ქალაქი-მშვენიერი
ქალაქი-მშვენიერი (ინგლ. City Beautiful) — პროგრესული რეფორმატული მიმდინარეობა ჩრდილოეთ ამერიკის არქიტექტურასა და ქალაქგეგმარებაში 1980-იან და 1900-იან წლებში, რომლის მიზანი ქალაქებში კეთილმოწყობისა და მონუმენტური გრანდიოზულობის მეშვეობით უკიდურესად გაღარიბებულ ურბანულ გარემოში მორალურ დეგრადაციასთან შეწინააღმდეგება იყო. მიმდინარეობის თვითმიზანი, რომელიც თავდაპირველად უმეტესწილად ჩიკაგოს, დეტროიტსა და ვაშინგტონს უკავშირდებოდა, სილამაზე არ ყოფილა, არამედ მისი გამოყენება როგორც სოციალური მართვის ხელსაწყოსი ქალაქის მოსახლეობის მორალური თვითშეგნების ამაღლებისთვის.[1] მიმდინარეობის აქტივისტებს სწამდათ, რომ ამგვარი კეთილმოწყობის პროექტები საფუძველს ჩაუყრიდა ჰარმონიულ სოციალურ წყობას, რომელიც თავის მხრივ უკიდურესად ხელმოკლე ქალაქელებისთვის ცხოვრების გაუმჯობესებას შეუწყობდა ხელს.
ისტორია
რედაქტირებამიმდინარეობის წარმოშობის მიზეზი აშშ-ში ქალაქების ცენტრალურ უბნებში შექმნილი გაუსაძლისი ცხოვრების პირობები გახდა, რომელიც უცხოელთა მოზღვავებული იმიგრაციისა და სამსახურის ძიებაში სოფლის მოსახლეობის ქალაქებში მასიური გადანაცვლების შედეგი იყო. მიმდინარეობა მხოლოდ ორიოდე ათწლეულს იყო აქტუალური, თუმცა გარდა ამ პერიოდის გრანდიოზული კლასიცისტური მონუმენტებისა, მან დიდი ზეგავლენა იქონია ქალაქგეგმარებაზე მთელი მე-20 საუკუნის განმავლობაში. მიმდინარეობა "ქალაქი-ბაღნარი" (Garden City) პარალელურად ვითარდებოდა ბრიტანეთში და მას ემყარება ლონდონის შედარებით ახალი გარეუბნების გეგმარება. ორივე მიმდინარეობა ერთმანეთს დაესესხა ესთეტიურობას, თუმცა ერთი უფრო ფორმალურ ბაღის დაგეგმვასა და ბაროკოს პერიოდის ურბანიზაციის სქემებს ემყარებოდა, მეორე კი ნახევრად დამოუკიდებელი ვილებით უფრო სოფლის იდილიურ ატმოსფეროს ქმნიდა. მიმდინარეობის კრიტიკოსთა მტკიცებით ამ სტილის უნიფორმულობა და მაღალფარდოვნება ურბანული გარემოს უღიმღამობისა და სტერილურობის მიზეზი გახდა, რაც პარადოქსულად ამ ქალაქთა უფრო მეტად დაკნინებას უწყობდა ხელს.
არქიტექტურა
რედაქტირებაარქიტექტურული სტილი მოძრაობამ იმ დროისთვის თანამედროვე Beaux-Arts მიმდინარეობისგან ისესხა, რომელიც წესრიგის, ღირსებისა და ჰარმონიულობის აუცილობლობას ეფუძნებოდა. მოძრაობა ასევე ესესხა კლასიკური მონუმენტური დაგეგმვის პრინციპს, თუმცა განსხვავდებოდა ჭეშმარიტი ნეოკლასიკური სტილისგან იმით, რომ მასში კლასიკური იდიომები მხოლოდ ნაწილობრივ იყო ათვისებული, შერეული ბოზ-არტის ელემენტებთან უნიფორმულობისა და სტილის ჰარმონიულობის მისაღწევად.
მსოფლიო კოლუმბიური ექსპოზიცია
რედაქტირებაქალაქი-მშვენიერის პირველ ფართომასშტაბიან ხორცშესხმად მოიაზრება ე. წ. "თეთრი ქალაქი" (White City), როგორც მას მოგვიანებით შეარქვეს, მსოფლიო კოლუმბიურ ექსპოზიციაზე 1893 წელს, ჩიკაგოში. ექსპოზიციის დაგეგმვას ხელმძღვანელობდა არქიტექტორი დენიელ ბარნჰემი, რომელმაც არქიტექტორთა ჯგუფი აშშ-ის აღმოსავლეთ სანაპიროდან ჩამოიყვანა, მოქანდაკე ოგუსტ სენ-გოდენთან ერთად, გრანდიოზული კლასიკური უნიფორმულობის ბოზ-არტის სტილის მონუმენტების ასაგებად. ექსპოზიციამ წარმოადინა მასშტაბური ქალაქის მოდელი ვრცელი სატრანსპორტო სისტემებითა და, რაც მთავარია, ხილული სიღარიბის გარეშე. ამ ექსპოზიციას მიაწერენ ამერიკულ არქიტექტურაში შემდგომი 15 წლის განმავლობაში გამეფებულ მონუმენტურობას. რიჩმონდში, ვირჯინია, მონუმენტ ავენიუ ამ საწყისი მიმდინარეობის ერთ-ერთი მკაფიო ნიმუშია.
