შიშველთესლოვნები

(გადამისამართდა გვერდიდან შიშველთესლოვანი მცენარეები)

შიშველთესლოვნები (ლათ. Gymnospermae) — თესლოვან მცენარეთა ყველაზე ძველი დანაყოფების საერთო სახელი. შუალედური ადგილი უკავიათ გვიმრებსა და ფარულთესლოვან მცენარეთა შორის. გვიმრებისაგან განსხვავებით მათ აქვთ თესლკვირტები, ფარულთესლოვნებისაგან განსხვავებით კი არ გააჩნიათ ნაყოფის ფოთოლი (მტვრის მარცვალი უშუალოდ თესლკვირტზე ეცემა).

შიშველთესლოვნები
აღწერა
მცენარეების ჯგუფი
სახელის სტატუსი
მოძველებული ტაქსონი
სამეცნიერო სახელი
Gymnospermae
მშობლიური ტაქსონი
თესლოვანი მცენარეები (Spermatophyta)
განყოფილებები
  • წიწვოვნები (Pinophyta)
  • Ginkgophyta
  • Cycadophyta
  • Gnetophyta

შიშველთესლოვნებს, მათ შორის ყველა თანამედროვე სახეობას, აქვს სტრობილები — დამოკლებული რეპროდუქციული ყლორტები, რომლებზეც განლაგებულია სპოროფილები. შიშველთესლოვნები მხოლოდ ხეები ან ბუჩქებია, ზოგიერთი ძალიან დიდი იზრდება. შიშველთესლოვნების ნაწილი ძლიერ არის დატოტვილი და წვრილი ქერქლისებრი ფოთლები აქვს, ნაწილი დაუტოტავი ან სუსტად დატოტვილია, მათ შედარებით დიდი, მეტწილად ფრთისებრი ფოთლები აქვთ. უმრავლესობის ქსილემის წყალგამტარი ელემენტები მხოლოდ ტრაქეიდებია; ჭურჭლები მარტო ველვიჩიას, გნეტუმს და ეფედრას აქვს.

შიშველთესლოვნები განსხვავებულსპორიანი მცენარეებია; მიდროსპოროფილები და მეგასპოროფილები განსხვავდებიან ფორმით, ზომით და აგებულებით. უძველეს და პრიმიტიულ თესლოვან გვიმრებს სტრობილები არ უვითარდებოდათ. მიკრო- და მეგასპოროფილები თავისუფლად ისხდნენ ჩვეულებრივ გრძელ ყლორტებზე. დანარჩენი შიშველთესლოვნების სპოროფილები თავმოყრილია მეტ-ნაკლებად კომპაქტურ სტრობილებში. შიშველთესლოვნების უმრავლესობის სტრობილები ერთსქესიანია. შიშველთესლოვნები ცნობილია ზედა დევონური პორიოდიდან; კარბონულსა და პერმულ პერიოდებში უკვე გვხვდება შიშველთესლოვნების მრავალი რიგის წარმომადგენლები, რომლებიც განსაკუთრებით განვითარდნენ მეზოზოურ პერიოდში. ამჟამად ცნობილია შიშველთესლოვნების 600-მდე სახეობა, რომელთა უმრავლესობა წიწვოვანებს მიეკუთვნება.

ლიტერატურა

რედაქტირება

რესურსები ინტერნეტში

რედაქტირება