ქვითკირისწყაროს წმინდა გიორგის ეკლესია და კოშკი

ქვითკირისწყაროს წმინდა გიორგის ეკლესია და კოშკიარქიტექტურული ძეგლი დუშეთის მუნიციპალიტეტის სოფელ ქვითკირისწყაროს აღმოსავლეთით 2 კილომეტრზე. განეკუთვნება განვითარებულ შუა საუკუნეებს.

წმ. გიორგის ეკლესია
წმ. გიორგის ეკლესია
კოშკი

ეკლესია დარბაზულია (7,7 x 5 მეტრი), ნაგებია ქვიშაქვის, რიყის ქვისა და აგურის შერეული წყობით. შესასვლელი სამხრეთიდან, ეკლესიაზე მიშენებული კოშკის პირველი სართულიდან აქვს. კარის ტიმპანის ქვაზე ამოკვეთილია ადამიანის სქემატური გამოსახულება. დარბაზისაგან მცირე მხრებით გამოყოფილ ნახევარწრიულ აფსიდში აგურით გამოყვანილი ისრულთაღიანი სარკმელია, რომლის ორივე მხარეს თითო პატარა ნიშია. ეკლესიას სამხრეთით და დასავლეთით თითო თაღოვანი სარკმელი აქვს, ხოლო ჩრდილოეთით - ტრაპეციული ფორმის ერთი სარკმელი. აფსიდში, სარკმლის ქვემოთ, დგას შაბიამნისფერი ქვიშაქვის ექვსწახნაგა ტრაპეზი, რომელზეც ჯვრის რელიეფური გამოსახულებაა. აფსიდის სამხრეთ მხარის გაყოლებაზე მოგვიანებით გაჭრილია პარატა კარი. კარის ტიმპანის ქვაზე ჯვარია გამოკვეთილი. გრძივი კედლების კონსოლებზე გადაყვანილი საბჯენი თაღით დარბაზის კამარა გამოყოფილია ორ ტოლ ნაწილად. სამხრეთის კონსოლი თარაზულად განლაგებული ოთხი ფესტონითაა შემკული, ჩრდილოეთისა - ვაზის მტევნების გამოსახულებით. დარბაზში შემორჩენილია ქვიშაქვის სანათლავის ნაწილი. წაკვეთილი კონუსის ფორმის, ფოთლოვანი ორნამენტით შემკულ ქვაზე დადგმულია სქელი კვადრატული ფილა, რომლის ზედა სიბრტყეზე რვაქიმიანი ვარსკვლავია ამოკვეთილი, ხოლო კიდეებს მცირე სიღრმის ღარი გასდევს. ფილის ცენტრში პატარა ხვრელია, რითაც სანათლავის ზედა ქვა ქვედას უკავშირდება. აღმოსავლეთის ფასადზე, სარკმლის ზემოთ, ქვიშაქვის ფილაზე გამოსახულია წნული ორნამენტით შემკული მაღალი ჯვარი. ჯვრის სამხრეთის მკლავის ქვეშ, ქვიშაქვის ფილაზე, შემორჩენილია წარწერის ფრაგმენტები. ჯვრის ქვედა მკლავის ბოლოში ცხვრის თავის რელიეფური გამოსახულებაა. დასავლეთის ფასადზე, სარკმლის აქეთ-იქით წყობაში ჩასმულია თითო სწორკუთხა ფილა, რომლებზეც თითო დრაკონის რელიეფური გამოსახულებაა.

სამხრეთის ფასადის აღმოსავლეთ ნაწილში მაღალი თაღოვანი ნიშია (ამოშენებულია). ჩრდილოეთის ფასადს საპირე წყობა თითქმის მთლიანად ჩამოშლილი აქვს. კოშკი ეკლესიაზე სამხრეთიდანაა მიშენებული ისე, რომ მისი ჩრდილო კედელი ეკლესიის სამხრეთ კედელზეა დაყრდნობილი. პირველი სართული ნაგებია რიყის ქვით, ზედა სართულები - აგურით. პირველი სართული, რომელსაც სწორკუთხა კარი დასავლეთიდან აქვს, აგურის ისრული კამარითაა გადახურული. კოშკის ზედა სართულებზე მოხვედრა მხოლოდ ეკლესიის სახურავიდან შეიძლება. მეორე სართული ყრუა, ჩასასვლელი მესამე სართულიდანაა. მესამე სართულის ჩრდილო კედელი თითქმის მთლიანად დანგრეულია; სამხრეთ და აღმოსავლეთ კედლებში ორ-ორი სათოფურია. მეოთხე სართულის ჩრდილო კედელში კარია, დანარჩენ კედლებში - თითო სარკმელი (დასავლეთისა გადაკეთებულია სათოფურად). სართული ისრული კამარით ყოფილა გადახურული. სართულშუა გადახურვა ხის ყოფილა, სახურავი - ორფერდა.

ლიტერატურა

რედაქტირება