ტყის მემინდვრია
ტყის მემინდვრია (ლათ. Clethrionomys) — ძუძუმწოვართა გვარი ზაზუნასებრთა ოჯახისა. სხეულის სიგრძეა 77–13 სმ, კუდისა — 2,5–6 სმ. ყურები საშუალო ზომის და მომრგვალებულია; კუდი დაფარულია თმით. წინა კიდურებზე პირველი თითი ძლიერ დამოკლებულია. ზურგი მორუხოა წითური ტონებით ან ღია წითური; მუცელი რუხი ან თეთრი; ზამთრის ბეწვი ბევრად ხშირი და ღიაა. ლოყის კბილებს აქვთ ფესვები, რომლებიც ასაკთან ერთად იზრდება.[1]
ტყის მემინდვრია | |||||||||||||||
---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|
ქარცი მემინდვრია (Myodes glareolus) | |||||||||||||||
მეცნიერული კლასიფიკაცია | |||||||||||||||
| |||||||||||||||
ლათინური სახელი | |||||||||||||||
Clethrionomys (Tilesius, 1850) | |||||||||||||||
|
ცნობილია 9–12 სახეობა. გავრცელებული არიან ევრაზიაში (სამხრეთით თურქეთამდე, ჩრდილოეთ მონღოლეთამდე, კორეამდე), სახალინზე, კურილისა და იაპონიის კუნძულებზე, ჩრდილოეთ ამერიკის ჩრდილოეთ და დასავლეთ ნაწილში. ბინადრობენ ტყის სხვადასხვა ლანდშაფტში, ჩრდილოეთში შედიან ბუჩქნარიან ტუნდრაში; მთებში ადიან ზღვის დონიდან 3000 მეტრამდე.[1]
აქტიურები არიან დღე-ღამის განმავლობაში. იკვებებიან ხეებისა და ბუჩქების ფესვებითა და კვირტებით, ნაყოფით, თესლებით, ჭამენ ხავსს, ლიქენებს, სოკოებს, სხვადასხვა უხერხემლოებს. თხრიან უბრალო არაღრმა სოროებს. ბუდეს იწყობენ ზედაპირზე არსებულ თავშესაფრებში, იშვიათად მიწის ქვეშ. სახლის თაგვების არყოფნის შემთხვევაში შეუძლიათ ადამიანის საცხოვრებელში და სამეურნეო ნაგებობებში ცხოვრებაც (ქარცი მემინდვრია, C. glareolus; წითელი მემინდვრია, C. rutilus).[1]
ხელსაყრელ წლებში ტყის მემინდვრიების გამრავლება იწყება თოვლის დნობის შემდეგ და გვიან შემოდგომამდე გრძელდება. დედალი წელიწადში 4 თაობას იძლევა, თითოეული დაყრის დროს შობს 5–6 (11-მდე) ნაშიერს. მაკეობა გრძელდება 20 დღემდე; სქესობრივ სიმწიფეს სიცოცხლის პირველ წელს აღწევენ, ბუნებაში ცოცხლობენ 2 წელზე ნაკლებს. რიგ სახეობებს ახასიათებს რიცხოვნობის მრავალწლიანი რყევები გამოხატული პიკებითა და დეპრესიებით.[1]
სოროების ქსელის წარმოქმნითა და შენარჩუნებით, რასაც სხვა მცირე ზომის ცხოველებიც იყენებენ, მემინდვრიები მნიშვნელოვან როლს ასრულებენ ტყის ეკოსისტემებში; წარმოადგენენ ბეწვის მხრივ საინტერესო მტაცებელი ცხოველების ძირითად საკვებს. ადგილ-ადგილ ზიანის მოტანა შეუძლიათ ტყის სანერგეებისა და ახალგაზრდა ბაღებისათვის. არიან ადამიანის რიგი საშიში ინფექციური დაავადებების (ტკიპის ენცეფალიტი, პარტახტიანი ტიფის ცხელება, ლეპტოსპიროზი და სხვ.) მატარებლები.[1]
სქოლიო
რედაქტირება- ↑ 1.0 1.1 1.2 1.3 1.4 Щипанов Н. А. Лесные полёвки // Большая российская энциклопедия. т. 17. — М., 2011. — стр. 322.