ქარცი მემინდვრია (ლათ. Clethrionomys glareolus) — მღრღნელი ზაზუნასებრთა ოჯახისა. მცერე ზომის მემინდვრიაა, სხეულის სიგრძე 11,2 სმ-მდეა, კუდისა — 6 სმ-მდე. ზურგი სხვადასხვა ელფერით ყავისფერ-ჟანგისფერია; მუცელი ბაცი რუხია. კუდი მკაფიოდ ორფეროვანია: მისი ზედა მხარე მუქია, ქვედა მხარე მოთეთრო, მოკლე ბეწვითაა დაფარული და მის ქვეშ ჩანს ქერცლოვანი კანი. ფეხები შავია. გავრცელებულია ევროპაში, აზიაში, კავკასიაში; საქართველოში გავრცელებულია გურია-აჭარის ქედზე, ზღვის დონიდან 1600 მ სიმაღლემდე. ბინადრობს ფოთლოვან და წიწვოვან ტყეებში, მაღალი ბალახით დაფარულ ველობებზე. შემოდგომით და ზამთრობით გვხვდება თივის ბულულებში და ნაგებობებში. იკვებება უმთავრესად ბალახოვანი მცენარეების მწვანე ნაწილებით და თესლებით; ჭამს აგრეთვე ხეების ქერქს, კვირტებს, სოკოებს, ლიქენებს. ბუდეს იკეთებს მოკლე და ვრცელ სოროში, რომელსაც რამდენიმე გამოსასვლელი ხვრელი აქვს. მრავლდება წელიწადში 3–4-ჯერ: თითოეულ ჯერზე შობს 2–5 ნაშიერს. აზიანებს ტყის ახალგაზრდა ნარგავებს, ტყის ჯიშთა სანერგეებს, ხეხილის ბაღებს, პროდუქტების მარაგს.[1]
- ↑ ყურაშვილი ბ., კოხია ს., არაბული ა. და სხვ., საქართველოს ძუძუმწოვრები, : „მეცნიერება“, 1981. — გვ. 25.