კიმე

ძველი ბერძნული ქალაქი

კიმე[1] (ბერძ. Κύμη) — ქალაქი ეოლიდაში, სმირნიდან ჩრდილოეთით 40 კმ-ზე, ზღვის სანაპიროზე. სტრაბონის მიხედვით, დააარსეს ბერძენმა კოლონისტებმა, ტროის ომისა და მათ მიერ პელასგებისთვის ქალაქ ლარისას წართმევის შემდეგ. ქალაქმა ძვ. წ. 512 წელს გემები მისცა დარიოსს, 480 წელს კი — ქსერქსეს. დელოსის კავშირში ძალიან მაღალი მაჩვენებლით, 9 ტალანტით იყო შეფასებული; სტრაბონი მას ეოლიდის ყველაზე დიდ და კარგ ქალაქად მოიხსენიებს. ვარაუდობენ, რომ კებრენი და სიდე მისი კოლონიები იყო.[2] გავრცელებული მოსაზრებით, კიმეს დაარსებულია კოლონია კუმე.[3] მონეტების მოჭრა მიმდინარეობდა ძვ. წ. VII საუკუნიდან III საუკუნემდე. ელინიზმისა და რომაულ პერიოდებში დიდი მნიშვნელობა აღარ ჰქონდა.[2]

ძველი ქალაქიდან ცოტა რამ არის შემორჩენილი. შედგებოდა ორი ბორცვისაგან, რომელთაგან სამხრეთით მდებარე დაცული იყო წრიული გალავნით, თუმცა მისგან თითქმის არაფერია დარჩენილი. მეორე ბორცვის ძირთან შეინიშნება ამფითეატრისათვის დამახასიათებელი ჩაღრმავება, მაგრამ ქვები არ იძებნება. ადრე გათხრილი ქალღმერთ ისიდას მცირე ზომის იონიური ტაძარი დღეს მიუკვლეველია. ბორცვებს შორის მდებარე ხეობაში დგას გვიანი დროის მონუმენტური შენობა უკანელურო სვეტების ორი რიგით. სანაპიროზე ორი მოლოა; სამხრეთი მათგანი უფრო კარგადაა შემორჩენილი, თუმცა დღეს წყლითაა დაფარული. პრაქტიკულად მთელი ადგილი უკაცრიელია.[2]

  1. ეოლიდა // ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 4, თბ., 1979. — გვ. 164.
  2. 2.0 2.1 2.2 Richard Stillwell, William L. MacDonald, Marian Holland McAllister, Stillwell, Richard, MacDonald, William L., McAlister, Marian Holland, Ed. (1976). „Kyme“, The Princeton Encyclopedia of Classical Sites. Princeton, N.J.: Princeton University Press. 
  3. Smith, William (1854) A smaller classical dictionary of biography, mythology, and geography. London: J. Murray, გვ. 132. 
მოძიებულია „https://ka.wikipedia.org/w/index.php?title=კიმე&oldid=4325653“-დან