ფოტოტროპიზმი
ფოტოტროპიზმი (ფოტო... და ბერძ. tropos — მობრუნება) — მცენარის ორგანოების ზრდის მიმართულების შეცვლა სინათლის ცალმხრივი მოქმედების გავლენით. დადებითი ფოტოტროპიზმი (გადახრა სინათლის მიმართულებით ახასიათებს ღერძულ ყლორტებს, ფოთლის ყუნწების უმეტესობას); უარყოფითი ფოტოტროპიზმი (მოძრაობა სინათლის წყაროს საწინააღმდეგო მიმართულებით) ნაკლებადაა გავრცელებული (სუროს მოსაკიდი ფესვები, ზოგიერთი მცენარის ჩანასახოვანი ფესვები, ველური ვაზის ულვაშები და სხვა). ფესვები უმეტესად ავტოტროპულია — არ რეაგირებენ სინათლეზე. პლაგიოფოტოტროპიზმი (ორიენტირება გარკვეული კუთხით სინათლის წყაროსადმი) ახასიათებს ბევრ გვერდით ყლორტს, მისი კერძო შემთხვევა — დიაფოტოტროპიზმი (ორიენტირება სინათლის წყაროს მიმართ 90°-იანი კუთხით) — ფოთლის ფირფიტების უმეტესობას.
ერთმა და იმავე ორგანომ შეიძლება გამოავლინოს დადებითი ფოტოტროპიზმი სუსტ სინათლეზე, უარყოფითი — ძლიერზე და და სრულიად არ გამოამჟღავნოს ფოტოტროპიზმი საშუალოზე. სხვადასხვა სახეობის მცენარის ფოტოტროპიზმის უნარი განსხვავებულია. იგი შეიძლება იცვლებოდეს ერთ და იმავე სახეობაში ასაკის მიხედვით (ახალგაზრდა ეგზემპლარებში იგი მეტია, ვიდრე ხნიერებში). დადებითი ფოტოტროპიზმი უმეტესად ვლინდება განათებულ მხარეს მისი გაძლიერების შედეგად, რასაც იწვევს აუქსინის არათანაბარი განაწილება. ფოტოტროპიზმის გაღიზიანების აღქმისა და გავრცელების მექანიზმი იგივეა, რაც ყველა ტროპიზმისა.
თესლოვან მცენარეებში ფოტოტროპიზმის რეაქციას იწვევს მხოლოდ მოკლეტალღიანი (ლურჯი) სხივები. გაღიზიანების აღქმა ხორციელდება სპეციფიკური ფოტოაქტიური კომპლექსით, რომლის შემადგენლობაში შედის კაროტინოიდები და ფლავინური პიგმენტები. გვიმრებისა და ხავსების პროტონემებისათვის ეფექტურია აგრეთვე გრძელტალღიანი სხივები; სავარაუდოა, რომ აქ ფოტოტროპული რეაქციის ჩართვა ხდება ფოტოქრომული სისტემის მეშვეობით.
ლიტერატურა
რედაქტირება- ნემსაძე ნ., ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 10, თბ., 1986. — გვ. 384.