ქართულ-ებრაული პალიმფსესტი
ქართულ-ებრაული პალიმფსესტი — კაიროს გენიზაში (ხელნაწერების საცავში) აღმოჩენილი პალიმფსესტი, რომლის ფუცრლებზე პირვანდელი ქართული ნაწერი მსხვილი ასომთავრულით არის გამოყვანილი, ზემოდან კი გარდიგარდმო არის წვრილი კვადრატული ასოებით ნაწერი ებრაული ტექსტი.[1]
ქართულ-ებრაული პალიმფსესტი | |
---|---|
ტიპი | პალიმფსესტი |
ენა | ქართული და ებრაული |
მკვლევარი | ივანე ჯავახიშვილი |
ქართული ენის ტიპი | ასომთავრული |
XIX საუკუნის ბოლოს კაიროს გენიზიდან ჩუმ-ჩუმად დაიწყეს ხელნაწერების გატანა და ყიდვა-გაყიდვა. ამ ხელნაწერების დიდი ნაწილი ინგლისში ოქსფორდის უნივერსიტეტში (ბოდლეის ბიბლიოთეკაში) და კემბრიჯის უნივერსიტეტის ბიბლიოთეკაში მოხვდა, ნაწილი კი ევროპისა და ამერიკის სხვადასხვა ქალაქში შეიძინეს ბიბლიოთეკა-მუზეუმებმა.[2] ზემოხსენებული ქართულ-ებრაული პალიმფსესტის ერთი ფურცელი (ებრაული ტექსტის მიხედვით — ორი ფურცელი) ოქსფორდის ბოდლეიანაში მოხვდა, ორი ფურცელი (ებრაული ტექსტის ოთხი ფურცელი) – კემბრიჯის უნივერსიტეტის ბიბლიოთეკაში, სამი პატარა ნაგლეჯი კი – ბრიტანეთის მუზეუმში.[3][4]
პალიმფსესტის კვლევა
რედაქტირებანიკო მარი და პ. კოკოვცოვი
რედაქტირება1897 წლის ზაფხულში პეტერბურგის უნივერსიტეტის ახალ გაზრდა პრივატ-დოცენტმა, მაგრამ უკვე სახელმოხვეჭილმა მეცნიერმა ნიკო მარმა ოქსფორდიდან მიიღო იქ დაცული ქართულ-ებრაული პალიმფსესტის ორი გვერდის ფოტოტიპიური სურათები. სურათები მარისათვის გამოეგზავნა დოქტორ ა. ნეიბაუერს, მაგრამ როგორღაც ისე მოხდა, რომ ნიკო მარმა ამ პალიმფსესტს სათანადო ყურადღება არ მიაქცია. ფოტოსურათები, რომლებზეც პალიმფსესტის ორივე გვერდი მშვენივრად იყო გამოსახული, ნიკო მარმა ებრაული ტექსტის შესასწავლად გადასცა თავის კოლეგას – პეტერბურგის უნივერსიტეტის პრივატ-დოცენტს, შემდგომში კი აკადემიკოსს, ცნობილ ჰებრაისტს პ. კოკოვცოვს. პ. კოკოვცოვმა შეისწავლა პალიმფსესტის ებრაული ტექსტი, რომელიც პალესტინური (იერუსალიმური) თალმუდის ნაწყვეტი აღმოჩნდა. მკლევარმა იგი პალეოგრაფიული ნიშნების მიხედვით XI საუკუნის ბოლოს მიაკუთვნა და თალმუდის ხელნაწერთა შორის უძველესად მიიჩნია. რადგან მეცნიერი მხოლოდ ფოტოსურათების მიხედვით მსჯელობდა, თავდაპირველად მასმოეჩვენა, რომ ქართული ტექსტი ებრაულზე გვიანდელი იყო, მაგრამ მალე თვითონვე მიხვდა შეცდომას და უფრო ადრინდელად ქართული ნაწერი აღიარა.
