ტიბეტური მითოლოგია

ტიბეტური მითოლოგიის უმნიშვნელოვანეს ნაწილს წარმოადგენს ხალხის ისტორია თავისი მრავალფეროვანი და ჭკუის სასწავლებელი მითებით. ეს ტრადიციული გადმოცემები ყოფიერების არსს ხსნიან - სამყაროსა და თავისი ხალხის წარმოშობას, მიწათმოქმედებისა და ტექნოლოგიების განვითარებას, თავიანთი მეფეების ძლიერებასა და დიდებულებას და მათი სამეფოს მიერ ბუდიზმის აღიარებას. ეს მითები დაფიქსირებული არ არის, მაგრამ ზეპირსიტყვიერი კულტურის ცხოვრებისა და განვითარების ნაწილს წარმოადგენს. მოხეტიალე ბარდები ამ ლეგენდებს შორეულ ტერიტორიაზე ავრცელებდნენ, თუმცა ტიბეტის ვრცელი კულტურული ტერიტორიის სხვადასხვა რეგიონს თავისი ვიწრო, ლოკალური ტრადიციები ჰქონდა. ზოგიერთი მითი ჩაწერილია და ისტორიოგრაფების სხვადასხვა შეხედულებების შესაბამისადაა გადაკეთებული. ბუნებრივი პირობებისა და ბუნების ძალების თანდათანობით დამორჩილება და მათთან შეგუება ტიბეტური მითოლოგიის მნიშვნელოვა ნაწილს საწმოადგენს. პადმასამბჰამამ, ანუ გურუ რინპოჩემ , XVIII საუკუნის ტანტრის ოსტატმა, რომელსაც თაყვანს სცემდნენ, რადგან ინდოეთიდან ტიბეტში ბუდიზმი შეიტანა, ამ პროცესს დაუდო სათავე. ასევე გესარის მეფის, ტიბეტის ცნობილი გმირი მეომრის თავგადასავლები ძალიან ვრცელია იმისთვის, რომ ამ წიგნში შეგვეტანა.

ლინგის ეპოსის ბირთვს, რომლის შედარება ილიადასა და ოდისეასთან ან ინდურ მაჰაბჰატასთან შეიძლება გესარის დაბადება, ბავშვობა და ქორწინება წარმოადგენს. ასევე ისიც, თუ როგორ გახდა მმართველი და როგორ იბრძოდა ჩრდილოეთის დემონური ხალხებისა და თურქმენების წინააღმდეგ. ჩვეულებრივ, მეგე გესარი და მისი ჯარი მტერს ამარცხებდა, რაც ხშირად როგორც საბრძოლო ძლიერების, ისე ეშმაკობისა და მოხერხებულობის შედეგი იყო და შინ სამკურნალო მცენარეებით, პირუტყვით, ჯადოსნური სამკაულებით და სხვა ძვირფასეულობით დატვირთულნი ბრუნდებოდნენ. გესარი დაპყრობილ ქვეყნებს უფლებას აძლევდა ავტონომია შეენარჩუნებინათ და აიძულებდა მისი მოკავშირეები გამხდარიყვნენ. ეს პროცესი ირეკლავს „ტიბეტიზაციის“ პოლიტიკურ პროცესს, რომელიც ტიბეტური ბუდიზმის მიღების გზით ხდებოდა ამ მითებში ფაქტობრივი ისტორიის მარცვლები ჩანს, თუმცა ტიბეტური დამოკიდებულება ისტორიოგრაფიისადმი სასურველი ღირებულებების შექმნას, ადამიანებისა და საზოგადოების განდიდებას კეთილის მიერ ბოროტის დამარცხების საშუალებით და წარსულის გაცოცხლებას გულისხმობს. ტიბეტის ხალხისათვის ეს ხალხური გადმოცემები სინამდვილეს წარმოადგენს, მიუხედავად იმისა, რომ არსებობს სხვადასხვა წყაროებს შორის სხვაობები სახელებში, ადგილებსა თუ მოტივებში. ეს ვრცელი ჟანრი შედგება პოეზიისა და პროზისაგან, რომელიც ცეკვებით, სიმღერებითა და უბრალოდ თხრობით სრულდებოდა. ქვემოთ მოყვანილი შესაქმის მითები მთელ ტიბეტში კარგად არის ცნობილი და ტიბეტელი ისტორიოგრაფების მიერ XII საუკუნის უძველეს ტექსტში - "მანი კამუბის" პირველ ნაწილშია შეტანილი, რომელიც "თავიდან აღმოაჩინეს" და ამჟამად შეისწავლება.

