ქარხემიშის ბრძოლა

ქარხემიშის ბრძოლა
ბაბილონეთ-ეგვიპტის ომი,
ასურეთ-ბაბილონეთის ომი ნაწილი

ახლო აღმოსავლეთი ძვ. წ. VII საუკუნეში
თარიღი ძვ. წ. 605
მდებარეობა ქარხემიში (ახლანდ. თურქეთ-სირიის საზღვარი)
შედეგი ბაბილონელთა გამარჯვება
მხარეები
ახალი ბაბილონის სამეფო ძველი ეგვიპტე,
ასურეთი
მეთაურები
ნაბუქოდონოსორი ნეხო II

ქარხემიშის ბრძოლა — ბრძოლა ერთი მხრივ, ეგვიპტისა და ასურეთის და, მეორე მხრივ, ბაბილონეთის ჯარებს შორის ძვ. წ. 605 წელს ქალაქ ქარხემიშთან, მდინარე ევფრატის დასავლეთ ნაპირზე (სირია-თურქეთის თანამედროვე საზღვარზე). ბრძოლა ბაბილონელების გამარჯვებით დასრულდა და გადამწყვეტი მნიშვნელობა ჰქონდა ძველი ახლო აღმოსავლეთის ისტორიაში. ბრძოლის ამბები მოთხრობილია ბრიტანეთის მუზეუმში დაცულ „ნაბუქოდონოსორის ქრონიკაში“ და მოხსენიებულია ძველი აღთქმის წიგნებში („წინასწარმეტყველება იერემიასი“, „წიგნი მეორე ნეშტთა“), ასევე აღწერილია იოსებ ფლავიუსთან.

მხარეთა მდგომარეობა ქარხემიშის ბრძოლამდე

რედაქტირება

ძვ. წ. 626 წელს ბაბილონელებმა ასურელებისგან დამოუკიდებლობას მიაღწიეს და ასურეთის იმპერიის ტერიტორიების ხარჯზე საკუთარი სამფლობელოების გაფართოებას შეუდგნენ. ძვ. წ. 612 წელს ბაბილონელების, მიდიელების, სკვითებისა და სხვათა კოალიციამ ასურეთის დედაქალაქი ნინევია დაიპყრო, ძვ. წ. 609 წელს კი მისი ახალი სატახტო ქალაქი ჰარანიც აიღო. ასურეთის საბოლოო განადგურება ბაბილონეთის მეფე ნაბოპალასარმა თავის ძეს, ნაბუქოდონოსორს მიანდო. ამ დროისთვის წყაროებიდან უკვე გამქრალია ასურეთის ბოლო ცნობილი მეფე აშურუბალიტ II. ასურელების ჯარების ნაშთებმა თავი მოიყარეს ჰარანის აღმოსავლეთით, მდინარე ევფრატის დასავლეთ ნაპირზე მდებარე ქალაქ ქარხემიშში, სადაც ეგვიპტელ მოკავშირეებს უნდა შეერთებოდნენ. ამ პერიოდში ასურელებსა და ევფრატის ნაპირებზე განლაგებულ ეგვიპტურ ჯარს შორის ბრძოლები უკვე მიმდინარეობდა. ნაბოპალასარმა ქალაქი ქიმუხუ (შესაძლოა იგივე ქუმუხი) და რამდენიმე სხვა დასახლება აიღო და ქარხემიშსაც ემუქრებოდა; ეგვიპტელებმა შეძლეს მისი უკუგდება, მაგრამ მხოლოდ დროებით. ჰარანში ასურელების დამარცხების შემდეგ ბაბილონელები მესოპოტამიაში აშკარა უპირატესობას ფლობდნენ. ამიტომ ფარაონ ნეხო II-ის გადაწყვეტილება გაელაშქრა ბაბილონელთა წინააღმდეგ არა მხოლოდ ასურელთა დახმარების სურვილით, არამედ სირიაში ეგვიპტური სიმაგრეების დაცვის აუცილებლობით იყო ნაკარნახები.[1]

 
„ნაბუქოდონოსორის ქრონიკა“ (ბრიტანეთის მუზეუმი)

მესოპოტამიისკენ მიმავალ ეგვიპტელებს ნეხოს მეთაურობით იუდეველთა სამეფოს ტერიტორიაზე უნდა გაევლო, თუმცა იუდეველთა მეფე იოშიამ მათ ამაზე უარი უთხრა, რასაც ომი მოჰყვა. ძვ. წ. 609 წელს მეგიდოსთან ბრძოლაში ეგვიპტელებმა გაიმარჯვეს, იოშია მოკლეს და იუდეა დაიმორჩილეს, მისი მომდევნო მეფე იოახაზი კი იმავე წელს რიბლასთან დაატყვევეს. მაგრამ ამ მოვლენებმა ეგვიპტელების წინსვლა მაინც შეაფერხა. საბოლოოდ, მხოლოდ ძვ. წ. 605 წელს მოახერხეს ეგვიპტელებმა ევფრატის გადალახვა და ასურელებთან ერთად ჰარანს ალყა შემოარტყეს. მოკავშირეებმა ქალაქის აღება ვერ შეძლეს და უკან დაიხიეს ქარხემიშისკენ, რომელიც რეგიონში ეგვიპტელთა მთავარი საყრდენი იყო.[2][3]

