ალექსანდრე ყიფშიძე

(გადამისამართდა გვერდიდან ფრონელი)
სხვა მნიშვნელობებისთვის იხილეთ ყიფშიძე.

ალექსანდრე თევდორეს ძე ყიფშიძე (ფსევდონიმი ფრონელი) (დ. 13 იანვარი, 1862, წვერი — გ. 29 ივნისი, 1916, თბილისი) — ქართველი ისტორიკოსი, პუბლიცისტი, საზოგადო და პოლიტიკური მოღვაწე.

ალექსანდრე ყიფშიძე
დაბადების სახელი ალექსანდრე თევდორეს ძე ყიფშიძე
დაბადების თარიღი 13 იანვარი, 1862
წვერი, რუსეთის იმპერია
გარდაცვალების თარიღი 29 ივნისი, 1916
თბილისი
პროფესია ქართველი ისტორიკოსი, პუბლიცისტი, საზოგადო და პოლიტიკური მოღვაწე.

ბიოგრაფია

რედაქტირება

დაიბადა გორის მაზრის სოფელ წვერში, ღარიბი მღვდლის ოჯახში. გორის სასულიერო სასწავლებლის დასრულების შემდეგ სწავლა განაგრძო თბილისის სასულიერო სემინარიაში. 1882 წლის აპრილში სასულიერო სასწავლებლების კურსდამთავრებულებს მიეცათ უფლება, სწავლა განეგრძოთ საერო უმაღლეს სასწავლებლებში. ყიფშიძემ ატესტატის მისაღებად გამოცდები გაიარა თბილისის მეორე კლასიკურ გიმნაზიაში და 1884 წელს ჩააბარა ხარკოვის უნივერსიტეტის ისტორიულ-ფილოლოგიურ ფაკულტეტზე, რომელიც დაასრულა 1888 წელს. როგორც გიმნაზიის კურსდამთავრებულს, დაენიშნა 25 მანეთი თვიური სტიპენდია იმ პირობით, რომ უნივერსიტეტის დასრულების შემდეგ განათლების უწყებაში დაიწყებდა მუშაობას, მაგრამ 1888 წელს სამშობლოში დაბრუნებულ ყიფშიძეს კავკასიის სასწავლო ოლქის მზრუნველმა იანოვსკიმ არ მისცა მასწავლებლად მუშაობის დაწყების უფლება.

ყიფშიძე იძულებული გახდა, მოეძებნა სახელმწიფო სამსახური. მუშაობდა სახაზინო პალატაში, საგუბერნიო საქმეთა სამმართველოში, საგლეხკაცო საქმეთა საკრებულოში და სხვ. ყიფშიძემ სამწერლო საქმიანობა ჯერ კიდევ სემინარიაში ყოფნის დროს დაიწყო, აქვეყნებდა კორესპონდენციებს გაზეთ „დროებაში“. 1884 წელს გამოაქვეყნა პირველი მოთხრობა საყმაწვილო ჟურნალ „ნობათში“. უნივერსიტეტიდან დაბრუნებული სისტემატურად თანამშრომლობდა გამოცემებთან „ცნობის ფურცელი“, „მეგობარი“, „საქართველო“, „მოამბე“, „ერი“. 1889 წლიდან გახდა „ივერიას“ მუდმივი თანამშრომელი. იყო ჟურნალ „კლდისა“ და გაზეთ „საქართველოს“ ერთ-ერთი დამფუძნებელი და რედკოლეგიის წევრი.

1900-1905 წლებში მუშაობდა ახალციხეში მომრიგებელ მოსამართლედ. 1905-1907 რევოლუციის დროს ქართული საზოგადოების მხარდაჭერით დაინიშნა ქუთაისის გუბერნატორის, ვლადიმირ სტაროსელსკის მოადგილედ. სტაროსელსკიც და ყიფშიძეც ფარულად თანაუგრძნობდნენ რევოლუციურ მოძრაობას, ამიტომ, როგორც პოლიტიკურად არასაიმედო, მალე გენერალმა ალიხანოვ-ავარკიმ მოხსნა და დააპატიმრა. სტაროსელსკი პეტერბურგში გაუშვეს, ხოლო ყიფშიძე მეტეხის ციხეში ჩასვეს. საჯარო სამსახურიდან ყიფშიძე უპენსიოდ და უმუნდიროდ დაითხოვეს.

1907 წლიდან სიცოცხლის ბოლომდე მუშაობდა თბილისის სათავადაზნაურო საკრებულოსთან არსებული საადგილმამულო კომისიის მდივნად. ის დიდ მუშაობას ეწეოდა საქართველოს ეკონომიკის აღორძინებისათვის. იყო გაზეთ „საქართველოს" ერთ-ერთი დამაარსებელი, ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობის წევრი. ყიფშიძე იკვლევდა XIX საუკუნის საქართველოს ისტორიის საკითხებს. ყიფშიძე ერთი პირველთაგანი იკვლევდა ქართველი ხალხის ეროვნულ-განმათავისუფლებელ მოძრაობას, ქართველი ხალხის ანტიკოლონიალურ და ანტიფეოდალური ბრძოლის ისტორიას. ყიფშიძის ნაშრომებისათვის დამახასიათებელია ცალკეული ისტორიული მოვლენებისა და ფაქტების საერთო ისტორიის ფონზე განხილვა. ყიფშიძე ეწეოდა მთარგმნელობით მუშაობასაც.

აღსანიშნავია მისი ნაშრომები: „მთიულეთი 1804 წ." (ტფილისი, 1896), „ამბოხება კახეთისა (1812)" (ტფილისი, 1907), „დიდებული მესხეთი" (გორი, 1914), „მთის არწივი, შამილი" (ტფილისი, 1914) და სხვ.

დაკრძალულია ქართველ მწერალთა და საზოგადო მოღვაწეთა დიდუბის პანთეონში.

ლიტერატურა

რედაქტირება
  • გოზალიშვილი შ., ყიფშიძე (ფრონელი) ალექსანდრე თევდორეს ძე (1862-1916), კრ.: სახალხო განათლების ქართველი მოღვაწეები და სახალხო მასწავლებლები, კრ. 3, თბ., 1968;
  • სახოკია თ., ჩემი საუკუნის ადამიანები, თბ., 1984;
  • სიდამონიძე უ., ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 10, თბ., 1986. — გვ. 656.
  • ზ. ბაბუნაშვილი, თ. ნოზაძე, „მამულიშვილთა სავანე“, გვ. 359, თბ., 1994
  • საითიძე გ. „ღირსეული მამულიშვილი, ღირსეულთა შორის“, „ახალი და უახლესი ისტორიის საკითხები“ N18 2016 წ. გვ. 106-117—თბილისი, „უნივერსალი“ 2016 ISSN 1512-3154