ჯემალ ქარჩხაძე

ქართველი მწერალი, დრამატურგი და ესეისტი
(გადამისამართდა გვერდიდან ქარჩხაძე, ჯემალ)

ჯემალ ქარჩხაძე (დ. 13 მაისი, 1936, უხუთი, ვანის რაიონი — გ. 8 ნოემბერი 1998, თბილისი) — ქართველი მწერალი, დრამატურგი და ესეისტი.

ჯემალ ქარჩხაძე
დაბადების თარიღი 13 მაისი, 1936(1936-05-13)
დაბადების ადგილი უხუთი, საქართველოს სსრ, სსრკ
გარდაცვალების თარიღი 8 ნოემბერი, 1998(1998-11-08) (62 წლის)
გარდაცვალების ადგილი თბილისი, საქართველო
დასაფლავებულია დიდუბის პანთეონი
საქმიანობა მწერალი[1] , პოეტი, დრამატურგი და ესეისტი
ენა ქართული ენა
მოქალაქეობა  სსრკ
 საქართველო
ალმა-მატერი თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი
Magnum opus იგი
ჯილდოები საქართველოს სახელმწიფო პრემია

ცნობილი გახდა მოთხრობებით და რომანებით: იგი, ქარავანი, ანტონიო და დავითი, ზებულონი, იუპიტერის სინანული, განზომილება. ამ უკანასკნელისთვის მიენიჭა სახელმწიფო პრემია. მისი თხზულებები მრავალ ენაზეა თარგმნილი, მათ შორის რუსულ, ჩეხურ, გერმანულ, შვედურ, არაბულ ენებზე.

ბიოგრაფია

რედაქტირება

ჯემალ ქარჩხაძე დაიბადა 1936 წლის 13 მაისს ვანის რაიონის სოფელ უხუთში. ინტერვიუში მწერალ მიხო მოსულიშვილთან, ქარჩხაძე ამბობს: „საცა კი ჩემს ნაწერებში სოფლისა და ბუნების სურათებია, ყველგან ჩემი ბავშვობის გარემოს ასპექტები, რაკურსები და ვარიაციებია, ვინაიდან გონების თვალი ერთთავად ამ გარემოში ტრიალებს და კალამიც, ასე ვთქვათ, ამ გარემოშია ჩაწებებული“.

საშუალო სკოლის დამთავრების შემდეგ მომავალი მწერალი სწავლობდა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ფილოლოგიის ფაკულტეტზე, რომელიც დაამთავრა 1960 წელს. უნივერსიტეტის დამთავრების შემდეგ, 1961-1982 წლებში სხვადასხვა დროს მუშაობდა კულტურის სამინისტროსა და თოჯინების თეატრში. შემდგომ კი კინოსტუდია — ქართულ ფილმში.

მწერლის პირველი მოთხრობა იყო „აბზიანიძეების ოჯახი“, რომელიც 1962 წელს გამოაქვეყნა. ნაწარმოები ჟურნალ „მნათობში“ მიიტანა, სადაც შესწორებულად დაუბეჭდეს. 26 წლის მწერალმა შემდეგი მოთხრობა „ისტორიული რომანი“ კვლავ „მნათობში“ მიიტანა, რომელიც სრული სახით გამოიცა, თუმცა გაზეთ კომუნისტის ჟურნალისტმა ბესო ჟღენტმა ის მიწასთან გაასწორა. „ჩემი, მაშინდელი თავდაჯერება ისეთ სტადიაში იყო, არც გამარჯვებას შეეძლო გაებრუებინა და არც დამარცხებას შეეძლო შეერყია“ — ამბობდა ამ პერიოდზე ქარჩხაძე.

„კომუნისტის“კრიტიკის შემდეგ მნათობმა ქარჩხაძის ნაწარმოებების გამოქვეყნება შეწყვიტა, რის გამოც ჯემალმა ბედი „ცისკარში“ სცადა, სადაც მწერლის ნაშრომები სიამოვნებთ მიიღეს და მათი თანამშრომლობა აღარ შეწყვეტილა.

გარდა მოთხრობებისა და პუბლიცისტიკისა, ჯემალ ქარჩხაძემ დრამატურგობაც სცადა. მისი პიესა „დევიძეების ოჯახი“ იდგმებოდა მარჯანიშვილის თეატრში და გარკვეული წარმატებაც ჰქონდა.

