შაჰნავაზ ტანაი
შაჰნავაზ ტანაი პუშტუ شهنواز تڼی | |
ავღანეთის თავდაცვის მინისტრი | |
---|---|
თანამდებობაზე ყოფნის დრო | |
მაისი 1988 – 6 მარტი 1990 | |
წინამორბედი | მუჰამედ რაფი |
მემკვიდრე | მუჰამედ ასლამ ვათანჯარი |
გენერალური შტაბის უფროსი | |
თანამდებობაზე ყოფნის დრო | |
დეკემბერი 1984 – მარტი 1990 | |
წინამორბედი | მუჰამედ ნაზარი |
მემკვიდრე | მუჰაედ ასიფ დელავარი |
დაბადებული | 1950 ხოსტი, ფაქთიის პროვინცია, ავღანეთის სამეფო |
გარდაცვლილი | 7 მარტი 2022 ისლამაბადი |
მოქალაქეობა | ავღანეთი |
წოდება | გენერალ-პოლკოვნიკი |
გენერალ-ლეიტენანტი შაჰნავაზ ტანაი ( პუშტუ شهنواز تڼی , დ.1950, ფაქთიის პროვინცია — 7 მარტი, 2022 ) — ავღანელი სახელმწიფო მოღვაწე და სამხედრო ლიდერი, ავღანეთის თავდაცვის მინისტრი (1988-1990 წწ). საკადრო ოფიცრის რანგში სცადა სამხედრო გადატრიალების მოწყობა პრეზიდენტ ნაჯიბულას წინააღმდეგ, რომელიც სამთავრობო ძალებმა ჩაახშეს. წარუმატებელი გადატრიალების შემდეგ 1990 წელს გადავიდა პაკისტანში და მუშაობდა ფუნდამენტალისტებთან. 2005 წელს დაბრუნდა ავღანეთში და შქმნა პოლიტიკური პარტია.[1] შაჰნავაზ ტანაის უწოდებენ „რადიკალ ნაციონალისტს “რომელიც, მიუხედავად მისი პროსაბჭოური პოზიციისა, მაინც ინარჩუნებდა საიდუმლო კონტაქტებს ზოგიერთ მოჯაჰიდთან.[2]
ადრეული წლები და არმიის გენერალი
რედაქტირებაშაჰნავაზ ტანაი დაიბადა 1950 წელს ხოსტის პროვინციის სოფელ დარგალში, ღარიბი პუშტუნების ოჯახში, სინაკის ტომიდან. [4] დაამთავრა ქაბულის სამხედრო ლიცეუმი და შემდეგ განათლება საბჭოთა კავშირში მიიღო, სადაც ჯერ ქვეითი ჯარების ტაქტიკა შეისწავლა, გამოირჩეოდა ლიდერული უნარებით.
1978 წელს დაქორწინდა.
1978 წლის 27 აპრილის გადატრიალების შემდეგ, რომლის დროსაც პრეზიდენტი მუჰამედ დაუდ ხანი ჩამოაგდეს და მოკლეს, ტანაი ქტიურად მონაწილეობდა საურის რევოლუციაში. დაინიშნა სამხედრო დაზვერვის უფროსად. შეუერთდა ავღანეთის სახალხო-დემოკრატიულ პარტიას და იყო ფრაქცია „ ხალიკის“ წევრი. [5] 1978 წლიდან 1980 წლამდე მსახურობდა კომანდოსის ბატალიონის მეთაურად. 1980 წელს გახდა ცენტრალური (1-ლი) არმიის კორპუსის მეთაური, ხოლო 1984 წელს — გენერალური შტაბის უფროსი. ამავე დროს, 1986 წლის 22 მაისიდან იყო ავღანეთის დემოკრატიული რესპუბლიკის თავდაცვის საბჭოს წევრი და ოპერატიული განყოფილების უფროსი თავდაცვის საბჭოს ჯგუფში. [5] 1984 წლიდან გახდა ავღანეთის სახალხო-დემოკრატიული პარტიის ცენტრალური კომიტეტის წევრი, ხოლო 1987 წლის ოქტომბრიდან — პარტიის ცენტრალური კომიტეტის პოლიტბიუროს კანდიდატი. 1988 წლის 17 აგვისტოს დაინიშნა ავღანეთის თავდაცვის მინისტრად.
