ტფილისის უნიკა
ტფილისის უნიკა | |
ქვეყანა | რუსეთის იმპერია ტფილისის საქალაქო ფოსტა |
თარიღი | 1857 წ. 20 ივნისი |
უნიკალობა | უიშვიათესი, ლეგენდარული |
ტირაჟი | უცნობი; მცირე |
ნომინალი | 6 კაპიკი |
ბეჭდვა | უსაღებავო; დაწნეხვა |
დახასიათება | დაუკბილავი |
შემორჩა | 3 ეგზ. (სუფთა) |
ახალი ფასი | 500 000 აშშ $ |
ტფილისის უნიკა, ტფილისის მარკა, კოჯრის მარკა (რუს. Тифлисская уника) — უიშვიათესი საფოსტო მარკა, რომელიც დაიბეჭდა 1857 წლის 20 ივნისს რუსეთის იმპერიაში შემავალ ტფილისის გუბერნიაში. მარკა მიმოქცევაში იყო მცირე დროის განმავლობაში და გამოიყენებოდა ტფილისის საქალაქო ფოსტაში, ტფილისისა და კოჯრის მასშტაბით საფოსტო მომსახურების საფასურის ნიშნად. ერთი ვერსიით, მარკა გამოიყენებოდა 1857 წლის 20 ივნისიდან თბილისის მასშტაბით და 15 ივლისიდან კოჯორში გასაგზავნი ფოსტისათვის და ხმარებიდან ამოიღეს 1858 წლის 1 მარტს. ხოლო მეორე ვერსიით, მარკა გამოყენებაში იყო 1865-1866 წლებში.
სწორედ ტფილისის უნიკით იწყება საქართველოსთან დაკავშირებული საფოსტო მარკების ისტორია [1]. ტფილისის უნიკის მხოლოდ სამი ეგზემპლარია შემორჩენილი, სამივე სუფთა ანუ გამოუყენებელი. ამ მარკებმა რამდენიმე კოლექციონერი გამოიცვალა. უკანასკნელად აუქციონზე გატანილი იყო 2000 წელს, საწყისი ფასით $500 000. შესაბამისად, „ტფილისის უნიკა“ მსოფლიოს ყველა ფილატელისტისათვის ცნობილი მარკაა და მოხსენიებულია ყველა ფილატელისტურ კატალოგში, როგორც მსოფლიოში ყველაზე იშვიათი და ძვირად ღირებული საფოსტო მარკა[2].
აღწერილობა
რედაქტირება- ნომინალი — 6 კაპიკიანი. ქალაქ თბილისის მასშტაბით საფოსტო გზავნილის ფასი 5 კაპიკს შეადგენდა, მარკის დაბეჭდვის ღირებულება კი 1 კაპიკი იყო.
- ფორმა — კვადრატული, სადა კიდეებით - დაუკბილავი.
- ბეჭდვა — მოყვითლო-თეთრ ქაღალდზე უფერო რელიეფური ნაჭდევი. ერთ ფურცელზე განთავსებული იყო 5 მარკა.
- ნახატი — მარკაზე მკაფიოდ და ნათლად გამოხატულია ტფილისის გერბი, გერბის თავზე გამოსახულია იმპერიის სიმბოლო - ორთავიანი არწივი დაშვებული ფრთებით.
- ძველი თბილისის გერბი ორი ნაწილისაგან შედგებოდა: ზედა ნაწილში გამოსახული იყო არარატი ნოეს კიდობნით, მდინარე მტკვარი და საქართველოს მფარველი, ცხენზე ამხედრებული წმ. გიორგი. ქვედა ნაწილში კი მერკურის კვერთხი.
- წარწერები — ორთხივე მხარეს მარკის შიდა გვერდებზე იკითხება შემდეგი რუსულენოვანი წარწერები: «ТИФЛИС:», «ГОРОДС:», «ПОЧТА», «6 КОП:» (”ტფილისის”, ”საქალაქო”, ”ფოსტა”, ”6 კაპ”)
- ზურგი — მარკის უკანა მხარე დაფარულია წებოს სქელი ყვითელი ფენით.
