სიბილა (ბერძ. Σῐ́βυλλᾰ, მრ. რ. Σῐ́βυλλαι, ლათ. Sibyllae) — ზეშთაგონებელი წინასწარმეტყველი ქალი ბერძნულ მითოლოგიაში. ასეთ ქალთა რაოდენობა საკმაოდ დიდი იყო, სხვადასხვა დროსა დ ხალხებს აკუთვნებდნენ, მაგრამ მათი სახელისა და ვინაობის დაბეჯითებით დადგენა ძნელია: პლატონი, არისტოტელე, არისტოფანე და ჰერაკლიტე ეფესელი ერთს ასახელებენ, ჰერაკლიტე პონტოელი — სამს, სხვები — მრავალს, რომაელი სწავლული ვარონი ათასამდე სიბილას იცნობს (უფრო იონიურ სამყაროში). ევსტათიოსის ცნობით, პირველი სიბილა იყო დარდანოსის და ნესოს ასული, რომლის სახელიც ზოგადად იქცა. პლუტარქეს აზრით კი პირველი სიბილა იყო ზევსის და ლამიას (პოსეიდონის ასულის) ქალი, რომელიც დელფოს ერთ-ერთ კლდეზე წინასწარმეტყველებდა. უფრო ხშირად სიბილები უბედურებათა მაუწყებელნი არიან. ამრიგად, ქრისტიანულ სამყაროში აღორძინების შემოქმედთა შემწეობით ასე ცნობილი სიბილები სინამდვილეში ბერძნულ მითებში იღებენ სათავეს. მეორედ ასახელებენ ერითრეის სიბილას, ჰეროფილეს, რომლის მშობლიური კუთხის პატივს ბევრი მხარე იჩემებდა. თვით ეს ქალი თავს ეძახის ჰეროფილეს და არტემიდეს, ე.ი. მისანთა ღმერთის აპოლონის დას (ასულს ან მეუღლეს). ეს სიბილა ტროის ომის წინ ცხოვრობდა, ტროის და დელფოს სიბილებთანაა გაიგივებული (აგრეთვე სამოსის, კუმეს და სხვ.). მისი მეტსახელებია დემო, დეიფობე, დემოფილე და ამალთეაც კი. ტროიდან წასულა, სხვა სიბილებივით მოხეტიალე, გადასულა კლაროსზე კოლოფონთან, მერე სამოსზე, დელოსზე, მოიარა დელფო და ისევ ტროის აპოლონის ჭალაში დაბრუნდა. კიმედან (კუმედან) თუ ერითრეიდან იტალიაშიც გადასულა. ქვესკნელში ჩასვლამდე მას ენეასმა რჩევა ჰკითხა. მისი სახელითაა შეთხზული ბერძნულ ენაზე ცნობილი წინასწარმეტყველებანი (ლექსად). ეს კრებული ტარკვინიუსმა ერთი ქალისგან საარაკო ფასად იყიდა. საინტერესო ლიტერატურული ძეგლი იქნებოდა, თუმცა მან წიგნი ქვის კიდობანში ჩადო და იუპიტერის ტაძრის მიწისქვეშა ტალანში შეინახა. მისი გადაშლა შეეძლოთ მხოლოდ რჩეულებს, ისიც სენატის ნებართვით. ძვ. წ. 83 წელს ხანძარმა საგანძურთა ერთად წიგნიც გაანადგურა. სხვა წიგნებიც დაწვეს, აპოლონის ტაძრისა (დაახლ. 400 წელს სტილიქონის ბრძანებით). ჰეროფილემ ტროის ომი იწინასწარმეტყველა. კუმეს (კუმეის) სიბილამ 1000 წელი იცოცხლა.

მიქელანჯელოს სიბილები, სიქსტეს კაპელა:
  1. ლიბიის
  2. დელფოს
  3. ერითრეის
  4. კუმეს
  5. სპარსეთის

სიბილები აღმოსავლური (მცირეაზიური) წარმოშობისანი არიან, საბერძნეთის გზით შევიდნენ რომში. მათი წარმონათქვამები — სიბილინები დიდ მესიანისტურ მოვლენად მიაჩნდათ. სახელს ეძახდნენ ადგილსამყოფელის მიხედვით. მათი რიცხვი თორმეტამდე ავიდა. ყველას თავისი ატრიბუტები ჰქონდა: სპარსეთის სიბილა — სანათიანი მოხუცი ქალი, ფერხთით გველით; ლიბიის სიბილა — ახალგაზრდა, დამსხვრეული ჯაჭვით, დაფნის გვირგვინით, ჩირაღდნით ხელში; ერითრეის სიბილა — უბირი ქალი, ბატკნით და მახვილით ხელში, ქრისტეს შობის მაუწყებელი; კუმეს სიბილა — ოქროსსამოსიანი, წიგნებით ხელში; დელფოს, ჰელესპონტის, ებრაელთა (საბაის), იგივე ბაბილონის, ეგვიპტის და სხვა. კასანდრა და მანტოც სიბილებად მიაჩნდათ.

ბერძენთა სიბილები ყველგან აპოლონს უკავშირდებიან, თუმცა ისინი ორაკულები არ იყვნენ. სადაც კი ორაკულთა კერა გაჩნდებოდა, სიბილაც მიდიოდა. წინასწარმეტყველებდნენ ამაყად, მხოლოდ ღმერთის ზეშთაგონებით, კრუნჩხვით, დალევისა და აღტკინების შედეგად. ბოლოში არ ეხვეოდნენ და ბუნდოვან სიტყვებს არ წამოისროდნენ ორაზროვნად. რომში კუმეს გარდა არსებობდნენ კარმენტიდის სიბილები და სხვ. ქრისტიანობამდე ებრაელებს ჰყავდათ საბა ან სამბეთა, ეგვიპტისა და ბაბილონის სიბილების ორეული. ებრაული, წარმართული და ქრისტიანული ნამისნის კრებულებია სხვადასხვა დროს შედგენილი სიბილების წიგნები, სილ 12. ესაა პოეტური სტრიქონების, ქალაქთა და სახელმწიფოთა ბედის მაუწყებელი წიგნები. რომში სიბილა მუდამ ქალწულად ითვლებოდა, ნაწილობრივ ასეა სხვაგანაც. ცხოვრობდნენ გამოქვაბულებში, წყაროებთან, და ხალხი მათ მოწიწებით შესცქეროდა. ქრისტიანულმა სარწმუნოებამ სიბილები მიიღო, რადგან ქრისტეს გამოცხადებასაც ქადაგებდნენ. ამიტომაც ქრისტიანულ ხელოვნებაში მათი სახეები ნამუშევრებში აისახა. ცნობილია ვან ეიკის გენტის საკურთხევლის ისტორიული სახეები, ჯოტოს, ვან დერ ვეიდენის, კრანახის, ტინტორეტოს, რემბრანდტის და სხვათა სახეები. ყველაზე უფრო სრულყოფილია მიქელანჯელოს 5 სიბილა სიქსტეს კაპელაში, ჭერზე, რაფაელის 4, ანდრეა დელ კასტანიოს ფრესკები და სხვა.

სიბილები — სიბილას წიგნები, კუმეს სიბილას ნათქვამთა კრებული, „ორაკულა სიბილინა“.

ლიტერატურა

რედაქტირება
  • გელოვანი აკაკი, მითოლოგიური ლექსიკონი, თბ.: „საბჭოთა საქართველო“, 1983. — გვ. 447–448.