მაკმილანის გეგმა
რედაქტირებაქალაქი-მშვენიერის იდეალის გამოყენების პირველი მცდელობა რეალური ქალაქის გეგმაში კეთილმოწყობის საშუალებით სოციალური წესრიგის დამყარების მიზნით იყო მაკმილანის გეგმა. ამ გეგმის საფუძველი გახდა სენატის პარკების კომისიის ვაშინგტონის მონუმენტური ბირთვის განახლების გეგმა ქალაქის დაარსების ასი წლისთავის აღსანიშნავად და ასევე ასი წლით ადრე პიერ შარლ ლ'ანფანის ქალაქის გეგმის განუხორციელებელი ასპექტების დასრულება.
ვაშინგტონის მგეგმავებმა, რომელთა შორის იყვნენ ბარნჰემი, სენ-გოდენი, შარლ მაკკიმი და ფრედერიკ ლოუ ოლმსტედი, უმც., მოინახულეს ევროპის მრავალი უდიდესი ქალაქი ვაშინგტონისთვის ისეთი გეგმის მოსაფიქრებლად, რომელიც მას იმდროინდელი ევროპის დედაქალაქების თანაწორს გახდიდა, იმავდროულად შექმნიდა რა მთავრობის ლეგიტიმურობის შეგრძნებას ამერიკაში მწვავე სოციალური წინააღმდეგობის პერიოდში. ამ გეგმის მიხედვით შეერთებული შტატების კაპიტოლიუმი გარშერმორტყმულ იქნა მონუმენტური სამთავრობო ნაგებობებით, რომლებმაც ჩაანაცვლა ყბადაღებული ღატაკი უბნები. დიზაინის ამომავალი ნაწილი ე.წ. "ეროვნული მინდორი" (National Mall) იყო, რომელსაც შემდეგ ბარნჰემისეული იუნიონ სტეიშენი (ცენტრალური რკინიგზის სადგური) დაემატა. გეგმის განხორციელებას ხელი შეუშალა პირველი მსოფლიო ომის დაწყებამ, თუმცა ომის დასრულებისთანავე მშენებლობა გაგრძელდა და 1922 წელს ლინკოლნის მემორიალის აგებით დასრულდა.
გავლენა სხვა ქალაქებზე
რედაქტირებამიმდინარეობის წარმატებამ ვაშინგტონში განაპირობა მისი ზეგავლენა გვიანდელი განაშენიანების გეგმებზე მრავალ სხვა ქალაქში, მათ შორის ჩიკაგოში, კლივლენდში, კოლუმბუსში, მონრეალში, დენვერში, მედისონში, ნიუ-იორკში, პიტსბურგსა და სან-ფრანცისკოში. ნიუ-ჰევენში, ჯონ რასელ პოუპის გეგმით შეიქმნა იელის უნივერსიტეტის კამპუსი.
პირველი მსოფლიო ომის შემდეგ მიმდინარეობამ თანდათან დაკარგა პოპულარობა კრიტიკოსთა მტკიცებით მისი სიძვირის, არაპრაქტიკულობისა და ელიტისტური ხასიათის გამო.
დენვერი
რედაქტირებადენვერში ქალაქი–მშვენიერის ინტენსიური დაგეგმვის ერთ–ერთი მთავარი ინიციატორი და მხარდამჭერი მერი რობერტ სპეერი იყო, რომლის გეგმა ფიგურირებდა საზოგადოებრივი ცენტრის გარშემო, რომელსაც კოლორადოს შტატის კაპიტოლიუმი აგვირგვინებდა. გეგმა ნაწილობრივ განხორციელდა გაცილებით მცირე მასშტაბით, ბერძნული ამფითეატრით, ვოორჰის მემორიალითა და საზოგადოებრივ მოღვაწეთა კოლონადით, და 1919 წელს დასრულდა. ენდრიუ კარნეგის ფონდმა დააფუძნა დენვერის საჯარო ბიბლიოთეკა (1910), ბერძნული აღორძინების ტაძრის მსგავსი სამსართულიანი შენობა კოლოსალური იონიური კოლონადით წინა ფასადის გასწვრივ, შიგნით კი ღია თაროებით, სამხატვრო გალერეითა და საბავშვო ოთახით. მონუმენტურობა ქალაქი–მშვენიერის გეგმარების უმნიშვნელოვანესი დამახასიათებელი ნიშანი იყო: დენვერში ეს საქმე პარიზში განათლებულ ამერიკელ მოქანდაკე ფრედერიკ მაკმონისს დაევალა. თუმცა სმოკი ჰილის ბილიკის ბოლოს მისეული ბრინჯაოს ინდიელი გზამკვლევის იდეას კომიტეტმა ვეტო დაადო და მის ნაცვლად ამხედრებული კიტ კარსონი დაიდგა.
რესურსები ინტერნეტში
რედაქტირება- ვირჯინიის უნივერსიტეტი: მიმდინარეობა ქალაქი-მშვენიერი დაარქივებული 2011-05-14 საიტზე Wayback Machine.
- ისტორიული რიჩმონდი დაარქივებული 2004-08-15 საიტზე Wayback Machine.
- დენვერის საჯარო ბიბლიოთეკა: დენვერი, ქალაქი-მშვენიერი დაარქივებული 2005-08-28 საიტზე Wayback Machine.
- თომას მოუსონის ქალაქ კალგარის, კანადა, გეგმა
სქოლიო
რედაქტირება- ↑ დენილ მ. ბლუსტოუნი, კოლუმბიის უნივერსიტეტი, (სექტემბერი, 1988). დეტროიტის ქალაქი-მშვენიეირ და კომერციის პრობლემა დაარქივებული 2007-03-03 საიტზე Wayback Machine. Journal of the Society of Architectural Historians, Vol. XLVII, No. 3, გვ. 245-62.
არქიტექტურის პორტალი – დაათვალიერეთ ვიკიპედიის სხვა სტატიები არქიტექტურასა და ურბანიზმზე. |