სენ-ჟონ პერსი
სენ-ჟონ პერსი (ნამდვ. სახელი და გვარი მარი რენე ალექსის სენ-ლეჟე) (დ. 31 მაისი, 1887 — გ. 20 სექტემბერი, 1975) — ფრანგი პოეტი და დიპლომატი, ნობელის პრემიის ლაურეატი ლიტერატურის დარგში (1960).
სენ-ჟონ პერსი | |
---|---|
ფრანგ. Saint-John Perse | |
დაბადების თარიღი | 31 მაისი, 1887[1] [2] [3] [4] [5] [6] [7] [8] [9] |
დაბადების ადგილი | პუანტ-ა-პიტრი[8] |
გარდაცვალების თარიღი | 20 სექტემბერი, 1975[10] [1] [2] [3] [11] [4] [5] [6] [8] (88 წლის) |
გარდაცვალების ადგილი | Hyères[8] |
დასაფლავებულია | cemetery of Giens[9] |
ფსევდონიმი | Saint-John Perse[12] და Saint Leger Leger |
საქმიანობა | პოეტი[7] , მთარგმნელი, დიპლომატი[7] და მწერალი |
ენა | ფრანგული ენა[13] [14] |
მოქალაქეობა | საფრანგეთი[13] |
ალმა-მატერი | University of Bordeaux და Lycée Louis-Barthou |
Magnum opus | Anabase, Amers, Praises და Q48748337? |
ჯილდოები | ნობელის პრემია ლიტერატურაში[15] [16] , საპატიო ლეგიონის ორდენის კომანდორი, საპატიო ლეგიონის ორდენის კავალერი, საპატიო ლეგიონის ორდენის ოფიცერი, საპატიო ლეგიონის ორდენის დიდი ოფიცერი და Grand prix national des Lettres |
მეუღლე | დოროთი რუსელოვა[17] |
ხელმოწერა | |
ცხოვრება და შემოქმედება
რედაქტირებადიპლომატიურ წრეებში მარი რენე ალექსი სენ-ლეჟე, ლიტერატურულ წრეებში კი - სენ-ჟონ პერსი, დაიბადა კარიბის ზღვაში მდებარე პატარა გვაროვნულ კუნძულზე, გვადელუპას სიახლოვეს. მამამისი, ამადი სენ-ლეჟე წარმოშობით ბურგუნდიელი იყო, ბურგუნდია კი მის წინაპრებს XVII საუკუნეში დაეტოვებინათ. დედამისი, ფრანსუაზა რენე დორმუა საზღვაო ოფიცრებისა და პლანტატორების ოჯახის წარმომადგენელი არის, რომლებიც ანტილის კუნძულებზე სახლობდნენ XVII საუკუნიდან მოყოლებული.
ალექსისი დედისერთა იყო. საწყისი განათლება პუენტ-ა-პიტრის სკოლაში მიიღო (გვადელუპა). 1899 წელს ოჯახთან ერთად მატერიალური პირობების გაუმჯობესების მიზნით სამშობლოში, საფრანგეთში დაბრუნდა და ცხოვრობდა ქალაქ პოში. ბორდოს უნივერსიტეტის დასრულების შემდეგ მან აქტიურად დაიწყო მზადება დიპლომატიური კარიერისათვის და 1914 წელს ჩაბაარა კიდეც ამის განსახორციელებისათვის საჭირო გამოცდები.
