ქარქუშაანის წმინდა გიორგის ეკლესია
ქარქუშაანის წმინდა გიორგის ეკლესია — არქიტექტურული ძეგლი დუშეთის მუნიციპალიტეტის სოფელ ქარქუშაანის სამხრეთით, 2 კილომეტრზე ტყიან ბორცვზე. განეკუთვნება VIII-IX საუკუნეებს. ეკლესია ორნავიანია, რომელსაც სამხრეთიდან გვიანდელი მინაშენი ეკვრის (7,7 X 6,9 მეტრი), ნაგებია რიყისა და მოზრდილი ზომის ნატეხი ქვით. ალაგ-ალაგ გამოყენებულია შირიმიც. ძეგლი ძლიერ დაზიანებულია: დანგრეულია ნავების გამმიჯნავი თაღები და ჩრდილოეთის ნავის ჩრდილო კედლის უმეტესი ნაწილი, ჩამონგრეულია ორივე ნავის კამარა, თითქმის მთლანადაა დანგრეული სამხრეთ მინაშენი. ეკლესიის შესასვლელი მთავარი ნავის სამხრეთ კედლის შუა ნაწილშია. კარი გარედან შირიმის თლილი ქვით ნაწყობი თაღითაა გადახურული. მოგვიანებით შესასვლელი შიგნიდან ხის ძელებით გადაუხურავთ, ხოლო მის ზემოთ კედლის ჩამოშლილი ნაწილი შეუვსიათ წვრილი რიყის ქვის წყობით, რომელშიც ბრტყელი განმტვირთავი თაღია გამოყვანილი. მთავარი ნავი მაღალი და განიერია. აღმოსავლეთით, ღრმა ნალისებრი აფსიდის ღერძზე, გარეთკენ მკვეთრად შევიწროებული თაღოვანი სარკმელია. სარკმლის ორივე მხარეს თითო მცირე ზომის ნიშია. სარკმლის ქვემოთ, კედელზე, სწორკუთხა ტრაპეზია მიდგმული. მოგვიანებით (XVI-XVIII საუკუნეებში) აფსიდი კვადრატული აგურით ნაშენი კონქით გადაუხურავთ. დასავლეთ კედელში საკურთხევლის სარკმელზე გაცილებით ვიწრო, თაღოვანი სარკმელია. ჩრდილოეთის ნავი მთავარზე ორჯერ უფრო ვიწროა, აღმოსავლეთით ნალისებრი აფსიდი აქვს, რომლის ღერძზე პატარა, ნალისებრი თაღით გადახურული სარკმელია. ეკლესიის ინტერიერი შელესილია. მთავარი ნავის აფსიდში და აღმოსავლეთ ნავის წირთხლებზე მოხატულობის ფრაგმენტებია შემორჩენილი. მინაშენი სწორკუთხაა (4,3 x 3 მეტრი). შესასვლელი სამხრეთიდან აქვს. დასავლეთ კედელში ერთი მცირე კვადრატული ნიშია. ეკლესიის აღმოსავლეთის ფასადზე შემორჩენილია გვიანდელი აგურის სამსაფეხურიანი ლავგარდნის (გვიანდელია) ნაწილი. ეკლესიის გარშემო ნაგებობათა ნანგრევებია.
ლიტერატურა
რედაქტირება- დვალი თ., საქართველოს ისტორიისა და კულტურის ძეგლთა აღწერილობა, ტ. 2, თბ., 2008. — გვ. 323.