ივანე ჯავახიშვილი
რედაქტირებაპალიმფსესტის ებრაული ტექსტი ფოტოტიპიური სურათებითა და გამოკვლევითურთ პ. კოკოვცოვმა გამოაქვეყნა 1899 წელს რუსეთის არქეოლოგიური საზოგადოების აღმოსავლური განყოფილების ორგანოში. ამ შრომის ამონაბეჭდის ერთი ასლი ავტორმა აჩუქა V კურსის სტუდენტს ივანე ჯავახიშვილს, რომელსაც ის ასურულს ასწავლიდა. ჯავახიშვილმა მისი წაკითხვა მაშინვე ვერ მოახერხა. რამდენიმე წლის შემდეგ ქართული პალეოგრაფიის საკითხებზე მუშაობის დროს ივანე ჯავახიშვილმა განიზრახა დაედგინა, როდის შეიცვალა ამ თუ იმ ასოს მოხაზულობა ქართულ ანბანში, რათა შემდეგ ეს ნიშნები გამოეყენებინა უთარიღო ძეგლების დასათარიღებლად. სახელდობრ, ამ მხრივ მეცნიერის ყურადღება მიიპყრო ასომთავრულმა Ⴁ (ბ) ასომ, რომელსაც უძველეს წარწერებში თავი შეკრული ჰქონდა, VII საუკუნიდან კი უკვე თავგახსნილი იწერებოდა. ეს პალეოგრაფიული დაკვირვება სარწმუნო საბუთად რომ ქცეულიყო, მკვლევარმა გადაწყვიტა შეემოწმებინა ყველა თარიღიანი ან ქრონოლოგიურად განსაზღვრული წარწერა და ხელნაწერი, რომლებიც კი X საუკუნეზე უწინარეს პერიოდს მიეკუთვნებოდა. ასეთები იმ დროს არც ისე ბევრი იყო ცნობილი. სწორედ ამ საკითხის შესწავლისას ივანე ჯავახიშვილს მოაგონდა ის ქართულ-ებრაული პალიმფსესტი, რომლის ფოტოტიპიური სურათი პ. კოკოვცოვის გამოკვლევას ერთვოდა და ქართველ მეცნიერს ჯერ კიდევ სტუდენტობის დროს ჰქონდა ნანახი. რაკი პალიმფსესტის ებრაული ტექსტი XI საუკუნით თარიღდებოდა, ქართული კი მას წინ უსწრებდა, ცხადია, ქართული ტექსტი X საუკუნეზე გვიანდელი არ იქნებოდა, მაგრამ იმის გასარკვევად თუ სახელდობრ რომელ საუკუნეს ეკუთვნოდა იგი და ახასიათებდა თუ არა ასოთა მოხაზულობის მხრივ ისეთი სიძველის ნიშნები, რასაც ივანე ჯავახიშვილი საგანგებო ყურადღებას აქცევდა საჭირო იყო პალიმფსესტის გულდასმით შესწავლა პ. კოკოვცოვის გამოკვლევაზე დართული ფოტოსურათების მიხედვით. ივანე ჯავახიშვილმა თავისი ბიბლიოთეკა პეტერბურგიდან წამოსვლისას რკინიგზით გამოგზავნა და ყველაფერი უკვალოდ დაეკარგა. ამიტომ ახლა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის წიგნთსაცავს მიმართა პ. კოკოვცოვის ნაშრომისათვის. საბედნიეროდ, უნივერსიტეტის წიგნთსაცავში აღმოჩნდა საჭირო ტომი, რომელიც მან შინ წაიღო. პირველი დაკვირვებისთანავე მკვლევარმა შენიშნა, რომ ხელ ნაწერში ყ (Ⴗ) და ჳ (Ⴣ) ასოები თავშეკრული იყო, ასეთი მოხაზულობა კი მათ უძველეს ქართულ წარწერებში ჰქონდათ. მალე ბ (Ⴁ) ასოსაც მიაგნო პირველივე ფურცლის მარჯვენა სვეტის მე-9 და მე-10 სტრიქონებში. ეს ასოც ორივეჯერ სრულიად გარკვევით თავშეკრული ჩანდა, რაც აგრეთვე ხელნაწერის სიძველეს მოწმობდა. კიდევ უფრო საყურადღებო აღმოჩნდა ტექსტი ენობრივად. სახელდობრ, ზმნებში პირის ნიშნად ნახმარი იყო უჩვეულო ხ პრეფიქსი, რომელიც მანამდე მხოლოდ ორიოდე ფორმაში იყო შენიშნული.