მისი ლექსების პირველი კრებული "ქებათა ქებანი" («Eloges») 1910 წელს დაიბეჭდა და უმალვე მიიპყრო ისეთი ლიტერატურული მეტრების ყურადღება როგორებიც იმ დროს ანდრე ჟიდი და ჟაკ რივიერები იყვნენ. ლიტერატურულ კარიერას პროფესიონალური დიპლომატიური კარიერისთვის რომ არ შეეშალა ხელი, მან აიღო ფსევდონიმი "სენ-ჟონ პერსი" და ამის შემდგომ მის ლექსებს ამ სახელით აქვეყნებდა. 20-იან წლებში მისი პოეტური შემოქმედება მწირი იყო, თუმცა ამ დროისათვის შექმნილი პოემებიდან გამოსარჩევია ეპიკური პოემა "ანაბაზისი" («Anabase», 1924), რომელიც შემდგომში ხელმეორედ 1930 წელს გამოიცა და ინგლისურ ენაზე ითარგმნა თომაზ სტერნ ელიოტის მიერ. ეს პოემა პოეტმა პეკინში ხუთწლიანი დიპლომატიური მისიის დროს დაწერა. ჩინეთში ყოფნისას სენ-ჟონ პერსი საკუთარ შვებულებას აღმოსავლეთ ჩინეთის ზღვაში ცურვაში და გობის უდაბნოში ცხენზე ჯირითში ხარჯავდა. ერთ-ერთი დაოსისტური ტაძრის მონახულებისას პოეტს შთაგონება ეწვია და განიზრახა დაეწერა პოემა ადამიანის სიმარტოვეზე და ამ სიმარტოვით გამოწვეულ სულიერ ვნებათა ღელვაზე აზიის უსაზღვრო უდაბნოებში. არტურ ნოლდმა, სენ-ჟონ პერსის შემოქმედების მკვლევარმა ამ პოემას "სენ-ჟონ პერსის ერთ-ერთი ყველაზე მკაცრი და იდუმალებით მოცული პოემა უწოდა".
პეკინიდან პარიზში დაბრუნებული სენ-ჟონ პერსი 1921 წელს უმალ ვაშინგტონში გააგზავნეს საერთაშორისო კონფერენციაზე, რომელიც განიარაღებას ეხებოდა. იქ იგი შეხვდა საფრანგეთის პრემიერ-მინისტრს და საფრანგეთის დელეგაციის ხელმძრვანელს, არისტიდ ბრიანს, რომელთანაც მას მჭიდრო მეგობრული ურთიერთობები ჩამოუყალიბდა. 1933 წელს სენ-ჟონ პერსი საფრანგეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს გენერალური მდივნის თანამდებობაზე ინიშნება. წინასაომარ ევროპაში სენ-ჟონ პერსმა თანამედროვეებს ჰიტლერის პოლიტიკის მკაცრი კრიტიკით დაამახსოვრა თავი, რითაც გამოიწვია უკმაყოფილება იმდროინდელი საფრანგეთის პოლიტიკური წრეებისა, რომელთაც 1940 წელს სათავეში პრემიერ-მინისტრი პოლ რეინო ედგა. საფრანგეთის ოკუპაციამდე მცირე ხნით ადრე, სენ-ჟონ პერსი სამსახურიდან გაათავისუფლეს. იმავე წლის ივნისში კი პოეტი ინგლისისა და კანადის გავლით აშშ-ში გაიქცა, დააღწია რა ამით ვიშის მთავრობისა და ჰიტლერული გერმანიის კლანჭებს თავი. "ვიშის" მთავრობამ მას საფრანგეთის მოქალაქეობა, ელჩის რანგი და ყველა დიპლომატიურ სტატუსი ჩამოართვა. მეორე მსოფლიო ომის ბოლომდე, სენ-ჟონ პერსი ვაშინგტონში ცხოვრობდა და აშშ-ს კონგრესის ბიბლიოთეკაში მოკრძალებული თანამდებობა ეკავა.
იმდროინდელ დიპლომატიურ წლებში შექმნილი ნაწარმოებებიდან აგრეთვე აღსანიშნავია პოემა "პრინცის მეგობრობა" («Amide du prince», 1924). ეს პოემა შემდგომში შევიდა კრებულში "ქებათა ქებანი და სხვა პოემები". პოეტის იმდროინდელი ხელნაწერებსდა დღიურებს გესტაპომ, პარიზში მისი ბინის ჩხრეკის დროს, კონფისკაცია გაუკეთა და გაანადგურა.
