საწოლი (მეფე)
საწოლი მეფისა — საქართველოს მეფის მოსასვენებელი განსაკუთრებული დაწესებულება. აღწერილია ხელმწიფის კარის გარიგებაში (XIV საუკუნე). სასახლეში საწოლი მოიცავდა საკუთრივ დასაწოლ-დასაძინებელ, აგრეთვე „უკაზმავი“ მეფის სამყოფ და საწოლის სამსახურებლისათვის განკუთვნილ ოთახებს. მგზავრობისათვის არსებობდა მოძრავი საწოლი, რომელიც „სიკისტროსანი“ და „სასაგებლე“ ჯორებით გადაჰქონდათ ბარგისუხუცესსა და შუბოსან მესაწოლეებს. საწოლი მსახურთუხუცესის „ჴელისა“ იყო, უშუალოდ კი მას მესაწოლეთუხუცესი განაგებდა. დაცვას უზრუნველყოფდნენ „წინამწოლნი“, „კარის დარაჯა“ და არგნოსანი „საწოლის მეკარე“, კერძო სამსახურს — ფარეშები, ფარეშთუხუცესი და მეღვინე, ხოლო სახელმწიფო საქმეებზე მოხსენება-განკარგულებათა აღნუსხვა და დაწესებულების წლიური ანგარიშის შედგენა-შემოწმება საწოლის მწიგნობარს ევალებოდა.
ლიტერატურა
რედაქტირება- ფუტკარაძე ი., ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 9, თბ., 1985. — გვ. 224.