1989 წლის აგვისტოში ქაბულში აღმოაჩინეს იატაკქვეშა დივერსიული და ტერორისტული ორგანიზაცია, რომლის მიზანს წარმოადგენდა მმართველი ხელისუფლების დამხობა. შეთქმულებს შორის იყვნენ ავღანეთის არმიის ოფიცრები. წლის ბოლომდე დააკავეს 127 ადამიანი, მათ შორის ავღანეთის არმიის რამდენიმე გენერალი. ხსენებული ფაქტით აღშფოთებულმა ტანაიმ ერთ დღეს პრეზიდენტის კაბინეტიდან გასვლისას განაცხადა: „ეს არის შეთქმულება პირადად ჩემსა და ხალკისტების წინააღმდეგ.“ მან თავდაცვის სამინისტროს შეაფარა თავი და ჯარში მღელვარების გამოწვევის მუქარით, დაკავებული გენერლების გათავისუფლება მოითხოვა. ნაჯიბულამ საბოლოოდ გაათავისუფლა ოთხი გენერალი. თუმცა, ამით არ დასრულებულა კონფლიქტი თავდაცვის მინისტრსა და პრეზიდენტს შორის.[6]
1990 წლის მარტის გადატრიალება
რედაქტირება1990 წლის 6 მარტს შაჰნავაზ ტანაი სათავეში ჩაუდგა შეიარაღებულ აჯანყებას ნაჯიბულას წინააღმდეგ. დილით ოფიცერთა ჯგუფთან და ძლიერ დაცვასთან ერთად მივიდა ბაგრამის აეროდრომზე, ქაბულის ჩრდილოეთით 50 კმ-ში. მის მხარეს იყვნენ მე-4 და მე-15 სატანკო ბრიგადები, ასევე 52-ე სასიგნალო პოლკი და 40-ე დივიზია. გენერალმა პირადად გასცა ბრძანება ქაბულის დაბომბვისა და ქალაქზე თავდასხმის განხორციელების შესახებ. სასტიკი ბრძოლები გაიმართა სამთავრობო ჯარებსა და ამბოხებულებს შორის თავდაცვის სამინისტროს მიდამოებში და ბაგრამის ავიაბაზის გარშემო. შედეგად, სამთავრობო ჯარებმა მოახერხეს პუტჩისტების წინააღმდეგობის ჩახშობა.
7 მარტს, 12:25 საათზე, ტანაი, სხვა მეამბოხე გენერლებთან და მათ ოჯახებთან ერთად, ბაგრამის აეროდრომიდან პაკისტანში გაფრინდა, სადაც შეხვდა პაკისტანის სახმელეთო ჯარების ხელმძღვანელ გენერალ ასლამ ბეგს და პაკისტანის დაზვერვის უფროსს შამსურს. შეხვედრაში მონაწილეობა მიიღო რაჰმან კალლუმ და შეიარაღებული ოპოზიციური ძალების გულბუდინ ჰეკმათიარის ერთ-ერთმა ლიდერმა. მეორე დღეს, ავღანეთის სახალხო-დემოკრატიული პარტიის ცენტრალური კომიტეტის პოლიტბიუროს სხდომაზე, ტანაის დაატოვებინეს წევრების რიგები, ხოლო 18 მარტს ცენტრალური კომიტეტის პლენუმმა იგი პარტიიდან გარიცხა.
