საუდის არაბეთის ისტორია

საუდის არაბეთი ძვ. წ. II ათასწლეულიდან მომთაბარე არაბებით იყო დასახლებული. ახ. წ. VII საუკუნეში არაბეთის ნახევარკუნძულის დასავლეთ ნაწილში (ჰიჯაზი) ახალი რელიგია — ისლამი აღმოცენდა და პირველი მუსლიმური თეოკრატიული სახელმწიფო — არაბთა სახალიფო (დედაქალაქი მედინა) შეიქმნა. VII–VIII საუკუნეებში საუდის არაბეთის ტერიტორიის დიდი ნაწილი შედიოდა ომაიანთა, ხოლო VIII–IX საუკუნეებშიაბასიანთა სახალიფოში. X–XII საუკუნეებში არაბეთის ნახევარკუნძულის ტერიტორიის ნაწილზე შეიქმნა დამოუკიდებელი სამთავროები (საამიროები, სასულთნოები); ჰიჯაზი ვასალურ დამოკიდებულებაში იყო ფატიმიდებთან, შემდეგ — აიუბიდებთან, ხოლო XIII საუკუნის შუა წლებიდან — XVI საუკუნის დასაწყისამდე — მამლუქებთან. გაცილებით დამოუკიდებელი იყო ნაჯდი. XVI საუკუნის დასაწყისში ოსმალეთის იმპერიამ თავისი ძალაუფლება განავრცო ჰიჯაზზე. 1745 წელს ნაჯდის ერთ-ერთი საამიროს გამგებელმა მუჰამად იბნ საუდმა (1726/1727–1765) დაიწყო ბრძოლა არაბეთის გაერთიანებისათვის ვაჰაბიზმის (იხ. ვაჰაბიტები) დროშით. XIX საუკუნის დასაწყისში არაბეთი გაერთიანდა საუდიდების ფეოდალურ სახელმწიფოში. XIX საუკუნის II ნახევარში ვაჰაბიტების სახელმწიფო დაიპყრეს შამარის (ჩრდ. არაბეთი) მმართველებმა — რაშიდიდებმა. 1902 წელს ამირა იბნ საუდმა რაშიდიდები დაამარცხა და ნაჯდში საუდიდების ხელისუფლება აღადგინა. 1915 წელს ინგლისმა ცნო ნაჯდის დამოუკიდებლობა.

პირველი მსოფლიო ომის (1914–1918) დამთავრების შემდეგ იბნ საუდი განაგრძობდა ბრძოლას ქვეყნის გაერთიანებისათვის. 1920 წელს მან დაამყარა პროტექტორატი ასირის ნაწილზე (1930 წელს მთელი ასირი დაიმორჩილა). 1921 წელს დაიპყრო შამარი, 1925 წელს — ჰიჯაზი, ხოლო 1926 წლის იანვარში თავი ჰიჯაზის მეფედ და ნაჯდისა და შემოერთებული ოლქების სულთნად (1927 წელს მეფედ) გამოაცხადა. 1926 წლის 16 თებერვალს სსრკ-მა პირველმა ცნო ახალი სახელმწიფო და მასთან დიპლომატიური და სავაჭრო ურთიერთობა დაამყარა. 1927 წელს დიდმა ბრიტანეთმა ცნო საუდიდთა დამოუკიდებელი სახელმწიფო. 1932 წლიდან მას ოფიციალურად ეწოდება საუდის არაბეთის სამეფო. მეორე მსოფლიო ომის (1939–1945) დროს საუდის არაბეთმა გაწყვიტა დიპლომატიური ურთიერთობა ფაშისტურ გერმანიასა (1941) და იტალიასთან (1942), მაგრამ ომში არ მონაწილეობდა. 1943 წელს აშშ-მა დაამყარა დიპლომატიური ურთიერთობა საუდის არაბეთთან და გაავრცელა მასზე კანონი ლენდ-ლიზის შესახებ. დაჰრანში შეიქმნა აშშ-ის სამხედრო-საჰაერო ბაზა.

