ქისტები

(გადამისამართდა გვერდიდან ქისტი)

ქისტებისაქართველოში მცხოვრები ჩეჩნები. ძირითადად ცხოვრობენ პანკისის ხეობაში (ახმეტის მუნიციპალიტეტი). ქისტები საკუთარ თავს „ქისტიე“ ან „ვეჲ ნახ-ს“ უწოდებენ. „ვეჲ ნახ“ ითარგმნება, როგორც „ჩვენი ხალხი“. ამ სახელით მოიხსენიებენ ჩეჩენი, ინგუში და ქისტი ხალხი საკუთარ თავს სხვა მთიელი კავკასიელებისგან განსასხვავებლად. სასაუბრო ენა ქისტებისათვის ჩეჩნური ენის ქისტური დიალექტია.

მჭიდრო ურთიერთობა ქართველურ და ვაინახურ ტომებს შორის ჯერ კიდევ ანტიკური პერიოდიდან იწყება. უძველეს ქართულ წყაროებში ვეინახები ნახჩებად, ღლიღვებად, ძურძუკებად და დურძუკებად მოიხსენიებიან. საუკუნეების მანძილზე ვეინახური ტომები ქართველი მეფეების მხარდამხარ იბრძოდნენ. განსაკუთრებული სიყვარული ქისტებს თამარ მეფისადმი ჰქონდათ. თამარის სახელს არქმევდნენ ხიდებსა და სხვა ნაგებობებს, ქალიშვილებს. ერთ ლამაზ ყვავილსაც თამარს უწოდებენ.

საქართველოში ვაინახების ჩამოსახლება პერიოდულად ხდებოდა, რაც საბოლოოდ მათი ასიმილაციით სრულდებოდა. ბოლო მასობრივი ჩამოსახლება საქართველოს ტერიტორიაზე XIX საუკუნის ოციან წლებში მოხდა. ქისტების ნაწილი საქართველოში ჩამოსახლების პერიოდში ქრისტიანი იყო, ნაწილი მუსლიმი, თუმცა ძირითადი ნაწილი ტრადიციულ რწმენა-წარმოდგენებს მისდევდა. თუმცა 2000-იანი წლების შემდეგ ქისტებში სრულად ისლამი გავრცელდა.

საქართველოში, მდინარე ალაზნის ვიწრო ხეობაში ერთმანეთთან ახლოს განლაგებულია ხეობის ზემოთ დასახლებულ ქისტების სოფლები. ისინი გადმოვიდნენ კავკასიონის ქედის ჩრდილო კალთებიდან და შეადგენენ ჩეჩნების განაყოფს. მათ უკავიათ მდ. ალაზნის გასწვრივ მდებარე სოფლები: დუისი, ჯოყოლო, ბირკიანი, ომალო, დუმასტური, ზემო ხალაწანი, შუა ხალაწანი, ქვემო ხალაწანი, წინუბანი, ძიბახევი, ასევე ქართვებთან ერთად ცხოვრობენ ქორეთში და ყვარელწყალში.

2014 წლის მოსახლეობის აღწერით საქართველოში ცხოვრობდა 5697 ქისტი.[1]

ლიტერატურა

რედაქტირება

რესურსები ინტერნეტში

რედაქტირება