ფარავანი (ტერიტორია)
ფარავანი, ფარავნა, ფანავრა, ფანავარი — ტერიტორიული ერთეული შუა საუკუნეების სამხრეთ საქართველოში, თრიალეთისა და ჯავახეთის საზღვარზე; ქართლის სამეფოს შემადგენელი ნაწილი. სახელწოდება „ფარავანი“ წყაროებში პირველად XVI საუკუნეში იხსენიება, მაგრამ ტერმინი უფრო ძველი უნდა იყოს. ფარავანი მოიცავდა ისტორიულ სოფლებს: გასადინს, მახარონს, შაორს; ახლანდელ სოფლებს ფოკას (ძვ. ფოკანი), ასფარას. ფარავნის რეგიონის მიწები და დასახლებები სამეფო და საკათალიკოსო საკუთრებას წარმოადგენდა. აქ გადიოდა ბიზანტიისაკენ, სომხეთისა და დასავლეთ საქართველოსაკენ მიმავალი გზები. ქართული წყაროების ცნობით IV საუკუნეში კაპადოკიიდან ქართლს (მცხეთას) მიმავალმა ნინომ (შემდგომ ქართველთა განმანათლებელმა) ფარავანი გაიარა, იყო სოფელ ფოკაში. ფარავანში შემორჩენილია პალეოლითისა და ენეოლითის ხანის სადგომები და იარაღი. ფარავნის ტბის ნაპირზეა ყორღანული ველი. წინა ადრინდელი, შუა და გვაინელი ფეოდალური ხანის ძეგლებია: ციხესიმაგრეთა ნანგრევები შაორის მთაზე და ახლანდელი ნინოწმინდის მუნიციპალიტეტის სოფელ ვლადიმიროვკაში (ძვ. პობლიკამი), ციხესიმაგრე სოფელ ფოკაში (მოქმედი იყო წინა ფეოდალური ხანიდან), ფარავნის ქარვასლა სოფელ როდიონოვკაში (ძვ. ფარავანი) და სხვა.
ლიტერატურა
რედაქტირება- ბერძენიშვილი დ., ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 10, თბ., 1986. — გვ. 221.
- ბერძენიშვილი დ., ჯავახეთის ისტორიული გეოგრაფიის საკითხები, «საქართველოს ისტორიული გეოგრაფიის კრებული», 1975, ტ. 5;
- ბერძენიშვილი ნ., «საქართველოს ისტორიის საკითხები», წგნ. 1, თბ., 1964;
- მელიქსეთ-ბეგი ლ., მეგალითური კულტურა საქართველოში, თბ., 1938;