სვიმონ ახმეტელაშვილი
სვიმონ გიორგის ძე ახმეტელაშვილი (დ. 1879, სიღნაღის მაზრა, ანაგა — გ. 28 დეკემბერი, 1937, თბილისი) — ქართველი პოლიტიკოსი, პროფესიით ვეტერინარი, საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის დამფუძნებელი კრების წევრი.
სიმონ ახმეტელაშვილი | |
---|---|
დაბადების თარიღი |
1879 ანაგა, სიღნაღის რაიონი, რუსეთის იმპერია |
გარდაცვალების თარიღი | 30 დეკემბერი, 1937 |
მოქალაქეობა |
რუსეთის იმპერია საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკა სსრკ |
ალმა-მატერი | თბილისის სასულიერო სემინარია |
საქმიანობა | პოლიტიკოსი |
ნათესავები | სტეფანე ახმეტელი (ძმა) |
ბიოგრაფია
რედაქტირებასვიმონ გიორგის ძე ახმეტელაშვილი დაიბადა 1879 წელს, სიღნაღის მაზრის სოფელ ანაგაში. უმაღლესი განათლება მიიღო დორპატის (ტარტუს) ვეტერინარიულ ინსტიტუტში. 1900 წლიდან იყო რუსეთის სოციალ-დემოკრატიული მუშათა პარტიის წევრი; 1905 წლიდან მუშაობდა მენშევიკურ ფრაქციაში. პირველი მსოფლიო ომის დაწყების შემდეგ მობილიზებული იყო არმიის ვეტერინარიულ ნაწილში. 1917 წლიდან იყო ამიერკავკასიის ვეტერინარ ექიმთა საბჭოს წევრი. 1919 წლამდე მუშაობდა საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის შინაგან საქმეთა სამინისტროს ვეტერინარიულ-სანიტარული განყოფილების გამგის თანაშემწედ. 1919 წლის 12 მარტიდან არჩეული იყო საქართველოს რესპუბლიკის დამფუძნებელი კრების წევრად საქართველოს სოციალ-დემოკრატიული მუშათა პარტიის სიით; იყო აგრარული კომიტეტის წევრი, სახალხო ჯანმრთელობის კომისიის მდივანი. 1921 წელს იყო საქართველოს სამხედრო სამინისტროს ვეტერინარიული ნაწილის საგანგებო რწმუნებათა ჩინოვნიკი. 1921 წელს საბჭოთა რუსეთის მიერ საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის ოკუპაციის მიუხედავად დარჩა საქართველოში. ამის შემდგომ იგი ძმასთან — სტეფანე ახმეტელაშვილთან ერთად 6 თვით გადაასახლეს რიაზანის საკონცენტრაციო ბანაკში. სტეფანე ახმეტელაშვილი ეტაპირებისას ტიფით გარდაიცვალა.
სასჯელის მოხდის შემდეგ სვიმონ ახმეტელაშვილი დაბრუნდა საქართველოში და ცხოვრობდა მშობლიურ სოფელში. ჩართული იყო წინააღმდეგობის მოძრაობაში. მეორედ იგი 1922 წლის 18 აგვისტოს ანტისაბჭოთა აგიტაციის ბრალდებით დააპატიმრეს. 924 წლის სექტემბერში აგვისტოს აჯანყების ჩახშობის შემდეგ საქართველოს სსრ-ის ხელისუფლებამ მოახდინა მისი ქონების კონფისკაცია.[1] 1930 წლის 23 თებერვალს, განსაკუთრებულმა სათათბირომ ვადაზე ადრე გაათავისუფლა გადასახლებიდან. 1937-1938 წლების დიდი საბჭოთა ტერორის დროს სვიმონ ახმეტელაშვილი კვლავ დააპატიმრეს და 1937 წლის 28 დეკემბერს დახვრეტა მიუსაჯეს. განაჩენი იმავე ღამეს აღასრულეს.
ლიტერატურა
რედაქტირება- ენციკლოპედია „საქართველო“, ტ. I, თბ., 1997. — გვ. 302.
- ირაკლი ხვადაგიანი. საქართველოს დამფუძნებელი კრება 1919. საბჭოთა წარსულის კვლევის ლაბორატორია. თბილისი, 2016, გვ. 165-166.
რესურსები ინტერნეტში
რედაქტირებასქოლიო
რედაქტირება- ↑ ჯიქია ლ., 1924 წლის აჯანყება დასავლეთ საქართველოში, თბ.: უნივერსალი, 2012. — გვ. 261.