ჯემალს მწერლობის გარდა იტაცებდა იოგას ვარჯიშები. როგორც თვითონ ამბობდა: „იოგა ჩემი პროფესიისთვის მჭირდებოდა, რათა მომეხდინა საკუთარი ძალების კონცენტრაცია. დიდი ენერგიის პატრონი არასოდეს ვყოფილვარ და რაც ენერგია მაქვს, მსურდა მიზანმიმართულად სწორად გამომეყენებინა“.[2]

გარდაიცვალა 1998 წელს, თბილისში. დაკრძალულია ქართველ მწერალთა და საზოგადო მოღვაწეთა დიდუბის პანთეონში.

1999 წელს რომანისათვის „განზომილება“ მიენიჭა საქართველოს სახელმწიფო პრემია.

შემოქმედება

რედაქტირება

თუ გავითვალისწინებთ, რომ ჯემალ ქარჩხაძემ, მხოლოდ 62 წელი იცოცხლა და 1962 წელს გამოაქვეყნა თავისი პირველი მოთხრობა, მან ოთხ ათეულ წელზე ნაკლები იმუშავა თავისი ნაწარმოებების შესაქმნელად. მას აქვს ოცდაათამდე მოთხრობა, 6 რომანი, ერთი პიესა და პუბლიცისტიკა. 2007 წელს გამოვიდა მწერლის მოთხრობების სრული კრებული თუმცა აღსანიშნავია, რომ მის არქივში მოიპოვება სხვა მოთხრობები, ჩანაწერები, ვარიანტები, ჩანახატები და ასე შემდეგ. აღსანიშნავია, რომ სრულყოფილად ჯერ არ შესწავლილა მწერლის შემოქმედება. არის რამდენიმე მეცნიერის არცთუ ვრცელი კრიტიკული მიმოხილვა მწერლის შემოქმედებისა, მაგრამ ასევე შესასწავლია ჯემალ ქარჩხაძე, როგორც დრამატურგი. ჯემალ ქარჩხაძე ასევე დაკავებული იყო მთარგმნელობითი საქმიანობითაც, დავით წერედიანთან ერთად ნათარგმნი აქვს ჰალდოურ ლაქსნესის „ატომის სადგური“, ლიონ ფეიხტვანგერის „ცრუ ნერონი“, რადიარდ კიპლინგის ზღაპრები, გრიმების ზღაპრები და სხვა.

მიხო მოსულიშვილთან ინტერვიუში ქარჩხაძე შეეხო ორ მნიშვნელოვან საკითხს — მწერლის ნიჭიერებასა და მისდამი მთავარ მოთხოვნას: „ნიჭი იმ ფურცლის ცალი გვერდია, რომლის მეორე გვერდი ბიოლოგიური სიცოცხლეა. ნიჭი არის ადამიანის თვითრეალიზაციის ძალა, თვითრეალიზაციის გარეშე კი ღმერთისკენ მიმავალი გზა ჩაკეტილია. ადამიანის ამოცანა არის სამყაროსა და საკუთარი თავის შეცნობა, რაც არსებითად ერთი და იგივეა. რაც შეეხება მწერალს, მას ერთადერთ რამ მოეთხოვება — შედევრები წეროს, სხვისი შედევრით მწერალი თავის შედევრს ვერ შექმნის. ვიკითხოთ შედევრები, გავმდიდრდეთ შედევრებით და ვიცხოვროთ შედევრებით, მაგრამ იმ მომენტში, როცა ჩვენ რაიმეს ვქმნით, რაიმეს ვიგონებთ, რაიმეს ვთხზავთ, ყველა შედევრი დავივიწყოთ და მხოლოდ საკუთარ სიღრმეებში ვიტრიალოთ. თუ გვინდა რაიმე ღირებული შევქმნათ“.[3]

ქარჩხაძის ნაწარმოებები თარგმნილია და გამოცემულია რუსულ, ჩეხურ, გერმანულ და სხვა ენებზე. შვედეთში გამოიცა 2013 წელს მისი მოკლე რომანი „ანტონიო და დავითი“ (Antonio och David),[4] ხოლო არაბულად გამოიცა 2014 წელს.[5]

