რუკვა (ინგლ. Lake Rukwa) — გაუდინარი ტბა ტანზანიის სამხრეთ-დასავლეთში, ტანგანიიკისა და ნიასას ტბებს შორის. ეს წყალმეჩხერი მლაშე ტბა, რომლის აუზის ფართობია დაახლოებით 80 000 კმ² რუკვის ეკოსისტემის ნაწილია კატავის ეროვნული პარკის ირგვლივ[1].

რუკვა
ინგლ. Lake Rukwa
რუკვის ტბის ხედი კოსმოსიდან
რუკვის ტბის ხედი კოსმოსიდან
კოორდინატები: 8°00′00″ ს. გ. 32°21′00″ ა. გ. / 8.00000° ს. გ. 32.35000° ა. გ. / -8.00000; 32.35000
მდებარეობა ტანზანიის დროშა ტანზანია
სიმაღლე ზღვის დონიდან 792 
სიგრძე 150 კმ
სიგანე 25-30 კმ
ფართობი 2600 კმ²
საშუალო სიღრმე
რუკვა — ტანზანია
რუკვა

გეოგრაფია

რედაქტირება

ტბა მდებარეობს ალბერტინის რიფტულ ხეობაში ზღვის დონიდან 792 მეტრ სიმაღლეზე. სამხრეთ-აღმოსავლეთში ის შემოფარგლულია ლივინგსტონის მთებით, დასავლეთით უფიპის ესკარპმენტით და მბიზის კალთებით, რომლებიც აღწევენ ზღვის დონიდან 2664 მეტრ სიმაღლეს, ჩრდილო-აღმოსავლეთით მდებარეობენ ციცაბო ქვიანი ფერდობები, რომლებიც ზღვის დონიდან 1707 მეტრ სიმაღლეს აღწევენ სანჯის მთაზე[2]. დიდი საბჭოთა ენციკლოპედიის მონაცემებით ტბის სიგრძე აღწევს დაახლოებით 150 კმ-ს და სიგანე 25-30 კმ-ს, გვალვიან სეზონებში ტბა თითქმის მთლიანად შრება[3]. 1929 წელს ტბის სიგრძე შეადგენდა დაახლოებით 50 კმ-ს, ხოლო 1939 წელს აღწევდა 130 კმ-ს 40 კმ-იანი სიგანით[4]. 1996 წლის გამოკვლევებს მოაქვს შემდეგი შედეგები: ტბის სიგრძე — 165 კმ, სიგანე ჩრდილოეთ ნაწილში — 37 კმ, მაქსიმალური სიგანე — 48 კმ[2].

 
რუკვის ტბა მდებარეობს მარჯვენა ქვედა კუთხეში ყველაზე დიდი ტბა ტანგანიიკიდან სამხრეთ-აღმოსავლეთით, NASA-ს გადაღება

ტბას აქვს რამდენიმე დიდი შენაკადი. მდინარეები ლუპა, ჩამბუა და სონგვე მოედინებიან ლივინგსტონის მთებიდან და ჩაედინებიან ტბაში სამხრეთიდან, მდინარე რუნგვა ტბას კვებავს ჩრდილოეთიდან, ხოლო მომბა — დასავლეთიდან. ამას გარდა, წვიმებიან სეზონში არსებობენ რამდენიმე დროებითი მდინარეები. წყალდიდობების დროს ტბა წარმოადგენს ერთიან აუზს, მაგრამ დაშრობისას ის იყოფა ორ ნაწილად — სხვადასხვა ზომებით და დონით. სამხრეთი აუზის მაქსიმალური სიღრმე აღწევს მის აღმოსავლეთ ნაწილში და შეადგენს 10-15 მეტრს. ჩრდილოეთი აუზი უფრო წყალმეჩხერია და ზოგჯერ მთლიანად შრება. ამ ორ აუზს შორის მდებარე ჭაობის სიღრმე ჩვეულებრივ არ აჭარბებს ერთ მეტრს. ტბაში ნატრიუმის მაღალი კონცენტრაციაა, წყალი ტუტეა (წყალბადის მაჩვენებელი 8,0-დან 9,0-მდე)[2].