ივანე ჯავახიშვიილმა ამ აღმოჩენის შესახდბ თქვა:
ცხადი გახდა ჩემთვის, რომ თვალწინ ქართული დამწერლობისა და ენის უძველესი ძეგლი მედვა. აქამომდე IX საუკუნეზე უწინარესი არც ერთი ქართული ხელნაწერი არ იყო ცნობილი და ეხლა ერთბაშად სამი საუკუნით უფრო ადრინდელი ძეგლის ნაწყვეტები გამოჩნდა! მღელ– ვარებისაგან ცოტა ხნით შეწყვეტილი მუშაობის განახლების დროს ვცდილობდი დავრწმუნებულიყავ, რომ თვალი არ მატყუებდა და შეცდომა და მოჩვენება არ იყო ის, რასაც ვკითხულობდი. სრული სიფრთხილით წარმოებულმა პალიმფსესტის გულდასმით წაშლილი ქართული ტექსტის ამოკითხვამ დაწერილის ენის საგულისხმო, თუმც განმაცვიფრებელმა, მაგრამ შორეულ წარსულში მოსალოდნელ თვისებებმა დამარწმუნეს, რომ პირველი დაკვირვება მცდარი არ იყო და ამ ნაწყვეტების როგორც დამწერლობის პალეოგრაფიული, ისევე თვით ნაწარმოების ენის ნიშნები მათ სიძველეს ცხადყოფდნენ სრული უეჭველობით. რამდენჯერაც კი არ გადავიკითხავდი ამ ორი ეტრატის ნაჭრის ფოტოტიპიას, ეს რწმენა უფრო და უფრო მიძლიერდებოდა. ჩემი სიხარული გაორკეცებული იყო, როდესაც გამოვარკვიე, რომ ამ ნაწყვეტებში შენახული გვქონდა დაბადების ტექსტი, სახელდობრ, იერემიას XVII, 26—XVIII, 8
ივანე ჯავახიშილის მიერ პალიმფსესტის ქართული ტექსტის რაობის გარკვევის და ასაკის დაახლოებით განსაზღვრის შემდეგ, მან დააპირა ეცნობებინა ოქსფორდის ბიბლიოთეკისათვის, რომ ისინი უძველესი ქართული ხელნაწერის ნაწყვეტის მფლობელები იყვნენ, თანაც სურდა ეთხოვა, რომ გამოეგზავნათ ფოტოსურათები სხვა ქართული პალიმფსესტებისა, რომელთა არსებობა ინგლისში კიდევ იყო სავარაუდებელი, მაგრამ ეს გადაიფიქრა და მხოლოდ ქართულ-ებრაული პალიმფსესტის შესახებ აცნობა მათ. ივანე კავახიშილმა შემდეგ სხვა პალიმფსესტების კვლევა დაიწყო, რომლიც თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის მუზეუმში იყო.
ლიტერატურა
რედაქტირება- ი. ჯავახიშვილი, ახლად აღმოჩენილი უძველესი ქართული ხელნაწერები და მათი მნიშვნელობა მეცნიერებისათვის. „ტფილისის უნივერსიტეტის მოამბე“ II, 1923; გადაბეჭდილია ავტორის „ქართული დამწერლობათა-მცოდნეობა ანუ პალეოგრაფიის“ მე-2 გამოცემაში, 1949.
- ა. შანიძე უძველესი ქართული ტექსტების აღმოჩენის გამო. „ტფილისის უნივერსიტეტის მოამბე“, II, 1923. გადაბეჭდილია ავტორის თხზულებათა II ტომში, 1981.
- ა. შანიძე ნაშთები მესამე პირის ობიექტური პრეფიქსის ხმარებისა ხმოვნების წინ ქართულ ზმნებში. „ტფილისის უნივერსიტეტის მოამბე“, II. 1923. გადაბეჭდილია ავტორის თხზულებათა II ტომში, 1981.
- ზ. ჭუმბურიძე. ქართული ხელნაწერების კვალდაკვალ. 1983 წელი.
რესურსები ინტერნეტში
რედაქტირებასქოლიო
რედაქტირება- ↑ qarTuli enis uZvelesi werilobiTi Zeglebi. www.dzeglebi.ge.
- ↑ ქართველოლოგია, უძველესი ქართული წერილობითი ძეგლები. mshobliuriena19.blogspot.com. 14 აპრილი
- ↑ ,,კონსტანტინე სურგულაძემ ქართული ხელნაწერები ეროვნულ ბიბლიოთეკას გადასცა". www.interpressnews.ge. 17.04.2014 / 18:16. მესამე აფზაცი
- ↑ უძველესი ქართული ხელნაწერების ციფრული ვერსიები საქართველოშია. ghn.ge. 16 აპრილი 2014, 18:35