რომანები

რედაქტირება
  • დევიძეების ოჯახი

მოთხრობები

რედაქტირება

მოთხრობების კრებულები

რედაქტირება
  • სასწაული, 1967
  • მეთერთმეტე მცნება, 1979
  • დღე ერთი, 1982

პუბლიცისტიკა

რედაქტირება
  • მონოლოგი დიალოგიდან
  • მწერლობას ეყოფა ღონე, თავისი ჯვარი თავადვე ზიდოს
  • რამდენიმე ფსიქოლოგიური შტრიხი ჩვენი უახლესი ისტორიისათვის
  • ომი საკუთარ თავთან
  • საქართველო მთლად ჭაობი არ ყოფილა
  • ყველაფერი ჩვენზეა დამოკიდებული
  • არჩევანი ჯერ კიდევ ჩვენზეა
  • ვუშველოთ მომავალ თაობას
  • ხელისუფლება ამოსაცნობი ნიშნების გარეშე
  • როცა სამსხვერპლოზე შენი ქვეყანაა...
  • ვიდრე მზიან მინდორზე გავალთ...
  • მწერალი „ფარისეველთა სამეფოში“
  • საიდუმლოებების ამოხსნა შეიძლება, ამოწურვა კი - არა...
  • არსებობა გარკვეული აზრით და გარკვეული დოზით კომპრომისია
  • შეხვედრა - არა შემთხვევითი
  • საკუთარი შემოქმედების შესახებ
  • საკუთარი თავის შესახებ
  • ლიტერატურის შესახებ
  • ხელმწიფე-ენა
  • შემოქმედების კანონი

საქართველოს განათლების სამინისტრომ სავალდებულოდ მიიჩნია, რომ ქართული ენისა და ლიტერატურის სახელმძღვანელოში ადგილი დაეთმო ქარჩხაძის შემოქმედებისათვის საშუალო საფეხურის (10–12) კლასებში. საამისოდ კი აირჩია ცნობილი მოთხრობა „იგი“, რომელიც მანამდე ხუთგზის იყო გამოცემული კრებულებში თუ ცალკე წიგნად. ეს მოთხრობა პირველად დაიბეჭდა კრებულში „დღე ერთი“ (1982), ხოლო ცალკე წიგნად – 2003 წელს (მისი შექმნის ზუსტი თარიღი დაუდგენელია თუმცა ზოგიერთი ცნობით – 1977 წელს დაიწერა). „იგი“ უჩვეულო ნაწარმოებია ქართულ ლიტერატურულ სინამდვილეში თავისი ჟანრით, პრეისტორიული შინაარსით, პროფესიონალი მწერლის დახვეწილი ოსტატობით, საოცარი მხატვრული ენით — სიტყვათა ახლებური ელფერითა და გამოსახულებით, რომელიც შეესაბამება წინარეისტორიული განვითარების ხანას. მოთხრობა არის პრეისტორიული ადამიანის შესახებ, რომელიც სხვა ტომელებისგან განსხვავებით უეცრად განვითარდება და დაიწყებს აზროვნებას. მას გაუჩნდება მიმდევარიც — ზუ, თუმცა როგორც თითქმის ყველა მოსალოდნელ ფინალში, მასაც სიტყვის თავისუფლებისთვის და სიმართლისთვის სიკვდილი ელის.

ქარჩხაძის პროზა ერთი მხრივ მიჰყვება თხრობის ტრადიციულ ეტიკეტს, მაგრამ მეორე მხრივ, მკვეთრად ინდივიდუალური, განუმეორებელია. მწერლის სტილი არ არის სქემატური. ქარჩხაძის ნაწარმოებებს ზნეობრივი მაქსიმალიზმი და უკომპრომისობა ახასიათებს. მისი გმირები სიკეთის მადლით არიან გაჯერებულნი.

რესურსები ინტერნეტში

რედაქტირება
 
ვიკიციტატაში არის გვერდი თემაზე:
  1. Deutsche Nationalbibliothek Record #1038227402 // ინტეგრირებული ნორმატიული ფაილი — 2012—2016.
  2. ჟემალ ქარჩხაძე – პუბლიცისტიკა. გვ. 189
  3. ქართველ მწერალთა ცხოვრება და შემოქმედება (წიგნი მეორე) – გივი ბოჯგუა. გვ. 346–350
  4. http://www.ruin.se/butik/antonio-och-david-av-jemal-karchkhadze/
  5. http://agenda.ge/article/1842/eng[მკვდარი ბმული]
  6. დაარქივებული ასლი. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2020-06-16. ციტირების თარიღი: 2016-03-10.
  7. ჟურნალი „ცისკარი“, NN3,4,5,6,7 1999 წ.