ისტორია
რედაქტირება1856 წელს რუსეთის იმპერატორმა ალექსანდრე II-მ ამიერკავკასიაში მეფისნაცვლად დანიშნა თავადი ალექსანდრე ბარიატინსკი. ბარიატინსკიმ წამოიწყო რამდენიმე პროგრესული რეფორმა, მათ შორის, დააარსა თანამედროვე დროის შესაფერისი ტფილისის საქალაქო ფოსტა. ერთი წლის შემდეგ, ტფილისის საქალაქო ფოსტამ მიმოქცევაში გამოუშვა პირველი საფოსტო მარკა. მარკა გამოიყენებოდა ტფილისისა და კოჯრის საფოსტო გზავნილებისათვის. აღსანიშნავია, რომ გენერალ-გუბერნატორი ცხოვრობდა და მოღვაწეობდა ტფილისში, კოჯორში კი მდებარეობდა მისი საზაფხულო რეზიდენცია. ქალაქის შიგნით საფოსტო გზავნილისათვის საკმარისი იყო 1 მარკა, ხოლო კოჯორში გასაგზავნად (და პირიქით) - 3 მარკა. ამ დროს, კავკასიის ოლქის ფოსტის მმართველი იყო ნ. ს. კახანოვი, რომელსაც მიაწერენ მარკის დაბეჭდვის ინიციატივას [3].
რადგან პირველი რუსული მარკის გამოცემის თარიღად მიჩნეულია 1857 წლის 10 დეკემბერი, გარკვეული დროის განმავლობაში მიიჩნევდნენ, რომ „ტფილისის მარკა“ გამოშვებული იყო 1857 წლის ნოემბერ-დეკემბერში. ერთი მოსაზრების თანახმად, „ტფილისის უნიკა“ დაიბეჭდა და მიმოქცევაში გამოვიდა 1857 წ. და ხმარებიდან ამოიღეს 1858 წლის 1 მარტს [4]. უფრო გვიანდელი მოსაზრების თანახმად, „ტფილისის უნიკა“ დაიბეჭდა 1857 წლის 20 ივნისს და გამოიყენებოდა 1865-1866 წლებში. რუსული ფოსტის ისტორიის მკვლევარები ზოგჯერ საერთოდ არ ახსენებენ ამ მარკას. ტფილისის მარკის ცირკულაციაში გაშვების თარიღი და ტირაჟი დღემდე უცნობი რჩება. ფაქტია, რომ მარკა დაიბეჭდა მცირე ტირაჟით და მიმოქცევაში იყო მცირე დროის განმავლობაში. [5][6][7].
კლასიფიკაცია
რედაქტირება„ტფილისის უნიკა“ საყოველთაოდ აღიარებულ კლასიფიკაციაში არ ჯდება, ამიტომ სხვადასხვა მკვლევარი განსხვავებულ კლასიფიკაციას გვთავაზობს:
- ტფილისის საქალაქო ფოსტის პირველი მარკა (კ. ბერნგრადი)
- სახმელეთო ფოსტის მარკა (ი. ბრაუშტეინი)
- ნახევრად ოფიციალური ადგილობრივი გამოცემა (პ. ლავროვი)
- დროებითი ან ადგილობრივი გამოცემა (მ. ლიპშიუცი)
უნიკალურობა
რედაქტირებაპირველ მსოფლიო ომამდე მოძიებული იყო „ტფილისის უნიკას“ სამი ეგზემპლარი. პირველი მათგანი 1913 წელს შეიძინა კოლექციონერმა კ. შმიდტმა, რომელიც პროფესიით არქიტექტორი იყო. 1910-1920 წლებში ტფილისის უნიკის შემორჩენილი სამივე ეგზემპლარი შეიძინა ფილატელისტმა აგაფონ ფაბერჟემ, რომელიც იყო რუსეთიდან 1927 წელს ემიგრირებული ცნობილი იუველირის და კოლექციონერის პეტერ კარლ ფაბერჟეს ვაჟი. ეს მარკები ფაბერჟემ წარმოადგინა 1928 წელს ფილატელისტთა გამოფენაზე ჰელსინგფორსში (ახლანდელი ჰელსინკი, ფინეთი) და 1933 წელს მის მიერვე ორგანიზებულ სენსაციურ გამოფენაზე ქალაქ ვენაში, ავსტრია. სახელი „ტფილისის უნიკა“ შემოთავაზებული იქნა ბაქოელი ფილატელისტის სერგეი კუზოვკინის მიერ 1929 წელს [8].