აშშ-ში მშვიდ გარემოში მოხვედრილი პოეტი ბევრს მუშაობს. მისი ამდროინდელი პოეტური შემოქმედება საკმაოდ დიდია. ომისდროინდელ და ომისშემდგომდროინდელ წლებში მან შექმნა პოემები "გადასახლება" («Exil», 1942), "ქარები" («Vents», 1946), "ორიენტირები" («Amers», 1957), "ქრონიკა" («Chronique», 1959) და "ჩიტები" («Oiseaux», 1962). აღსანიშნავია ისიც, რომ ამ დროს შექმნილი მისი მრავალი ნაწარმობი გამოუქვეყნებელი დარჩა.
1960 წელს სენ-ჟონ პერსს მიენიჭა ნობელის პრემია ლიტერატურის დარგში "ამაღლებული ხატოვანებისათვის, რომელიც პოეზიის საშუალებით ასახავს თანამედროვეობის ავან-ჩავანს". ნობელის პრემიის მიღებისას, ტრადიციულ ლექციაში, პოეტმა ისაუბრა პოეზიისა და მეცნიერების მსგავსებაზე. "პოეზია არა მარტო შემეცნებაა, არამედ თვით ცხოვრებაა, ცხოვრებაა მთელი თავისი სისავსით" - აღნიშნა მან. - "პოეტი ბუდობდა გამოქვაბულისდროინდელი ადამიანის სულში და თავის ბინას ატომის ეპოქის ადამიანის სულშიც დაიდებს, ვინაიდან პოეზია კაცობრიობის განუყოფელი ნაწილია... ყოველი მიწიერისადმი ლტოლვით შთაგონებული პოეტი უნერგავს ადამიანებს აზრს ყოფიერების ერთიანობისა და მარადიულობის შესახებ". - ატომურ ეპოქაში, დასძინა ბოლოში სენ-ჟონ პერსმა - "პოეტისათვის საკმარისია ისიც კი, რომ იგი საკუთარი დროის სინდისის ქენჯნად გვევლინებოდეს".
მეორე მსოფლიო ომის დასრულების შემდეგ სენ-ჟონ პერსს დაუბრუნეს საფრანგეთის მოქალაქეობა და ყველა ის ჯილდო, რომელიც მას დიპლომატიური სამსახურის დროს ჰქონდა მიღებული. 1957 წელს იგი სამშობლოში დაბრუნდა, თუმცა მისი მუდმივი საცხოვრებელი ადგილი მაინც ვაშინგტონი დარჩა. წლის გარკვეულ ნაწილს პოეტი აუცილებლად საფრანგეთში ატარებდა, მის საკუთარ ვილაში ქალაქ ჟიენში მეუღლესთან, ამერიკელ დოროტი მილბორნ რასელთან ერთად, რომელზეც მან 1958 წელს იქორწინა. საფრანგეთში მას საპატიო ლეგიონის ორდენი მიანიჭეს, დიდმა ბრიტანეთმა კი მას დასდო პატივი მისთვის აბანოს ორდენისა და ბრიტანეთის იმპერიის დიდი ჯვარის ორდენის მინიჭებით. სენ-ჟონ პერსი გარდაიცვალა 1975 წელს.
სენ-ჟონ პერსს XX საუკუნის ერთ-ერთ ყველაზე ორიგინალურ პოეტად თვლიან. "მისი პოეტური შემართება ნელი და ცერემონიულია". - წერდა არტურ ნოდლი - "ენა კი - ლიტერატურული და ყოფითი რეალიებისაგან ძლიერ განსხვავებული... ყოველ წუთს იგრძნობა, რომ მას სურს გამოხატოს თავისი აზრი არა მარტივად, არამედ რაც შეიძლება უკეთესად".