1990 წლის შემდგომ
რედაქტირებაამბოხის წარუმატებლობის შემდეგ, ტანაი, ზოგიერთი წყაროს თანახმად, გარკვეული პერიოდის განმავლობაში მეთაურობდა ავღანეთის ისლამური პარტიის ჯარებს ლოგარის პროვინციაში, სხვა ინფორმაციით, 1996 წელს მან მონაწილეობა მიიღო თალიბანის სამხედრო ოპერაციების დაგეგმვასა და ჩატარებაში ნანგარჰარში და ჰერათში . 1996 წლის 27 სექტემბერს თალიბებმა აიღეს ქაბული და მოკლეს ნაჯიბულა და მისი ძმა, რომლებიც გაეროს მისიას აფარებდნენ თავს 1992 წელს ავღანეთის სახალხო-დემოკრატიული პარტიის რეჟიმის რეჟიმის დაცემის შემდეგ.
ტანაი ბოლო დროს იყო ავღანეთის მშვიდობის მოძრაობის ( De Afghanistan De Solay Ghorzang Gond ) პარტიის ლიდერი. 2005 წელს ჩავიდა ხოსტის პროვინციაში პოლიტიკაში დაბრუნების იმედით. ის ისლამაბადიდან სასაზღვრო ქალაქ თორხამში გაემგზავრა, სადაც ავღანეთში გადავიდა, შემდეგ ის მანქანების კოლონით გადაიყვანეს ქაბულში. 2004 წლის არჩევნებში ის არ იყო საპრეზიდენტო კანდიდატი, მაგრამ მისი მოძრაობა ჩაირიცხა 29-ე პოლიტიკურ პარტიად 2004 წლის არჩევნებისთვის და მოსალოდნელი იყო, რომ მისი გავლენა დააბრუნებდა ავღანელ კომუნისტებს პაკისტანიდან. ასევე აწარმოებდა კამპანიას, რომელიც მიმართული იყო პუშტუნების ყოფილი ჯიჰადის ლიდერებისა და რელიგიური პარტიების როლის გაზრდისკენ და ღიად აკრიტიკებდა შეერთებული შტატების პოლიტიკას, რომელიც ქაბულში ჩრდილოეთის ალიანსის დომინირების შენარჩუნებას ცდილობდა.
2009 წელს მიცემულ ინტერვიუში ტანაიმ განაცხადა, რომ ნატოს ჯარები არაფრით განსხვავდებიან საბჭოთა ჯარებისგან და რომ მათ უნდა დატოვონ ავღანეთი. [7]
2021 წელს თალიბების მიერ ქაბულის ხელში ჩაგდების შემდეგ, ტანაი 2021 წლის ოქტომბერში ქაბულში გადაიღეს გულბუდინ ჰეკმატიართან და ყოფილ პრეზიდენტ ჰამიდ კარზაისთან შეხვედრის დროს.
2022 წლის 7 მარტს გამოცხადდა, რომ ტანაი 72 წლის ასაკში გარდაიცვალა ისლამაბადის საავადმყოფოში.
სქოლიო
რედაქტირება- ↑ "Ex-Defense Minister Shahnavaz Tani Dies in Islamabad".
- ↑ "Archives". Los Angeles Times.
- ↑ DAWN - Features; September 4, 2005.
- ↑ „ТАНАЙ Шах-Наваз“ (რუსული). База персоналий "Кто есть кто в Центральной Азии". დაარქივებულია ორიგინალიდან — 2016-03-04. ციტირების თარიღი: 2011-04-19.
- ↑ 5.0 5.1 „ТАНАЙ Шах-Наваз“ (რუსული). База персоналий "Кто есть кто в Центральной Азии". დაარქივებულია ორიგინალიდან — 2016-03-04. ციტირების თარიღი: 2011-04-19.
- ↑ Crossette, Barbara (21 March 1990). "Failed Kabul Coup Changes Opinions". The New York Times.
- ↑ „شهنواز تنی وزیر دفاع پیشین افغانستان درگذشت“. BBC News. 7 March 2022. ციტირების თარიღი: 7 March 2022.