საუდის არაბეთში არსებული ფეოდალურ-თეოკრატიული რეჟიმი, გამგებლობის აბსოლუტისტური მეთოდები მოსახლეობის, უწინარეს ყოვლისა, მუშათა კლასის უკმაყოფილებას იწვევდა. 1953 წელს (იბნ საუდის გარდაცვალების შემდეგ) ტახტზე ავიდა მეფე საუდი; მან გამოსცა კანონები, რომლებიც კრძალავდა გაფიცვებისა და დემონსტრაციების ჩატარებას, ითვალისწინებდა ყველაზე მკაცრ სასჯელს სამეფო ხელისუფლების წინააღმდეგ გამოსვლისათვის. შიდაპოლიტიკური წინააღმდეგობათა გამწვავების გამო საუდი იძულებული გახდა უარი ეთქვა ტახტზე ამირა ფაისალის სასარგებლოდ (1964). ახალი მეფე ეყრდნობოდა ფეოდალთა ზედა ფენას და ჩამოყალიბების პროცესში მყოფ ეროვნულ ბურჟუაზიას. მისმა მთავრობამ გაატარა მთელი რიგი რეფორმები ეკონომიკის დარგში, საუდის არაბეთის საგარეო პოლიტიკა 60-იანი წლების II ნახევრიდან ორჭოფულ ხასიათს ატარებთ, ერთი მხრივ, საუდის არაბეთი გამოდიოდა (1966) მუსლიმური სახელმწიფოების ორგანიზაციის ე. წ. ისლამური პაქტის შექმნის მომხრედ, ცდილობდა დაემყარებინა თავისი კონტროლი სპარსეთის ყურის დიდ ნაწილზე და აქტიურად მხარს უჭერდა ანტიკომუნიზმს, მეორე მხრივ, ემხრობოდა არაბული ქვეყნების ბრძოლას ისრაელის აგრესიის წინააღმდეგ. მან მხარი დაუჭირა 1974 წლის რაბატის კონფერენციის გადაწყვეტილებას — ეცნოთ პალესტინის განთავისუფლების ორგანიზაცია პალესტინის არაბი ხალხის ერთადერთ წარმომადგენლად.

1975 წლის 25 მარტს მოკლეს მეფე ფაისალი. 1976 წლიდან 1982 წლის 12 ივნისამდე მეფობდა ხალედ იბნ ალ-აზიზ ალ-საუდი. 13 ივნისს მეფედ გამოაცხადეს ფაჰდ იბნ აბდულ აზიზ ალ-საუდი. მთელ რიგ საერთაშორისო საკითხებში საუდის არაბეთის მთავრობა მხარს უჭერს კონსერვატიულ ელემენტებს არა მარტო არაბულ ქვეყნებში, არამედ აზიისა და აფრიკის ზოგიერთ სხვა სახელმწიფოში. აშშ ცდილობდა შეეცვლევინებინა საუდის არაბეთს დამოკიდებულება სეპარატიული კემპ-დეივიდის მორიგებისადმი, რომელსაც საუდის არაბეთი არ ცნობს.

1990 წელს ქუვეითის ტერიტორიაზე ერაყის შეჭრის შემდეგ საუდის არაბეთში განათავსეს აშშ-ის სამხედრო ბაზები. ახლო აღმოსავლეთში (მათ შორის საუდის არაბეთშიც) აშშ-ის გააქტიურებამ გამოიწვია ტერორისტული ორგანიზაციების ჩამოყალიბების პროცესის დაჩქარება. 2001 წლის 11 სექტემბრის ტერაქტის მონაწილეთა უმრავლესობა საუდის არაბეთის მოქალაქე იყო.

2011 წელს საუდის არაბეთსაც შეეხო მასობრივი სახალხო მოძრაობა არაბული გაზაფხული, გაიმართა დემონსტრაციები, იყო თვითდაწვის ფაქტებიც.

2015 წლიდან სამეფო ტახტს სალმანი იკავებს.

ლიტერატურა

რედაქტირება
  • ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 9, თბ., 1985. — გვ. 146.
  • Parker, Chad H. Making the Desert Modern: Americans, Arabs, and Oil on the Saudi Frontier, 1933–1973 (U of Massachusetts Press, 2015), 161 pp.
  • al-Rasheed, Madawi. A History of Saudi Arabia (2nd ed. 2010)
  • Vassiliev, Alexei. The History of Saudi Arabia (2013)
  • Wynbrandt, James and Fawaz A. Gerges. A Brief History of Saudi Arabia (2010)