დავით (უჩა) კონსტანტინეს ძე დადიანი (დ. 13 აპრილი, 1875, ზუგდიდის მაზრა, — გ. 18 ოქტომბერი, 1932, ნიუ-იორკი, დაკრძალულია იქვე, მაუნთ-ოლივეტის სასაფლაოზე) — ქართველი სამხედრო პირი, რუსეთის იმპერატორის ნიკოლოზ II-ის კონვოის ოფიცერი, I მსოფლიო ომის მონაწილე. 1921 წლიდან ემიგრანტი.

ბიოგრაფია

რედაქტირება

დაიბადა უგანათლებულეს თავად კონსტანტინესა და მაია დადიანების ოჯახში. დაამთავრა თბილისის კადეტთა კორპუსი (1894), შემდეგ პაჟთა კორპუსი პეტერბურგში (1897). სამხედრო სამსახური დაიწყო ხორუნჟის ჩინით ყუბანის კაზაკთა ჯარის ხოპიორის კაზაკთა 1-ლ პოლკში. 1899 წლიდან, როგორც ლაიბგვარდიის ყუბანის კაზაკთა 1-ლი ასეულის ოფიცერი, ირიცხებოდა მისი უდიდებულესობის საკუთარ კონვოიში. დაახლოებული იყო ნიკოლოზ II-ის ოჯახთან; სასახლის კარზე ცნობილი იყო ექსტრავაგანტულობით.

1911-1914 წლებში დადიანი გასამართლებული იყო ბაღდათის მეტყევეობის ჩინოსნის, თავად ალექსანდრე (ციოყ) დადიშქელიანის მკვლელობის (1910 წლის 8 იანვარი) საქმესთან დაკავშირებით. გახმაურებული პროცესი ჯერ ვლადიკავკაზის საოლქო სასამართლოში, შემდეგ თბილისის სასამართლო პალატაში (გასვლით სხდომაზე ბაქოში), ბოლოს კი მმართველი სენატის სისხლის სამართლის საკასაციო დეპარტამენტში მიმდინარეობდა. დადიანს დადიშქელიანის ქვრივთან — ბარბარე (ბაბილინა) გიორგის ასულ ერისთავთან ერთად მკვლელობის წინასწარ განზრახვით დაგეგმვასა და მის სისრულეში მოსაყვანად დანაშაულებრივი ჯგუფის ორგანიზებას ედავებოდნენ. სასამართლომ უჩა დადიანი დამნაშავედ ცნო და 20-წლიანი კატორღა მიუსაჯა. განაჩენის სენატში გასაჩივრებისას მის ინტერესებს ცნობილი ადვოკატი ნიკოლაი კარაბჩევსკი იცავდა. საბოლოოდ, სენატმა უჩა დადიანი უდანაშაულოდ ცნო. მოგვიანებით დადიანი დადიშქელიანის ქვრივზე დაქორწინდა.

I მსოფლიო ომის დროს უჩა დადიანი იყო ყუბანის კაზაკთა ჯარის ეკატერინოდარის მე-2 პოლკის ესაული და მიმაგრებული იყო 1-ლი კავკასიური („ველური“) ადგილობრივთა ცხენოსანი დივიზიის ჩაჩნურ ცხენოსან პოლკს (დადიანის ასეულში მსახურობდნენ ასევე მისივე ნათესავები — მუშნი, ოთარ, ჯონჯი და ჯუგუ დადიანები). თავი გამოიჩინა ბრძოლებში კარპატებში. დაჯილდოებული იყო წმ. გიორგის IV ხარისხის ორდენით (1916) და გიორგის იარაღით (1916). იმავე წლის თებერვლის რევოლუციის შემდეგ საქართველოში დაბრუნდა. 1918-1921 წლებში მსახურობდა საქართველოს სახალხო გვარდიაში, მონაწილეობდა ბოლშევიკური არეულობის ლიკვიდაციაში სამეგრელოსა და აფხაზეთში. 1921 წელს საქართველოს გასაბჭოების შემდეგ ემიგრაციაში წავიდა კონსტანტინეპოლში, სადაც საგზაო შემთხვევას ემსხვერპლა მისი მეუღლე ბარბარე. 1923 წელს დადიანი გადასახლდა ამერიკის შეერთებულ შტატებში. მუშაობდა მაჩაბლის პარფიუმერულ ფირმაში. იყო ქართული და ჩერქეზული სათვისტომოების წევრი. მონაწილეობდა საჭადრაკო ტურნირებში.

ლიტერატურა

რედაქტირება
  • კანვოი : რუსეთის იმპერატორთა ქართველი მცველები / ირაკლი მახარაძე. - თბილისი : ბაკურ სულაკაურის გამ-ბა, 2018. – ISBN 9789941239427;
  • Карабчевский, Н.П. Судебные речи / Н.П. Карабчевский. – Москва : Директ-Медиа, 2012.

რესურსები ინტერნეტში

რედაქტირება