ნოღაის ურდო — მომთაბარე ტომთა ფეოდალური სახელმწიფო გაერთიანება ახლანდელი ჩრდილო კასპიისპირეთისა და არალისპირეთის ტერიტორიაზე. XIV-XV სს. მიჯნაზე ედიგეის მმართველობის დროს, გამოეყო ოქროს ურდოს. საბოლოოდ ჩამოყალიბდა ედიგეის ვაჟის, ნურადინის მმართველობის (1426-1440 წწ.) დროს. მოსახლეობას შეადგენდნენ თურქულენოვანი ტომები, რომლებიც XIII საუკუნის II ნახევარში შედიოდნენ ნოღაის განმგებლობაში. XV საუკუნის II ნახევარში მათ ნოღაელები ეწოდათ. ნოღაის ურდოს დედაქალაქი იყო ქ. სარაიჩიკი (სარაიჯუკი) მდინარე იაიკის ქვემო წელზე. იგი მნიშვნელოვან სატრანზიტო სავაჭრო პუნქტს წარმოადგენდა. მოსახლეობის ძირითადი საქმიანობა მომთაბარე მესაქონლეობა იყო. XVI საუკუნეში ნოღაელ ფეოდალებს მოსკოვისა და ყაზანის ბაზრებზე გასაყიდად გაჰყავდათ ათიათასობით ცხენი და ცხვარი. ფეოდალურ ურთიერთობებთან ერთად გავრცელებული იყო საოჯახო მონობა.

ნოღაის ურდო

ნოღაის ურდო იყოფოდა ულუსებად, რომელთაც მურზები განაგებდნენ. მთავრის ხელისუფლება გადადიოდა გვარის უფროსობის მიხედვით. XVI საუკუნის II ნახევარში ყაზანისა და ასტრახანის სახანოების რუსეთთან შეერთების შემდეგ, ნოღაის ურდო დაიშალა რამდენიმე ერთეულად - დიდი ნოღაი, მცირე ნოღაი და ალთიულის ურდო. XV საუკუნის პირველ ნახევარში ნოღაის ურდოში შეიქმნა ეპოსი „ედიგეი“, სადაც აისახა ედიგეისა და ოქროს ურდოს ხანის თოხთამიშის ბრძოლა. ეს ეპოსი ფართოდ გავრცელდა თურქულენოვან ხალხებში.

ლიტერატურა

რედაქტირება