სწორედ აქ გაიმართა გადამწყვეტი ბრძოლა ძვ. წ. 605 წლის მაისში. ბაბილონელებს მეფისწული ნაბუქოდონოსორი სარდლობდა, ეგვიპტელებს და ასურელებს კი — იოსებ ფლავიუსის მიხედვით — თავად ნეხო, თუმცა ფარაონის უშუალო მონაწილეობა უფრო ძველ წყაროებში მითითებული არ არის: „ნაბუქოდონოსორის ქრონიკა“ ზოგადად ეგვიპტელებს, ძველი აღთქმა კი მხოლოდ „ნეხოს ჯარს“ იხსენიებს. შესაძლოა ბაბილონელები მხოლოდ ეგვიპტური გარნიზონების წინააღმდეგ მოქმედებდნენ და ნაბუქოდონოსორი ნეხოს პირისპირ ბრძოლაში არც შეხვედრია. სავარაუდოდ ბაბილონელებს მოკავშირედ მიდიელები ჰყავდათ; ცნობილია, რომ მიდიელები მხარს უჭერდნენ ნაბუქოდონოსორს ქარხემიშის ბრძოლიდან რამდენიმე წლის შემდეგ ეგვიპტის წაქეზებით აჯანყებული იუდეველების წინააღმდეგ. ქარხემიშის მიდამოებში აღმოჩენილი არქეოლოგიური მასალის საფუძველზე არ გამოირიცხება ორივე მხარეს ბერძენი დაქირავებული მებრძოლების ყოფნაც. ცნობილია ამ პერიოდში ძველბერძენი პოეტის, ალკეოსის ძმის — ანტიმენიდეს მონაწილეობა ნაბუქოდონოსორის ლაშქრობებში.[2]

მოწინააღმდეგეების რიცხოვნება და ბრძოლის მიმდინარეობის დეტალები წყაროებით უცნობია. ბრიტანეთის მუზეუმში დაცული „ნაბუქოდონოსორის ქრონიკის“ ტექსტი მიუთითებს, რომ ბაბილონელებს ქარხემიშში დაბანაკებული მტრის არმიაზე მოულოდნელი შეტევა დასავლეთის მხრიდან, ევფრატის გადალახვის შემდეგ მიუტანიათ. ჩანს, ნაბუქოდონოსორის მიზანი ეგვიპტელებისთვის უკანდასახევი გზის მოჭრა და მათი პირდაპირ ბრძოლაში ჩართვის იძულება იყო. შეტაკებაში ეგვიპტელები და ასურელები სასტიკად დამარცხდნენ. უკუქცეულ ეგვიპტელებზე ბაბილონელებმა კიდევ ერთი გამარჯვება მოიპოვეს ჰამასთან (თანამედროვე სირიის დასავლეთი-ცენტრალური ნაწილი) და მიმდებარე ტერიტორია დაიპყრეს. გამარჯვებულმა ნაბუქოდონოსორმა წინსვლა განაგრძო და იერუსალიმს მიადგა, თუმცა ამჯერად იუდეველთა მეფე იოაკიმის მორჩილების პირობით დაკმაყოფილდა და ბაბილონში გაბრუნდა, სადაც მას ახალგარდაცვლილი მამისგან დატოვებული ტახტი ელოდა. ნაბუქოდონოსორმა იუდეა საბოლოოდ ძვ. წ. 601 და 597 წლებს შორის დაიპყრო, რასაც სამშობლოდან იუდეველთა მასობრივი დეპორტაცია მოჰყვა.[4]

ქარხემიშის კამპანიაში და მასთან დაკავშირებულ სხვა ბრძოლებში ოთხი მნიშვნელოვანი ახლოაღმოსავლური სახელმწიფოს (ბაბილონეთი, ეგვიპტე, ასურეთი, იუდეა) მონაწილეობას რეგიონის შემდგომ ბედზე მნიშვნელოვანი გავლენა ჰქონდა. ამ ომით ბოლო მოეღო ასურეთის, როგორც დამოუკიდებელი სახელმწიფოს, არსებობას, დამარცხებული ეგვიპტელებისთვის კი ეს ომი სირია-პალესტინაში გაბატონების ბოლო ცდა აღმოჩნდა. ახლო აღმოსავლეთში უძლიერი სახელმწიფო ბაბილონეთი გახდა.[5]

  1. Lipschitz, Oded (2005) The Fall and Rise of Jerusalem: Judah Under Babylonian Rule. Eisenbrauns, გვ. 32-35. ISBN 9781575060958. 
  2. 2.0 2.1 Wiseman, D. J. (1992) „Babylonia 605-539 B.C.“, The Cambridge Ancient History, Volume 14, Part 2. Cambridge University Press, გვ. 229-230. ISBN 9780521227179. 
  3. DeVries, LaMoine F. (2006) Cities of the Biblical World: An Introduction to the Archaeology, Geography, and History of Biblical Sites. Wipf & Stock Publishers, გვ. 56-57. ISBN 9781556351204. 
  4. Malamat, A. (1956). „A New Record of Nebuchadrezzar's Palestinian Campaigns“. Israel Exploration Journal. 6 (4): 246–256.
  5. Fant, Clyde E.; Reddish, Mitchell G. (2008) Lost Treasures of the Bible: Understanding the Bible Through Archaeological Artifacts in World Museums. Wm. B. Eerdmans Publishing, გვ. 195-199, 208-210. ISBN 9780802828811.