სასიკი
სასიკი, კუნდუკი (უკრ. Сасик) — ტბა უკრაინაში, ოდესის ოლქში. მდებარეობს შავი ზღვის ჩრდილო-დასავლეთ სანაპიროზე, ზღვის დონიდან –0,3 მ სიმაღლეზე. ზედაპირის ფართობი 215 კმ², მაქსიმალური სიღრმე 3,3 მ. ჩრდილოეთიდან სამხრეთისაკენ გადაჭიმულია დაახლოებით 35 კმ-ზე, სიგანე 3-იდან 11 კმ-მდე.
სასიკი | |
---|---|
ტბა სასიკი | |
კოორდინატები: 45°38′29″ ჩ. გ. 29°39′31″ ა. გ. / 45.64139° ჩ. გ. 29.65861° ა. გ. | |
მდებარეობა | უკრაინა |
ტერიტორიული ერთეული | ოდესის ოლქი |
სიმაღლე ზღვის დონიდან | –0,3 მ |
სიგრძე | 35 კმ |
სიგანე | 11 კმ |
ფართობი | 215 კმ² |
საშუალო სიღრმე | 2,7 მ |
მაქსიმალური სიღრმე | 3,3 მ |
მედიაფაილები ვიკისაწყობში |
სასიკი ზღვისგან მთლიანად არის გამოყოფილი ნაყარით და სამხრეთ-აღმოსავლეთით შლუზით უკავშირდება ტბა ჯანტშეისკოეს, რომელიც თავის მხრივ, უერთდება ზღვასა და შაგანი — ალიბეი — ბურნასის სისტემას. ნაყარის სიგრძე 15 კმ აღწევს; მასზე გადის მობეტონებული ავტოგზა, რომელიც აკავშირებს ტატარბუნარის რაიონის კურორტ კატრანკასა და კილიის რაიონის სოფელ პრიმორსკოეს.
ნაყარის ზღვის მხარეს განლაგებულია ქვიშიანი პლაჟები, რომელზედაც ზაფხულში წარმოიქმნება ავტოტურისტების სტიქიური სადგომები. ლიმანის სანაპიროსა და ნაყარზე განლაგებულია თევზსაჭერი ბრიგადები. სანაპიროს გასწვრივ არსებული ზოგიერთი ადგილი დაფარულია ლელქაშით. სასიკს ჩრდილოეთი მხრიდან ერთვის მდინარეები სარატა და კოგილნიკი, რომელთა საშუალებით გაზაფხულზე ტბა მტკნარდება, ხოლო წყალმცირობისას ჩამონადენის შემთხვევაში მინერალიზდება. ამასთნ ერთად, ძირითადი კვება მომდინარეობს წყლის გადაგდებით მდინარე დუნაიდან დუნაი-სასიკის არხის მეშვეობით.
წყლის ტემპერატურა ზაფხულში 24-25°С უდრის. წყლის დონის რყევა აღწევს 1 მ-ს. იყინება დეკემბერში, ყინულძვრა მარტშია. ტბის ნაპირები ფრინველთა ბუდობის ადგილია. სასიკმა და შაგანი — ალიბეი — ბურნასის სიტემამ მიიღო საერთაშორისო ჭარბტენიანი ტერიტორიების სტატუსი როგორც წყლის ფრინველთა ბუდობის ადგილმა და შეტანილია რამსარის კონვენციის საერთაშორისო სიაში.[1] გამოიყენება სარწყავად. მდიდარია თევზით. განვითარებულია თევზჭერა.[2]