1936 წელს „ტფილისის მარკა“ შევიდა ევროპის წამყვანი მარკების კატალოგში. ამის შემდეგ მარკამ მრავალი კოლექცია გამოიარა. მოგვიანებით „ტფილისის უნიკას“ ორი ეგზემპლარი გადავიდა ცნობილი ფილატელისტის ზბიგნევ მიკულსკის კოლექციაში, რომელიც შვეიცარიაში ცხოვრობდა და რუსული მარკების დიდი მცოდნე იყო. 1997 მიკულსკიმ ეს მარკები გამოფინა მსოფლიო გამოფენაზე „მოსკოვი-97“. სწორედ აქ იხილა პირველად რუსულმა ფილატელისტურმა საზოგადოებამ ტფილისის მარკები. 2000 წელს ზბიგნევ მიკულსკიმ თავისი კუთვნილი „ტფილისის უნიკას“ ორი ეგზემპლარი აუქციონზე გაიტანა და გაყიდა, საწყის ფასად დასახელდა ნახევარი მილიონი დოლარი. მარკების ახალი მფლობელის სახელი ანონიმური დარჩა. მესამე ეგზემპლარი დანარჩენ ორთან შედარებით შელახულ მდგომარეობაშია და ინახება ლუქსემბურგში მცხოვრები ცნობილი ფილატელისტი ბერლინჟერის კოლექციაში[9].
ტფილისის მარკის უნიკალურობა იმითაცაა განპირობებული, რომ არ შემორჩენილა მარკის არც ერთი სხვა ბათილი ან ფრანკირებული ეგზემპლარი.
“ტფილისის უნიკა” მსოფლიოს ორმოც უიშვიათეს და ათ უძვირფასეს საფოსტო მარკათა რიცხვში შედის. მისი ფასი უკვე მილიონ დოლარს მიუახლოვდა. ბოლოს, 2008 წელს მისმა ერთ-ერთმა მფლობელმა ზბიგნევ მიკულსკიმ მარკა აუქციონზე 480 ათას ევროდ (დაახლოებით 700 ათასი დოლარი) გაყიდა. თუმცა აუქციონებზე მის საწყის ფასად უკვე ერთ მილიონ ამერიკულ დოლარს ასახელებენ.
დღემდე “ტფილისის უნიკის” მხოლოდ ოთხი ეგზემპლარი იყო ცნობილი, ამათგან ერთი ე.წ. პარიზული ასლია, რომელიც 1870-1880 წლებში უნდა იყოს დამზადებული. იგი საკმაოდ სქემატური და ორიგინალისგან განსხვავებული გამოსახულებაა.
ახლახან ამერიკის შეერთებულ შტატებში, ვაშინგტონში, სმითსონის ინსტიტუტის საფოსტო მარკების მუზეუმში, რუსეთის იმპერიის მარკების კოლექციაში “ტფილისის უნიკის” ახალი, გამოუყენებელი, მეხუთე ეგზემპლარი აღმოჩნდა[10].
“ტფილისის უნიკის” უცნობი ეგზემპლარი დიდ ბრიტანეთში მცხოვრები რუსი ფილატელისტის, გ. კასტლინის კოლექციაში ინახებოდა. მარკა მუზეუმისთვის მის შთამომავლებს 1984 წელს გადაუციათ.
ასლები
რედაქტირებანებისმიერი კოლექციონერი ამაყობს უნიკალური და ცნობილი საფოსტო მარკების ფლობით. მფლობელი დარწმუნებული უნდა იყოს მარკის ორიგინალობაში, ამისათვის გაიცემა ე.წ. ორიგინალობის სერტიფიკატი. ამდენად, ყალბი ასლების არსებობის შესახებ ინფორმაცია მნიშვნელოვანია ფილატელისტისათვის.
არსებობს XIX საუკუნეში დამზადებული „ტფილისის უნიკის“ რამდენიმე ასლი. ასლები ძალიან განსხვავდებიან ერთმანეთისაგან და ორიგინალისაგანაც. ერთ-ერთი ცნობილი ასლია ე.წ. პარიზის ასლი, რომელიც თარიღდება 1870-1880 წწ. და საკმაოდ სქემატური გამოსახულებაა. როგორც ჩანს, ტფილისის უნიკის ორიგინალური მარკა ხელმიუწვდომელი იყო პარიზის ასლის ავტორისათვისაც.
