გომეწრის ყელყვითლას ციხე — არქიტექტურული, არქეოლოგიური ძეგლი, მდებარეობს დუშეთის მუნიციპალიტეტში, სოფელი გომეწრის ჩრდილოეთით 1,5 კილომეტრზე. მდინარეების გომეწრულისა და შარახევის შესართავთან, ტყიან ქედზე. თარიღდება განვითარებული შუა საუკუნეებით. 1972 წელს დაზვერვითი სამუშაოები ჩაატარა ივანე ჯავახიშვილის სახელობის ისტორიის, არქეოლოგიისა და ეთნოგრაფიის ინსტიტუტის ჟინვალის არქეოლოგიურმა ექსპედიციამ. ყელყვითელას ციხე შედგება ციტადელისა და ხელოვნურ ტერასებზე განლაგებული ნაგებობებისაგან.

არქიტექტურა

რედაქტირება

ციტადელი ნატეხი ქვითა და მტკიცე დუღაბით ნაგები მძლავრი გოდოლია, რომელიც დგას ქედის უკიდურეს ჩრდილო-აღმოსავლეთ კონცხზე. შემორჩენილია 3-4 მეტრი სიმაღლის და 1,5 მეტრი სისქის კედლები. შესასვლელი აღმოსავლეთიდანაა. შიდა ტერიტორია ამოვსებულია ნანგრევებით, რის გამოც, სათავსთა გეგმარების დადგენა შეუძლებელია. გოდოლის დასავლეთით, ქედზე, ღრმა ჭრილებია. აღმოსავლეთით, მკვეთრად დაქანებულ ფერდობზე, შვიდ ხელოვნურ ტერასაზე შეიმჩნევა ნაგებობათა ნაშთები. ციტადელის მისასვლელთან, აღმოსავლეთით. I ტერასაზე სამი კედლის ნანგრევებია, II ტერასაზე - შვიდი კედლისა. აქვე ერთი სათავსის და მასზე დასავლეთიდან მიშენებული კოშკის კედლების მცირე ნაწილებია შემორჩენილი. III-IV-V ტერასებზე არსებული ნანგრევების გეგმა არ იკითხება. VI ტერასის ჩრდილო ნაწილში კლდეში გამოკვეთილი ბაქანია, ბოლო VII ტერასაზე შემორჩენილია ნატეხი ქვით ნაგები გალავნის კედლის ნაწილები, აღმოსავლეთით კარიბჭეა. ციხე მძლავრი საფორტიფიკაციო ნაგებობა იყო და იცავდა თიანეთისა და მთიულეთ-გუდამაყრის დამაკავშირებელ გზას.

ეპიგრაფიკა

რედაქტირება

ყელყვითელას ციხეზე 1944 წელს აღმოჩნდა წარწერიანი ქვის ფილა, რომელიც X საუკუნის ეპიგრაფიკული ძეგლია.

რუხი ფერის, მოგრძო და სწორკუთხა ქვას სამი გვერდი ტლანქად აქვს დამუშავებული, მეოთხეზე წარწერაა. ოთხსტრიქონიანი ასომთავრულნარევი ნუსხური წარწერა ნაწილობრივ დაზიანებულია. ასოები დაუდევრად არის ამოკვეთილი, ხოლო სტრიქონები უსწორმასწოროა. სიტყვები ერთმანეთისგან არაა დაცილებული, ტექსტის დასაწყისში, სამივე სტრიქონის წინ ამოღარულია მოგრძო ჯვარი. წარწერა, ცნობილი „ჴელი მუშალა გოგლეურისა“ სახელწოდებით. ერთ-ერთი უძველესი ძეგლია, რომელიც გვაწვდის ცნობას კაცის მკვლელობისათვის ქონებრივი საზღაურით დასჯის შესახებ.

წარწერის მხედრული ტრანსკრიფცია

რედაქტირება

ესე ჴელი მე მო(ჳ)შ(ა){ლ}ა [დავ]წერე, გოგ(ო)ლეო(ჳ)რმან. სამას ორმოცი საჴნისი

ვ(ი)ძიე მიქ(ე)ლაო(ჳ)რისა. [გი]ზ[ღ]ოს [ბ(ა)]ღდი(ა)თა. მათ კაცი მოკლის -- შაბიდა : მ(ა)თ(ი)\ტას და გია{ს ძე. მათ ს}[აღ]მართალსა მეფე შე_რის(ხ)[და] და [ე]...

[რ__ა]...

ლიტერატურა

რედაქტირება