ტიბეტელი ხალხის წარმოშობა

რედაქტირება

ლეგენდის თანახმად იყო ერთი ჯადოსნური მაიმუნი, რომელიც ცენტრალურ ტიბეტში, იარლუნგის საკრალურ ველზე მდებარე მთა კონგპორის გამოქვაბულში ცხოვრობდა. იმის გამო, რომ მაიმუნი ბუდას უმაღლეს სამფლობელოში მოხვდა., სადაც ურთიერთობა ჰქონდა დიდ, შემწყნარებელ მომავალ ბუდა ჩენრეზიგთან, მთელ დროს მედიტაციაში ატარებდა და მოთმინებით ივითარებდა თანაგრძნობის, მშვიდობისა და სიყვარულის კეთილ თვისებებს.

ერთ დღეს მას ამაღლებული საქმიანობა სრინმო-დემონმა ქალმა შეაწყვეტინა, რადგან გაბრწყინებული მაიმუნის დანახვაზე ჟინი მოერია. თუმცა მაიმუნს დაფიცებული ჰქონდა, რომ სანამ ნათელი არ დაადგებოდა მედიტაციას არ შეწყვეტდა. თან სრინმო -დემონიც არ იზიდავა. დემონი დაემუქრა თუ მის სურვილს არ შეასრულებდა და ცოლად არ მოიყვანდა, სასტიკ კლდის დემონს გაყვებოდა ცოლად და შობდა უამრავ საშინელ ნაშიერს, რომელიც ყოველივე ცოცხალს გაანადგურებდა.

მაიმუნი ჩიხში მოექცა. მან იცოდა, რომ ამ უბედურების თავიდან აცილება შეეძლო, მაგრამ ამისთვის ფიცი უნდა გაეტეხა. თვისი სიკეთის გამო, ის დათანხმდა სრინმო-დემონის წინადადებაზე და ამ კავშირის შედეგად ექვსი წითელსახიანი პატარა მაიმუნი დაიბადა. მამამ ისინი ტყეში წაიყვანა, სადაც უამრავი ხეხილის ხე იდგა, რათა კარგად ეჭამათ და ბედნიერად გაზრდილიყვნენ. მაგრამ ხილი მალევე გათავდა და პატარებს მოშივდათ. მაიმუნს ისინი ძალიან შეეცოდა და დასახმარებლად ჩენრეზგს მიმართა, რომელმაც მათ ქერი, ბრინჯი და წიწიბურა მისცა. როდესაც პატარა მაიმუნებმა შიმშლი დაიკმაყოფილეს, თმა და კუდი დაუმოკლდათ, ლაპარაკი დაიწყეს და ადამიანებად იქცნენ. ექვსი პატარა მაიმუნიდან ექვსი ტიბეტური ტომი წარმოიშვა. სწორედ ამის გამო არიან ტიბეტელები ამაღლებული სულის პატრონები და თანამგრძნობები - ეს თვისებები მათ გამოჰყვათ წინაპარი მაიმუნისგან, რომელიც ჩენრეზიგს ემანაციც იყო, ძლიერი და მამაცი, როგორც სრინმო-დემონი, რომელიც ტიბეტელი ბუდისტების მფარველისც - ტარას პროტოტიპი იყო.

ლინგის მეფე გესარი

რედაქტირება

მეფე გესარი ცნობილია ასევე, როგორც ქრომის მეფე. ზოგი ისტორიკოსის აზრით, ეს სახელი რომაელი იულიუს კეისრისგან გადაიღეს, რადგან ფიქრობდნენ, რომ ლეგენდები ლინგის მეფის შესახებ ცენტრალური აზიის დასავლეთით მცხოვრები არაბების შესახებ ამბებმა გადაფარა, დიდი ტიბეტური იმპერიის პერიოდში (ჩვ. წ. VII-IX საუკუნეები). ტიბეტის სამხედრო ძლიერება თურქესტანის გავლით მონღოლეთზე და კიდევ და კიდევ უფრო დასავლეთით, ძველ სპარსელი დომინიონების არაბ დამპყრობლებამდე გავრცელდა. სამხრეთით ჰიმალაის მთელი რეგიონის გავლთ - ნეპალსა და ინდოეთის დაბლობებზე, აღმოსავლეთით კი - ჩინეთის განსუს, ცინჰაის, სიჩუანისა და იუნანის პროვინციებზე.

