სოტირ კუნეშკა

ალბანელი ფიზიკოსი და აკადემიკოსი

სოტირ კუნეშკა (ალბ. Sotir Kuneshka; დ. 15 ივლისი, 1912, ოსმალეთის იმპერია — გ. 1991, ტირანა, ალბანეთი) — ალბანელი ფიზიკოსი და აკადემიკოსი. იგი ცნობილია, როგორც პირველი ალბანელი მკვლევარი ფიზიკის სფეროში, საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა ფაკულტეტის დამაარსებელი ტირანის უნივერსიტეტში, ალბანეთის მეცნიერებათა აკადემიის პირველი ფიზიკოსი წევრი და ფიზიკის ძირითადი აკადემიური ტექსტების ავტორი ალბანურ ენაზე[1].

სოტირ კუნეშკა
დაბ. თარიღი 15 ივლისი, 1912(1912-07-15)
დაბ. ადგილი კორჩა
გარდ. თარიღი 1991
გარდ. ადგილი ტირანა
მოქალაქეობა  ალბანეთი
საქმიანობა ფიზიკოსი
მუშაობის ადგილი ტირანის უნივერსიტეტი და Albanian National Lyceum
ალმა-მატერი პარიზის უნივერსიტეტი და Albanian National Lyceum

ბიოგრაფია

რედაქტირება

სოტირ კუნეშკა დაიბადა 1912 წლის 15 ივლისს, ბობოშიცაში, კორჩასთან ახლოს, ოსმალეთის იმპერიაში.[2] დაწყებითი სკოლის დამთავრების შემდეგ, 1924 წელს, მან სწავლა ალბანეთის ეროვნულ ლიცეუმში (აგრეთვე ცნობილი როგორც ფრანგული ლიცეუმი) განაგრძო, სადაც 9 წლის განმავლობაში სწავლობდა. ფინანსური სირთულეების გამო, ყოველდღიურად, მას ფეხით 14 კილომეტრის გავლა უწევდა, მაგრამ ამ ფაქტს მის სწავლასა და სასწავლო შედეგებზე გავლენა არ მოუხდენია. იგი ყოველთვის გამოირჩეოდა სხვა სტუდენტებისგან, განსაკუთრებით, ზუსტ მეცნიერებებში. მიუხედავად მისი წარჩინებული სწავლისა, ალბანეთის მაშინდელმა მთავრობამ მას სტიპენდია არ მიანიჭა. ფრანგი მეცნიერი და სლავთმცოდნე ანდრე მაზონი კუნეშკას მშობლიურ სოფელს ეწვია, სადაც მისმა ოჯახმა უმასპინძლა[3]. ანდრე მაზონისა და ფრანგული ლიცეუმის დირექტორის მხარდაჭერით, სოტირ კუნეშკამ საფრანგეთის მთავრობისგან სტიპენდიის ნახევარი მოიპოვა და სწავლა საფრანგეთში, პარიზის უნივერსიტეტში, ფიზიკის ფაკულტეტზე განაგრძო[4].

სწავლის მთლიანად დაფინანსების მოპოვებისთვის, კუნეშკამ უმაღლესი სკოლის სტუდენტებს კერძო კურსები ჩაუტარა ფიზიკაში. ამასთანავე, მან პარიზის აღმოსავლეთმცოდენობის სკოლაში, ალბანური ენის გრამატიკაში ლექციები წაიკითხა. მან პარიზის უნივერსიტეტში სწავლა 3 წლის შემდეგ დაამთავრა. 1936 წელს, კუნეშკამ „License d’enseignement“ — მათემატიკის, ფიზიკის, ზოგადი ქიმიის და კლასიკური მექანიკის სწავლების ლიცენზია მიიღო. ამავე წელს, მან გამოყენებით მექანიკასა და ელექტრომაგნეტიზმში სერტიფიკატი მიიღო. 1937 წელს, ალბანეთის განათლების მინისტრმა, კუნეშკა ფრანგული ლიცეუმის დირექტორად დანიშნა. ეს თანამდებობა მას 1940 წლამდე ეკავა. 1940 წლის აგვისტოში, იტალიის ალბანეთში შეჭრის პერიოდში, იგი იძულებული გახდა, თანამდებობა დაეტოვა, რადგან მისი ჩანაწერები აჩვენებდა, რომ მას არ შეუსრულებია სამხედრო სამსახური. იგი პეზაროში გაგზავნეს, არტილერიის სკოლაში. იტალიაში მოკავშირეთა შეჭრის შემდეგ, სოტირ კუნეშკას სამხედრო განათლების მიღება შეწყდა. 1944 წელს, იგი ბარში წავიდა — ალბანეთში დასაბრუნებელი გზის საძიებლად. ამავდროულად, იგი მეცნიერების კერძო გაკვეთილებს ატარებდა. ალბანეთის სამხედრო დელეგაციამ, იგი ალბანეთში დააბრუნა[4].

