ჯონ კასავეტესი (ინგლ. John Cassavetes; დ. 9 დეკემბერი, 1929, ნიუ-იორკი, ნიუ-იორკი, აშშ — გ. 3 თებერვალი, 1989, ლოს-ანჯელესი, კალიფორნია, აშშ) — ამერიკელი მსახიობი, კინორეჟისორი და სცენარისტი. საზოგადოება კასავეტესს თავდაპირველად მსახიობად იცნობდა, თუმცა მალევე ამერიკული დამოუკიდებელი კინოს პიონერი გახდა; იღებდა ფილმებს და წერდა სცენარებს, რომელთაც თავისი სამსახიობო საქმიანობით აფინანსებდა.

ჯონ კასავეტესი
დაბადების თარიღი 9 დეკემბერი, 1929
ნიუ-იორკი, ნიუ-იორკის შტატი, ამერიკის შეერთებული შტატები
გარდაცვალების თარიღი 3 თებერვალი, 1989
ლოს-ანჯელესი, კალიფორნია, ამერიკის შეერთებული შტატები
ეროვნება ამერიკელი
ალმა-მატერი დრამატული ხელოვნების ამერიკის აკადემია
საქმიანობა რეჟისორი, მსახიობი, სცენარისტი
აქტიური 1951-1989
მეუღლე(ები) ჯინა როულენდსი
შვილ(ებ)ი ნიკ კასავეტესი, ალექსანდრა კასავეტესი, ზოი კასავეტესი

1950-იანებსა და 1960-იან წლებში მან მრავალ მნიშვნელოვან ფილმში ითამაშა, მათ შორისაა „ბინძური დუჟინი“ (1957) და„როზმარის ბავშვი (1968).

მისი სარეჟისორო კარიერა 1959 წელს დაიწყო, როცა გადაიღო ფილმი „ჩრდილები“. მარტინ სკორსეზე ამბობს: „ჩრდილები“ იყო ის, რამაც მომცდა გამბედაობა, ფილმების გადაღება მეცადა“. კასავეტესი გამოეყო ჰოლივუდის ტრადიციულ, კომერციულ კინოს და დაიწყო საკუთარი სტილის შემუშავება, რომელიც ორიენტირებული იყო „ჩვეულებრივ“ ადამიანებსა და მათ გრძნობებზე.

„ბინძურ დუჟინში“ შესრულებისთვის კასავეტესი ნომინირებული იყო ოსკარზე საუკეთესო მსახიობი კაცისთვის მეორეხარისხოვან როლში. როგორც კინორეჟისორი, ნომინირებული იყო ოსკარზე საუკეთესო ორიგინალური სცენარში, მისი ფილმისთვის „სახეები“ (1968). მოიპოვა ოსკარის ჯილდო საუკეთესო რეჟისორის კატეგორიაში, ფილმისთვის „ქალი გავლენის ქვეშ“ (1974).

ადრეული ცხოვრება რედაქტირება

კასავეტესი ნიუ-იორკში, ბერძენ-ამერიკელი დედისა და ბერძენი მამის ოჯახში დაიბადა. ბავშვობის წლები მან საბერძნეთში გაატარა, ხოლო 7 წლის ასაკში ისინი აშშ-ში დაბრუნდნენ. ამ დროს კასავეტესი ინგლისურად ვერ ლაპარაკობდა.

სწავლობდა ამერიკის დრამატული ხელოვნების აკადემიაში, სადაც სწავლა 1950 წელს დაასრულა და 1953 წელს შეხვდა თავის მომავალ ცოლს, მსახიობ ჯინა როულენდსს. ოთხი თვის შემდეგ ისინი დაქორწინდნენ.

კინო-კარიერა რედაქტირება

 
ჯონ კასავეტესი და მია ფეროუ ფილმში „როზმარის ბავშვი“

თავდაპირველად ჯონ კასავეტესი თეატრის მსახიობი იყო, თუმცა მუშაობდა ტელევიზიაშიც და შემდგომში უფრო პოპულარული გახდა როგორც კინომსახიობი. მისი ერთ-ერთი ყველაზე დასამახსოვრებელი როლია გაი ვუდჰაუსი რომან პოლანსკის ფილმში „როზმარის ბავშვი“.

