საფუარი სოკოები, საქარომიცეტები (ლათ. Saccharomycetales) — სოკოების რიგი, ჩანთიანი სოკოების კლასისა. აერთიანებს 39 გვარის 360-მდე სახეობას. საფუარი სოკოს ყველაზე მარტივი სხეული წარმოადგენს ერთ უჯრედს, რომელსაც სოკოს ყველა ძირითადი თვისება ახასიათებს. ზოგჯერ უჯრედები შეიძლება შეერთდნენ ნამდვილ ან ცრუ მიცელიუმად, რაც ერთ-ერთი დამახასიათებელი ნიშანია ზოგიერთი გვარისა და სახეობისთვის. უჯრედის სიგრძე 10 მკმ-ია. ნამდვილი და ცრუ მიცელიუმისა კი ზოგჯერ 50 მკმ-ს აღწევს. მრავლდებიან უსქესოდ და სქესობრივად. უსქესო გამრავლების უფრო გავრცელებული სახეა დაკვირტვა, რომლის დროსაც წარმოიქმნება მრგვალი, ოვალური, ან კვერცხისებრი უჯრედები. შედარებით იშვიათია უჯრედის დაყოფით გამრავლება. სქესობრივი პროცესი იზოგამია ან ჰეტეროგამიაა. შეერთებული უჯრედებიდან წარმოიქმნება ჩანთა, რომელშიც ვითარდება ე. წ. ასკოსპორები.

საფუარი სოკოები
საფუარი სოკოები სინათლის მიკროსკოპში
მეცნიერული კლასიფიკაცია
სამეფო:  სოკოები
ლათინური სახელი
Saccharomycetales

საფუარი სოკო გავრცელებულია ყველგან, სადაც კი შაქარშემცველი ნივთიერება ან პროდუქტია. მევრი მათგანი იწვევს სპირტულ დუღილს, რის გამოც ფართოდ იყენებენ ღვინის დაყენებისას, ლუდის წარმოებაში, პურის ცხობის დროს, რძის წარმოებაში და სხვა. საფუარი სოკოები შეიცავენ ცილებს, ნახშირწყლებს, B ჯგუფის ვიტამინებს. ლუდის თხევად საფუარ სოკოებს იყენებენ ანემიის, შაქრიანი დიაბეტის, წყლულოვანი დაავადებებისა და სხვათა სამკურნალოდ. საფუარ სოკოთა შორის გვხვდება პათოგენური ფორმებიც, რომლებიც იწვევენ ადამიანისა და ცხოველის ბლასტომიკოზსა და კანდიდამიკოზს.

ლიტერატურა

რედაქტირება