რეგიონი ხასიათდება ნოტიო ტროპიკული კლიმატით წვიმიანი სეზონით ოქტომბრიდან აპრილის ჩათვლით. ყოველწლიურად მოსული ნალექების რაოდენობა იცვლება 650 მმ-დან სამხრეთში 900 მმ-მდე ჩრდილოეთში და დაახლოებით 2500 მმ-მდე უფიპას მთებში, სადაც ნალექები შეიძლება მოვიდეს მაისიდან ოქტომბრის ჩათვლით. სისტემის სამხრეთ ნაწილში ტემპერატურა მერყეობს 12,7 °C-დან 28 °C-მდე, საშუალო წლიური ტემპერატურა შეადგენს 21 °C-ს. ტბის ზედაპირის ტემპერატურა მერყეობს 20 °C-დან 35 °C-მდე[2].

ფლორა და ფაუნა

რედაქტირება

ტბაში და მის ირგვლივ არსებულ ჭაობებში იზრდება პაპირი (cyperus papyrus) და ლერწამი (phragmites mauritianus). ტბის ირგვლივ დომინირებს ჭალის მინდვრები დაბალი მარილგამძლე ბალახებით, როგორებიცაა diplachne fusca, sporobolus spicata და sporobolus robustus (მარცვლოვანნი). ტბის შენაკადების გასწვრივ ჭარბობენ აკაციები[2].

ტბის ეკოსისტემაში ბინადრობს 60-ზე მეტი თევზის სახეობა: სანაპირე ზოლში გავრცელებულია პეცილიისებრნი (aplocheilichthys) და ციქლიდები (haplochromis genera), ახალგაზრდა წვერები და აფრიკული ჩეხონები (chelaethiops rukwaensis), ზოგიერთი მდინარის დაჭაობებული დელტა oreochromis-ების და ტილიაპიების (ლათ. Tilapia) ბინადრობის ადგილია, ტბაზე კომერციული რეწვის მთავარი ელემენტი, ტბის კლდოვანი აღმოსავლეთი ნაწილი დანარჩენზე უფრო ნაკლებადაა დასახლებული, მაგრამ აქ დაცურავენ ლაბეოს (labeo cylindricus) ჯიშის თევზები. მდინარე პიტიაზე ბინადრობენ ტიპური მდინარის თევზები, როგორებიცაა amphilius jacksonii, leptoglanis rotundiceps და chiloglanis trilobatus (ყველა ლოქოსნაირთა ჯგუფიდან)[2].

ტბის სანაპიროებზე ბინადრობენ წყალში მცურავი ფრინველები ვარდისფერი ვარხვი (pelecanus onocrotalus), plegadis falcinellus, plectropterus gambensis, chlidonias leucopterus და rynchops flavirostris. 1995 წელს დაფიქსირდა დიდი თეთრი ვარხვების და chlidonias leucopterus-ის მრავალრიცხოვანი კოლონიები[2]. ფრინველების პოპულაციების ძირითადი კვლევები ჩატარდა 1950-იან წლებში, იმ დროს ტბაზე ბინადრობდა ფრინველთა 350-ზე მეტი სახეობა, მათ შორის 8 — განსაკუთრებული დაცვის ქვეშ მყოფი[5]. რეგიონის ფაუნის სხვა წარმომადგენლებია: წყლის მანგუსტი (Atilax paludinosus), წავი (Lutra maculicollis და aonyx capensis) და ბეჰემოთი (hippopotamus amphibius)[2].

შოტლანდიელი მკვლევარი ჯოზეფ ტომსონი, რომელიც იკვლევდა ნიასას ტბასა და ტანგანიიკის ტბას შორის არსებულ ტერიტორიას და დაინახა ტბის მოხაზულობა 1880 წელს, ითვლება მის პირველაღმომჩენად[4][6].

  1. რუკვის ტბა. utalii.com. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2012-04-24. ციტირების თარიღი: 2010-05-03.
  2. 2.0 2.1 2.2 2.3 2.4 2.5 2.6 2.7 რუკვის ტბა. Freshwater Ecoregions of the World. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2012-04-24. ციტირების თარიღი: 2010-05-03.
  3. რუკვის ტბა. დიდი საბჭოთა ენციკლოპედია. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2012-07-15. ციტირების თარიღი: 2010-05-03.
  4. 4.0 4.1 რუკვის ტბა. ენციკლოპედია ბრიტანიკა. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2012-04-24. ციტირების თარიღი: 2010-05-03.
  5. რუკვის ტბა დაარქივებული 2009-01-03 საიტზე Wayback Machine. Birdlife International
  6. ჯოზეფ ტომსონი. დიდი საბჭოთა ენციკლოპედია. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2012-07-15. ციტირების თარიღი: 2010-05-03.