მეორე მსოფლიო ომის დასრულების შემდეგ, ფრანგული ლიცეუმი მეორედ გაიხსნა და სოტირ კუნეშკა მის დირექტორად დაინიშნა. მიუხედავად ამისა, ეს თანამდებობა მან ხანგრძლივი პერიოდის განმავლობაში ვერ შეინარჩუნა. განათლების მინისტრმა, მას ალბანეთის სასკოლო სისტემა დაუქვემდებარა და მასზე პასუხისმგებლობა დააკისრა. მისი ერთ-ერთი წარმატება იყო ის, რომ იგი უძღვებოდა უმაღლესი პედაგოგიური ინსტიტუტის დამაარსებელ კომისიას (ალბ. Instituti i Lartë Pedagogjik). აღნიშნული ინსტიტუტის დაარსებამ, ალბანეთის უმაღლესი განათლების სისტემა აღადგინა, რომელიც წლების განმავლობაში დაკნინებული იყო. 1948 წელს, კუნეშკა ინსტიტუტის ლექტორად, ხოლო 1949 წელს — დირექტორად დაინიშნა. 1951 წელს, ტირანაში 4 წლიანი სასწავლო გეგმის მქონე პედაგოგიური ინსტიტუტი დაარსდა. 1957 წლამდე, მას ტირანის პედაგოგიური ინსტიტუტის დირექტორის მოადგილის თანამდებობა ეკავა[4]. 1957-1958 წლებში, კუნეშკა ტირანის უნივერსიტეტში, საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა ფაკულტეტის პირველი დეკანი, ხოლო 1957 წელს — ფიზიკის კათედრის პირველი თავმჯდომარე იყო[1].

სოტირ კუნეშკა ძირითადი პირი იყო, რომელმაც ალბანეთის სკოლებში ფიზიკის სწავლების სასწავლო გეგმის განვითარებაში მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანა. ამასთანავე, იგი იყო ერთ-ერთი პირველი ადამიანი, რომელმაც ალბანურ ენაზე შექმნა ფიზიკის სახელმძღვანელოები, როგორიცაა: Kurs i fizikës së përgjithshme (ფიზიკის ძირითადი კურსი) 1974 წელს, Kurs i mekanikës teorike (მექანიკის კურსი) 1981 წელს და ა.შ. მისი მუდმივი შრომის დამსახურებაა, რომ პირველი ფიზიკოსთა ჯგუფი ალბანეთში ჩამოყალიბდა[1].

ჯილდოები

რედაქტირება

კუნეშკამ, საკუთარი ნამუშევრებისა და შრომისმოყვარეობის გამო, რამდენიმე წოდება და ჯილდო მიიღო:

  • "Medalje Pune" (მუშაობის მედალი)
  • "Urdhër Pune i kl. II" (მუშაობის მეორე კლასის ორდენი)
  • "Mësues i Merituar" (ღვაწლმოსილი მასწავლებელი)
  • "Urdhri Naim Frashëri i kl. I" (Naim Frashëri-ს პირველი კლასის ორდენი)
  • "Mësues i Popullit" (ხალხის მასწავლებელი)
  • "Qytetar Nderi" (საპატიო მოქალაქის წოდება) კორჩას მუნიციპალიტეტისგან, 1999 წელს[5].
  1. 1.0 1.1 1.2 Akademik Sotir KUNESHKA
  2. Gjurmë të pashlyera shkencore të profesorit të paharruar, Gazeta Telegraf, 2012-07-17, http://telegraf.al/dritarja-e-intelektualit/gjurme-te-pashlyera-shkencore-te-profesorit-te-paharruar
  3. "Le parler de Boboscica", Revue des études slaves (Imprimerie Nationale) 14-16: 171–172, 1934, https://books.google.com/books?id=YyMTAQAAMAAJ&q=sotir+kuneshka&dq=sotir+kuneshka&hl=en&sa=X&ved=0ahUKEwj0h_qFjezJAhVM6SYKHR0sAlMQ6AEIQjAG
  4. 4.0 4.1 4.2 D.Spahiu (2008), "Prof. Sotir Kuneshka" დაარქივებული 2016-03-04 საიტზე Wayback Machine. , Buletini i Shkencave Natyrore - BSHN (in Albanian) (University of Tirana) (Special number): 44–51.
  5. Ngjarjet që e kanë shënuar 4 tetorin në vite......(in Albanian. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2015-12-22. ციტირების თარიღი: 2016-03-30.