირება

ლიტერატურა

რედაქტირება