შაჰინ გირეი (ყირიმ. Şahin Geray, شاهين كراى‎; დ. 1745 — გ. 1787) — ყირიმის უკანასკნელი ხანი, სახანოს მართავდა ორჯერ: 1777–1782 და 1782–1783 წლებში, თოფალ აჰმედ გირეის ვაჟი, დევლეთ II გირეის შვილიშვილი.[1]

შაჰინ გირეი
Şahin Giray
ყირიმის 47-ე და ბოლო ხანი
მმართ. დასაწყისი: 1777
მმართ. დასასრული: 1782
წინამორბედი: დევლეთ IV გირეი
მემკვიდრე: ბაჰადირ II გირეი
ყირიმის ხანი (მეორედ)
მმართ. დასაწყისი: ნოემბერი, 1782
მმართ. დასასრული: 14 აპრილი, 1783
წინამორბედი: ბაჰადირ II გირეი
მემკვიდრე: თანამდებობა გაუქმდა
მონარქი: ეკატერინე II
პირადი ცხოვრება
დაბ. თარიღი: 1745
დაბ. ადგილი: ედირნე, ოსმალეთის იმპერია
გარდ. თარიღი: 1787
გარდ. ადგილი: როდოსი, ოსმალეთის იმპერია
დინასტია: გირეის დინასტია
მამა: თოფალ აჰმედ გირეი
(დევლეთ II-ის ვაჟი)
რელიგია: სუნიტური ისლამი

ბიოგრაფია

რედაქტირება

შაჰინ გირეი იყო დევლეთ II-ის ვაჟის, თოფალ აჰმედ გირეის უმცროსი შვილი. მამა ადრეულ ასაკში დაკარგა და აღიზარდა უფროსი ძმების მიერ. შაჰინი სწავლობდა ვენეციაში, სადაც იმდროისთვის უმაღლესი განათლება მიიღო. 1768 წელს ყირიმში დააბრუნა ბიძამისმა, ყირიმ გირეიმ. 1769 წელს დაინიშნა ბუჯაკის ურდოს მმართველად, 1770 წელს კი ჩაიბარა ედისანის ურდო.

საჰიბ II გირეის ტახტზე ასვლის შემდეგ, შაჰინი გახდა კალგა. 1774 წელს, ყირიმის დამოუკიდებლად გამოცხადების შემდეგ, დიპლომატიური მისიით პეტერბურგში გაიგზავნა. საჰიბ გირეის დამხობის შემდეგ რუსებმა ყუბანის ნოღაელების მეთაურად დაამტკიცეს. 1777 წელს მათსავე დახმარებით შაჰინმა ბახჩისარაი დაიკავა და ხანი გახდა. შეეცადა პრორუსული რეფორმების გატარებას, რამაც გამოიწვია ადგილობრივი დიდებულებისა და მუსლიმი სასულიერო პირების უკმაყოფილება. შაჰინ გირეის პოლიტიკას შეეწინააღმდეგნენ თავისი ძმა ბაჰადირ გირეი და ბიძაშვილები, შაჰინ და არსლან გირეიები.

1780 წლის ბოლოს ყუბანის ურდოში არეულობა დაიწყო. ნოღაელები თურქი სულეიმან აღას მეთაურობით აჯანყდნენ, უარი თქვეს შაჰინ გირეისადმი მორჩილებაზე და გადაწყვიტეს ახალი ხანის არჩევა. 1781 წლის ივლისში ყირიმელებმა დელეგაცია გააგზავნეს პეტერბურგში შაჰინის მხრიდან სისასტიკის, ჩაგვრისა და უსამართლობის შესახებ მრავალი საჩივრით. რა თქმა უნდა, რუსეთის მთავრობამ არ გაითვალისწინა ყირიმელთა პროტესტი და განაგრძო თავისი პროტეჟეს მხარდაჭერა.

1782 წლის მაისში ყირიმის სახანოში ხანის წინააღმდეგ დიდი აჯანყება დაიწყო. ამბოხის მეთაური იყო ჰალიმ გირეი, რომელმაც შეკრიბა 3 ათას კაციანი ჯარი, გაებრძოლა შაჰინ გირეის მომხრეებს და სასტიკად დაამარცხა ისინი. შაჰინი რუსული გარნიზონის მფარველობით ბახჩისახრაიდან კაფაში გაიქცა, იქიდან კი ქერჩში. ბაჰადირ გირეიმ აიღო ბახჩისარაი და თავი ახალ ხანად გამოაცხადა. პარალელურად კაფაში ოსმალების დახმარებით ახალ ნახად მაჰმუდ გირეი გამოცხადდა. ჩამოგდებულმა შაჰინმა დახმარებისთვის იმპერატრიცა ეკატერინე II-ს მიმართა. ბაჰადირმა კი საელჩო გაგზავნა სტამბოლში, ოსმალეთისგან დახმარება მოითხოვა. ეკატერინე დიდმა პრინც გრიგორი პოტიომკინს დაავალა სახანოში აჯანყების ჩახშობა და მისი ანექსია. 1782 წლის ნოემბერში რუსებმა საბოლოოდ ჩაახშეს აჯანყება ბალმენისა და ალექსანდრე სუვოროვის მეთაურობით. იმპერიის არმიამ შეძლო ყველა ამბოხებული გირეის გვარის წარმომადგენლის შეპყრობა. შაჰინ გირეი დაბრუნდა ბახჩისარაიში და დაიწყო თავისი მეამბოხე ნათესავების სიკვდილით დასჯა. რუსების წყალობით სიკვდილს გადაურჩნენ ბაჰადირ II და არსლან გირეი.

შაჰინ გირეის მეორე მმართველობა საკმაოდ ხანმოკლე აღმოჩნდა. რუსების მიერ სახანოს ანექსია გარდაუვალი იყო. 1783 წლის 14 აპრილს იძულებული გახდა ხელი მოეწერა სახანოს გაუქმებაზე და მიიღო რუსეთის იმპერიის მოქალაქეობა. 19 აპრილს გამოიცა საიმპერატორო მანიფესტი, რომლის თანახმადაც ყირიმი რუსეთის იმპერიის შემადგენლობაში შევიდა.

ყირიმში სიტუაციის სტაბილიზაციის მიზნით შაჰინს დაევალა რუსეთის ცენტრალურ პროვინციებში წასვლა. შაჰინ გირეი ჯერ ტაგანროგში, შემდეგ 1784–1787 წლებში ცხოვრობდა ტამანში, ვორონეჟსა და კალუგაში. 1787 წელს შაჰინი ემიგრაციაში წავიდა ოსმალეთის იმპერიაში. იმავე წელს, სულთან აბდულჰამიდ I-ის ბრძანებით გადაასახლეს კუნძულ როდოსზე და ღალატის ბრალდებით სიკვდილით დასაჯეს. მისი შთამომავლები დღეს ცხოვრობენ რუსეთისა და თურქეთის ტერიტორიებზე.

იხილეთ აგრეთვე

რედაქტირება

ლიტერატურა

რედაქტირება
  • О. Гайворонский «Созвездие Гераев»
  • Халим Гирай «Розовый куст ханов» (история крымских ханов)
  1. Гайворонский О. Созвездие Гераев. Симферополь: Доля, 2003. – 107 с.