სიუზან ზეიდელმანი

ამ გვერდს არა აქვს შემოწმებული ვერსია, სავარაუდოდ მისი ხარისხი არ შეესაბამებოდა პროექტის სტანდარტებს.

სიუზან ზეიდელმანი (ინგლ. Susan Seidelman; დ. 11 დეკემბერი, 1952, ფილადელფია, პენსილვანია, ამერიკის შეერთებული შტატები) — ამერიკელი კინორეჟისორი, პროდიუსერი და სცენარისტი. მისი სადებიუტო სრულმეტრაჟიანი ფილმის, „პატარა ნაწილების“ (1982) პრემიერა კანის კინოფესტივალზე გაიმართა. მის 1989 წლის ფილმში, სახელწოდებით „ქალი ეშმაკი“, ცნობილი ამერიკელი მსახიობი, მერილ სტრიპი თამაშობს.

სიუზან ზეიდელმანი

ზეიდელმანი 2018 წელს
დაბადების სახელი სიუზან ზეიდელმანი
დაბადების თარიღი 11 დეკემბერი, 1952
ფილადელფია, პენსილვანია, ამერიკის შეერთებული შტატები
ალმა-მატერი ნიუ-იორკის უნივერსიტეტი
აქტიური 1982-დღემდე

ზეიდელმანს ასევე უმუშავია ტელევიზიაშიც. მის მიერ არის გადაღებული ტელესერიალ „სექსი დიდ ქალაქში“-ს პირველი სერია.

ადრეული ცხოვრება

რედაქტირება

სიუზან ზეიდელმანი ფილადელფიის გარეუბანში გაიზარდა. 1969 წლიდან დრექსელის უნივერსიტეტში, ფილადელფიაში, მოდასა და ხელოვნებას შეისწავლიდა. მალევე იგი კინოთი, განსაკუთრებით კი ჟან-ლუკ გოდარით, ფრანსუა ტრიუფოთი და ინგმარ ბერგმანით დაინტერესდა. ამის შემდეგ მან კინორეჟისორობა გადაწყვიტა.[1]

იგი ნიუ-იორკის უნივერსიტეტში კინოხელოვნებას შეისწავლიდა.

1982 წელს გამოვიდა ზეიდელმანის სადებიუტო სრულმეტრაჟიანი ნამუშევარი, სახელწოდებით „პატარა ნაწილები“. იგი პირველი ამერიკული ფილმია, რომელიც კანის კინოფესტივალის კონკურსში მიიღეს. [2]

1985 წელს გამოვიდა ფილმი „სიუზანის უიმედო ძებნა“, რომელშიც ცნობილი ამერიკელი ვოკალისტი და მსახიობი, მადონა თამაშობს. ფილმში ასევე როზანა არქეტი და აიდენ ქუინი მონაწილეობენ.

ზეიდელმანის 1989 წლის ფილმში, სახელწოდებით „ორცხობილა“, პიტერ ფოლკი, დაიან ვისტი, ემილი ლოიდი და სხვები მონაწილეობენ. მისი სცენარის ავტორები ნორა ეფრონი და ალის არლენი არიან. იმავე წელს გამოვიდ„ქალი ეშმაკი“, რომელიც ფეი უელდონის იმავე სახელწოდების მქონე ბესტსელერი რომანის ადაპტაციაა. ფილმში მთავარ როლს მერილ სტრიპი თამაშობს. ის სტრიპის პირველი კომედიური როლია.

 
ზეიდელმანი 2018 წელს

1994 წელს ზეიდელმანმა და სცენარისტმა ჯონათან ბრეტმა დაწერეს სცენარი მოკლემეტრაჟიანი ფილმისათვის „ჰოლანდიელი ოსტატი“. იგი 1994 წლის „ოსკარის“ დაჯილდოებაზე იყო ნომინირებული საუკეთესო მოკლემეტრაჟიანი ფილმის კატეგორიაში. [3] მისი ჩვენება კანის კინოფესტივალზე გაიმართა. იმავე წელს ზეიდელმანი ბერლინის საერთაშორისო კინოფესტივალის ჟიურის წევრი გახდა.

ზეიდელმანი ორჯერ იყო ნომინირებული ემის დაჯილდოებაზე ფილმისთვის „უფრო ცივი კლიმატი“ (1999). ფილმში სალი ფილდი და ჯუდი დევისი მონაწილეობენ. მისი სცენარის ავტორი პულიცერის პრემიის ლაურეატი, მარშა ნორმანია.

2001 წელს გამოვიდა „გაუდის შუადღე“. ფილმი ბარსელონაში, ესპანეთშია გადაღებული. მასში ჯუდი დევისი, მარსია გეი ჰერდენი, ჯულიეტ ლუისი და ლილი ტეილორი თამაშობენ. სცენარი ბარბარა უილსონის იმავე სახელწოდების მქონე რომანზეა დაფუძნებული.[4]

2013 წელს გამოსული ფილმი, სახელწოდებით „მხურვალე მოქცევა“, შუახნის ქალებზე გვიყვება, რომლებიც ტეხასის შტატის პატარა ქალაქში ცხოვრობენ. ფილმში ბრუკ შილდსი, დერილ ჰანა, ვანდა საიკსი, ვირჯინია მადსენი, კამრინ მანჰეიმი და ერიკ რობერტსი თამაშობენ.

გავლენები

რედაქტირება

ზეიდელმანმა ინტერვიუში თქვა, რომ იგი შთაგონებულია ევროპელი რეჟისორებით, როგორებიც არიან ლინა ვერტმიულერი და ანიეს ვარდა. მათ შემოქმედებას იგი 1970-იანებში, ნიუ-იორკის უნივერსიტეტში სწავლობდა. ზეიდელმანი ასევე ახსენებს ჟან-ლუკ გოდარს, ფრანსუა ტრიუფოსა და ჯონ კასავეტესს, როგორც მნიშვნელოვან ფიგურებს მისი შემოქმედების ფორმირებაში. [5]

პირადი ცხოვრება

რედაქტირება

ზეიდელმანი 1986 წლიდან თავის პარტნიორთან, სცენარისტ და პროდიუსერ ჯონათან ბრეტთან ერთად ნიუ-იორკში ცხოვრობს. მათი შვილი, ოზი, პროდიუსერი და მემონტაჟეა.