ახალი ქართული მარკა
რედაქტირება„ტფილისის მარკა“ | |
---|---|
ქვეყანა | საქართველო |
თარიღი | 1997 |
მხატვარი | პ. ნაცვლიშვილი |
ტირაჟი | 50 000 |
ნომინალი | მარკა – 80 თეთრი ბლოკი – 1.00 ლარი |
საქართველოს დამოუკიდებლობის აღდგენის შემდეგ საქართველოს ფოსტამ გამოსცა „ტფილისის უნიკის“ 140-წლის იუბილესადმი მიძღვნილი ქართული საფოსტო მარკა და ბლოკი სახელწოდებით «ტფილისის საქალაქო ფოსტის მარკა» - სკოტი #180-181. მცხეთის პეიზაჟის ფონზე, მარკის გულში ჩასმულია ტფილისის საქალაქო ფოსტის უნიკალური მარკის გამოსახულება. მარკა ფერადია და დაკბილული. წარწერები გაკეთებულია ქართულ და ინგლისურ ენაზე. მხატვარი: პ. ნაცვლიშვილი. ტირაჟი 50 000 ეგზემპლარი (თითოეული მარკა და ბლოკი). მარკის ნომინალია 80 თეთრი, ხოლო ბლოკის – 1.00 ლარი. ბეჭდვა: ოფსეტური.
„თბილისის საქალაქო ფოსტის მარკის“ 140 წლის საიუბილეო გამოცემა საქართველოში ცნობილია, როგორც მარკა მარკაში . 1997 წელს საქართველოს ფოსტამ აღნიშნული მარკა წარმოადგინა მსოფლიო ფილატელისტურ გამოფენაზე „მოსკოვი-97“ მიკულსკის კოლექციის „ტფილისის უნიკას“ 2 მარკის გვერდით, რამაც განსაკუთრებული ვნებათა ღელვა გამოიწვია ფილატელისტთა შორის.
იხილეთ აგრეთვე
რედაქტირებალიტერატურა
რედაქტირება- საქართველოს საფოსტო მარკების კატალოგი, 2000
- Шмидт К. (1924) „Тифлисская городская почтовая марка“, ж. Советский филателист 7 (23): 14—15.
- Тифлисская уника МирМ@рок დაარქივებული 2013-11-11 საიტზე Wayback Machine.
რესურსები ინტერნეტში
რედაქტირება- ქართული მარკების კატალოგი 1993-2009
- Под общ. ред. Н. И. Владинца и В. А. Якобса (1988) Большой филателистический словарь
- Кисин Б. М. (1969. 240с.) Страна Филателия.
სქოლიო
რედაქტირება- ↑ Linn's Stamp News : Tiflis (1857)
- ↑ მსოფლიო ფილატელისტური კატალოგები
- ↑ Новосёлова В.А. «Мир филателии» ტფილისის უნიკა დაარქივებული 2016-08-13 საიტზე Wayback Machine.
- ↑ Выпуск и обращение марки Тифлисской городской почтыМирМ@рок დაარქივებული 2015-09-28 საიტზე Wayback Machine.
- ↑ Владинец Н. И. «ПОЧТА РОССИИ»
- ↑ Шмидт К. (1924) „Тифлисская городская почтовая марка“, ж. Советский филателист 7 (23): 14—15.
- ↑ «Тифлисская уника. Исторические материалы, статьи и публикации». დაარქივებულია ორიგინალიდან — 2007-09-29. ციტირების თარიღი: 2009-04-27.
- ↑ Сашенков Е. (2000, 16 марта) «Независимая газета», Еще раз о «тифлисской унике» - ტფილისის უნიკის თავგადასავალი
- ↑ Gabriel Namtalashvili (1998) «Голоса России» ტფილისის უნიკა აუქციონზე დაარქივებული 2006-08-22 საიტზე Wayback Machine.
- ↑ ალექსანდრე ბოშიშვილი, ჟურნალი “ისტორიანი”, 2012 წლის აპრილი. #4/16