ტიბეტის მიერ ბუდიზმის აღიარება

რედაქტირება

ტიბეტის იმპერია გაიზარდა და მისი მეფე სონგ ცენ გამპო, რომელიც 627-649 წლებში მეფობდა, მეზობელი ქვეყნების პატივისცემით სარგებლობდა. მიუხედავად ბედნიერი ქორწინებისა, ნეპალის მეფის ასულ ხრი-ცუნზე, მას მეორე, დახვეწილი ახალგაზრდა და ლამაზი ცოლის მოყვანა მოუნდა. გადაწყდა, რომ მეფე ახლომდებარე ქვეყნის, ჩინეთის მეფის ასულზე, კონგ-ჯოზე უნდა დაქორწინებულიყო. მოლაპარაკებები დამთავრდა, ქორწინებისთვის გეგმები დაწყობილი იყო და მეფის ახალგაზრდა ასული დავისი ამალითა და ორი ძლიერი ტიბეტელი მცველით, რომელთა სახელები იყო ლაგა და ლუგა, ცენტრალურ ტიბეტში მდებარე ლჰასასკენ ხანგრძლივ მოგზაურობაში გაეშურნენ. მაფის ასულს ბუდა საკიამუნის ულამაზესი ქანდაკება მიჰქონდა - მისი ყველაზე ძვირფასი ძღვენი ტიბეტის სამეფო კარისთვის. მოგზაურობის განმავლობაში მეფის ასულს მრავალი დაბრკოლება შეხვდა და სპეციალურ ეტლს, რომლითაც ბუდა მიჰქონდათ, თითქოს ყველაზე მეტი ხიფათი ხვდებოდა. ლაჰასას დაბლობის მიღწევისას ეტლის ბორბლები მიწაში ჩაეფლო და მიუხედავად იმისა, რომ ლაგა და ლუგა ბევრს ეცადნენ, ადგილიდან აღარ იძვროდა. სასოწარკვეთილმა თავის ფენ-შუის ცხრილებშიც კი ჩაიხედა პრობლემის მიზეზი რომ გაეგო და თავისდა სამწუხაროდ, აღმოაჩინა, რომ ბუდას ქანდაკებისა და ბუდისტური სწავლების ტიბეტში შეტანას თავად ტიბეტის მიწა ეწინააღმდეგებოდა.

კონ-ჯო ღრმად ჩაფიქრდა და მიხვდა, რომ თავად ტიბეტის თოვლიანი მიწა სინამდვილეში წამოწოლილი უზარმაზარი და ძლევამოსილი სრინმო-დემინი ქალი იყო. მაგრამ მეფის ასულის გასაჭირს კიდევ უფრო აძლიერებდა მუხანათი არაამქვეყნიური არსებები, რომლებიც დემონს ეხმარებოდნენ. მიუხედავად ამ მნიშვნელოდანი დაბრკოლებისა, ბუნების დანარჩენი ძალები თითქოს კეთილგანწყობილნი ჩანდნენ მის მიმართ. კონ-ჯოს ფენ-შუის გამოთვლებმა უჩვენა, რომ ბუდისტური ტაძრებისა და სტუპების სერიებს შეეძლოთ ნეგატიური ძალებისა და არაამქვეყნიური არსებების შეკავება და მათი გამანადგურებელი მოქმედების ალაგმვა. ამიტომ მეფის ასულმა დაიწყო ტაძრის მშენებლობა, რომელშიც ბუდა საკიამუნის ძვირფას ქანდაკებას დაასვენებდა.