სენ-ჟონ პერსს, რომელიც პოეტს ბუნების ძალებთან აიგივებდა, არაერთხელ ადარებდნენ უოლტ უიტმენს, თუმცა აღსანიშნავია ისიც, რომ მის არისტოკრატიულ პოეტიკას არაფერი აქვს საერთო უიტმენის პოეზიასთან. ინგლისელი პოეტი და კრიტიკოსი სტივენ სპენდერი, მისი პოემის "ქარების" რეცენზიაში ამ პოემას უწოდებს "დიად პოემას ამერიკაზე", თავად სენ-ჟონ პერსს კი - "გრანდიოზულ პოეტს". სპენდერის თქმით "მის პოეტურ ხედვაში მოცემულია ერთ ისტორიულ პერსპექტივაში განზოგადებული ბუნების, ზნეობისა და რელიგიის ხატოვანი სახეები".
20-იან წლებში პოეტი შედიოდა პოლ ვალერის, პოლ კლოდელისა და სხვა მწერალთა ლიტერატურულ ჯგუფში, რომელთაც ჟურნალი «Nouvelle Revue francaise» აერთიანებდათ. პოლ კლოდელის სიკვდილის შემდგომ კი სენ-ჟონ პერსმა განაგრძო პროზაული პოემის ტრადიცია და პროზაული პოემა ახალ ხატოვან სიმაღლეზე აიყვანა.
"სენ-ჟონ პერსი - არაჩვეულებრივი ძალისა და ოსტატობის მქონე პოეტია", - წერდა ფილიპ ტოინბი. მექსიკელი პოეტი, ოქტავიო პასი კი აღნიშნავდა, რომ "თანამედროვე პოეტის ხატოვანი სახეები უფრო მეტ სიმართლეს შეიცავს, ვიდრე ე.წ. ისტორიული დოკუმენტები. თუ ვინმეს სურს გაიგოს, რა მოხდა ჩვენი საუკუნის პირველ ნახევარში, უმჯობესია რომ მან კი არ დაკარგოს დრო ძველი გაზეთების ფურცვლაში, არამედ თანამედროვე პოეტების შემოქმედებას გაეცნოს... ერთ-ერთი ასეთი პოეტი კი არის სენ-ჟონ პერსი... მისი ენა, ამოუწურავი წყაროა ხატოვანი სახეებისა, მისი ზუსტი რიტმიკა შეუდარებელია".
«New York Times Book Review»-ში 1958 წლის 27 ივლისს დაწერილ რეცენზიაში ჰ.უ. ოდენი წერს: როდესაც ეცნობი სენ-ჟონ პერსის პოემებს, მიდიხარ დასკვნამდე, რომ თითოეული მისი პოემა ერთი დიდი პოეტური ტილოს ნაწილია. იგი ერთი იმ ბედნიერი პოეტთაგანია, რომელმაც ადრეულ ასაკში აღმოაჩინა საკუთარი მუზა და საკუთარი პოეტური ენა".
სქოლიო
რედაქტირება- ↑ 1.0 1.1 SNAC — 2010.
- ↑ 2.0 2.1 Discogs — 2000.
- ↑ 3.0 3.1 ბროკჰაუზის ენციკლოპედია
- ↑ 4.0 4.1 Gran Enciclopèdia Catalana — Grup Enciclopèdia, 1968.
- ↑ 5.0 5.1 GeneaStar
- ↑ 6.0 6.1 Roglo — 1997. — 10000000 ეგზ.
- ↑ 7.0 7.1 7.2 The Fine Art Archive — 2003.
- ↑ 8.0 8.1 8.2 8.3 birth certificate — გვ. 35.
- ↑ 9.0 9.1 Find a Grave — 1996.
- ↑ Сен-Жон Перс // Большая советская энциклопедия: [в 30 т.] / под ред. А. М. Прохорова — 3-е изд. — Москва: Советская энциклопедия, 1969.
- ↑ https://www.nobelprize.org/prizes/facts/facts-on-the-nobel-prize-in-literature/
- ↑ 13.0 13.1 საფრანგეთის ეროვნული ბიბლიოთეკა — 1537.
- ↑ Library of Congress Library of Congress Name Authority File
- ↑ https://www.nobelprize.org/nobel_prizes/literature/laureates/1960/
- ↑ https://www.nobelprize.org/nobel_prizes/about/amounts/
- ↑ Library of Congress Authorities — Library of Congress.