მალევე ის თავადაც დაინტერესდა სარეჟისორო საქმიანობით. მისი პირველი ფილმი, „ჩრდილები“, 1959 წლის ამერიკისთვის უჩვეულო იყო, რადგან ამ სახის ფილმები, ფაქტობრივად, არ იქმნებოდა. ფილმში განხილულია რასისა და სექსის საკითხები; რასათშორისი ურთიერთობები. ასევე ფილმი ფინანსურად მთლიანად დამოუკიდებელი იყო, ხოლო როლებში მოყვარული მსახიობებიც თამაშობდნენ. კასავეტესს ახასიათებდა იმპროვიზაციული სტილი, რაც ასევე არადამახასიათებელი იყო მაშინდელი კინემატოგრაფიისთვის. კასავეტესის ფილმებში მთავარ როლებს ხშირად მისი ცოლი, ცნობილი მსახიობი ჯინა როულენდსი ასრულებს.

სტილი რედაქტირება

კასავეტესის სამსახიობო საქმის ძირითადი ელემენტები იყო რეალიზმის, ავთენტურობის მნიშვნელოვნება. მისი შესრულების მანერა ძლიერი გულწრფელობით გამოირჩეოდა. კასავეტესის სამსახიობო კარიერამ გავლენა მოახდინა მის სარეჟისორო სტილზეც: იგი კამერას არა უბრალოდ გადასაღებად, არამედ კომუნიკაციის ფორმად იყენებდა. ხანდახან კამერას სხვა მსახიობებს აწვდიდა; მისთვის მნიშვნელოვანი იყო პერსონაჟებს შორის ემოციური დისტანციის ჩვენება, მეტაფორების შექმნა, და არა ტექნიკური საკითხები.[1]

 
ჯონ კასავეტესი და ჯინა როულენდსი

კასავეტესი უპირატესობას ანიჭებს კომპლექსურ, მრავალმხრივ პერსონაჟებს, რომელთა სურვილები, ემოციები და შესაძლებლობები ერთმანეთთან წინააღმდეგობაში მოდის. კინორეჟისორს ყველაზე მეტად ადამიანის გრძნობებთან დაკავშირებული მისტიკა აინტერესებდა, [2] როგორც თავად ამბობდა: „თუ ჩვენ ვახერხებთ, რომ ადამიანების გრძნობები, მათი ცხოვრების გზები ავსახოთ, მაშინ, კარგი ფილმი შეგვიქმნია. მხოლოდ ეს არის, რისი გაკეთებაც გვინდა. გვინდა, გრძნობა ვაჩვენოთ.“[3]

ფილმოგრაფია რედაქტირება

წელი ქართულად მშობლიური სახელწოდება როლი
1959 „ჩრდილები“ Shadows რეჟისორი, სცენარისტი, მონტაჟისტი
1961 „გვიანდელი ბლუზი“ Too Late Blues რეჟისორი, სცენარისტი, პროდუსერი
1963 „ბავშვი იცდის“ A Child Is Waiting რეჟისორი
1968 „სახეები“ Faces რეჟისორი, სცენარისტი, პროდუსერი, მონტაჟისტი
1970 „ქმრები“ Husbands რეჟისორი, სცენარისტი, პროდუსერი, მონტაჟისტი, მსახიობი
1971 „მინი და მოსკოვიჩი“ Minnie and Moskowitz რეჟისორი, სცენარისტი, მსახიობი
1974 ქალი გავლენის ქვეშ A Woman Under The Influence რეჟისორი, სცენარისტი
1976 „ჩინელი ბუკმეიკერის მკვლელობა“ The Killing of a Chinese Bookie რეჟისორი, სცენარისტი
1977 „გახსნის საღამო“ Opening Night რეჟისორი, სცენარისტი, მსახიობი
1980 „გლორია“ Gloria რეჟისორი, სცენარისტი
1984 „სიყვარულის ნაკადები“ Love Streams რეჟისორი, სცენარისტი, მსახიობი
1986 „დიდი განსაცდელი“ Big Trouble რეჟისორი

რესურსები ინტერნეტში რედაქტირება

სქოლიო რედაქტირება