მეფის ასული კონ-ჯო ტიბეტის სასახლის კარზე დიდი პატივით მიიღეს. მხოლოდ დედოფალი ხრი-ცუმი იყო უკმაყოფილო მეფის მეორე ცოლის ჩამოსვლით. როდესაც მან კონ-ჯოს გეგმების შესახებ გაიგო ბუდას ძვირფასი ქანდაკებისთვის ლჰასაში ტაძრის აშენების შესახებ, მან თავისი, როგორც უფროსი ცოლის, უზენაესეი უფლებების შესახებ განაცხადა და მოითხოვა, რომ პირველად მისი ტაძარი აშენებულიყო. კონ-ჯომ შესთავაზა, რომ ხრი-ცუნს დიდი ტაძარი აეგო ლჰასასთან ახლოს მდებარე ტბის შუაგულში, რომელიც გარდა სხვა დამცავი საშუალებებისა, მიწით უნდა ამოევსოთ. ამან ეჭვიანი დედოფალი ძალიან განარისხა და თავის ქმარს სთხოვა, რომ მისთვის სადაც მოისურვებდა 108 ბუდისტური ტაძრის მშენებლობის ნება დაერთო.

ტაძრებს ჩაეყარათ საძირკველი, ჩალაგდა ქვები, მაგრამ რამდენიც არ უნდა აეშენებინათ დღის განმავლობაში, ღამით მიწაში მცხოვრები ბოროტი არსებები ყველაფერს ანგრევდნენ. სასოწარკვეთილმა ხრი-ცუნმა რჩევისთვის კონ-ჯოს მიმართა, რადგან იცოდა, რომ მისი ფენ-შუის ცხრილებს პრობლემის გადაჭრა შეეძლო. კონ-ჯომ კიდევ ერთხელ აუხსნა, როგორ უნდა მოქცეულიყვნენ, ტბის მიწით ამოვსების ჩათვლით, რაც ლჰასას დიდი ტაძრის მშენებლობას შესაძლებელს გახდიდა. ხრი-ცუნმა კარგად ვერ გაიგო მითითებები და როდესაც ტბის მიწით ამოვსება სცადა, მხოლოდ ტალახიანი მასა ამოიღო. ამან დედოფალ ხრი-ცუნს ბოროტი ეჭვები აღუძრა, რომ კონ-ჯო მას შეგნებულად ატყუებდა.

 
ჯოხანგის მონასტერი

ხრი-ცუნმა მეფეს აუხსნა თავისი გასაჭირი და მეფემ ის დაამშვიდა. წინასწარმეტყველების შედეგად მეფე დარწმუნდა, რომ ტაძარი მართლაც ტბასთან ახლოს უნდა აშენეულიყო. ამიტომ მეფე და დედოფალი ტბასთან მივიდნენ, მეფემ თითიდან ბეჭედი მოიძრო და ხრი-ცუნს უთხრა, რომ სადაც ბეჭედი დაეცემოდა, ტაძარს იქ ააშენებდნენ. ბეჭედი ჰაერში მაღლა აფრინდა დედოფლის უნაგირიდან, ახტა და ტბაში ჩავარდა. ხრი ცუნს თავზარი დაეცა მაგრამ მეფემ დახმარება აღუთქვა. ისინი ცდას არ აკლებდნენ, რომ ტაძარი აეშენებინათ, მაგრამ დღისით აშენებული ღამით ინგრეოდა.

როდესაც მშენებლობის ყველა მცდელობა ჩაიშალა, მეფემ კონ-ჯოს სქემა კიდევ ერთხელ განიხილა. ბევრი ფიქრის შემდეგ ის ბოლომდე ჩასწვდა წამოწოლილი სრინმო-დემონის საიდუმლოს. როდესაც დემონი კიდურებს აიქნევდა, ახალაშენებული ტაძრები ინგრეოდა. ამიტომ მეფემ გადაწყვიტა 21 ბუდისტური ტაძარი ისე აეშენებინა, რომ მათ სრიმნო დემონის კიდურები მიწაზე დაემაგრებინათ. ეს ბუდისტური ტაძრები ტიბეტის მთელ სამეფოოში აშენდა და ბოლოს, ორივე დედოფალმა შეძლო საკუთარი ტაძრების აგება. ბუდა საკიამუნის ძვირფასმა ქანდაკებამ, რომელიც ასევე იოვო რინპოჩეს სახელითაა ცნობილი, თავისი საბოლოო ადგილი ლჰასას დიდ ტაძარში, ჯოხანგის მონასტერში ჰპოვა. საბოლოოდ, ბუდას მოძღვრების სიკეთემ თოვლიანი ქვეყანა გაასხივოსნა.

ლიტერატურა

რედაქტირება
  • მითოლოგია, მითები და ლეგენდები, „საქართველოს მაცნე“, 2003.