როზა რიმბაევა (ყაზახ. Роза Қуанышқызы Рымбаева; დ. 28 ოქტომბერი, 1957, ჯანგიზტობე, ყაზახეთის სსრ) — საბჭოთა და ყაზახი საესტრადო მომღერალი, კინომსახიობი, პედაგოგი. ყაზახეთის შრომის გმირი (2019), ყაზახეთის სსრ სახალხო არტისტი (1986), უზბეკეთის რესპუბლიკის დამსახურებული არტისტი (1994), ყირგიზეთის რესპუბლიკის კულტურის დამსახურებული მოღვაწე (1994), ლენინური კომკავშირის პრემიის ორგზის ლაურეატი (1976, 1981), ყაზახეთის სახელმწიფო პრემიის ლაურეატი (2004).

როზა რიმბაევა
Роза Қуанышқызы Рымбаева

ბიოგრაფია
დაბ. თარიღი 28 ოქტომბერი, 1957 (1957-10-28) (67 წლის)
დაბ. ადგილი ჯანგიზტობე, ყაზახეთი
ჟანრ(ებ)ი ესტრადა, ჯაზი, რომანსი
საქმიანობა მომღერალი
აქტიური 1975-დღემდე
როზა რიმბაევა ვიკისაწყობში

რიმბაევას ხმა კლასიფიცირებულია, როგორც ლირიკული სოპრანო ოთხი ოქტავის დიაპაზონით.[1] მას ყაზახეთის ოქროს ხმას“ და „შუა აზიის მომღერალ ბულბულს“ ეძახიან.

ბიოგრაფია

რედაქტირება

როზა დაიბადა რკინიგზის მუშაკისა და დიასახლისის მრავალშვილიან ოჯახში. არტისტული ნიჭი ჯერ კიდევ ბავშვობისას აღმოაჩნდა. დიდი გავლენა მოახდინა უფროსმა ძმამ, რომელმაც მუსიკოსის პროფესია აირჩია. მისი ზეგავლენით როზა ადგილობრივ ხელოვნების სახლებში დადიოდა და გადაწყვეტილი ჰქონდა, სკოლის დამთავრების შემდეგ სცენაზე გამოსულიყო.

1975 წელს პირველად მიიღო მონაწილეობა მუსიკალურ კონკურსში, რომელიც ეძღვნებოდა დიდ სამამულო ომს. კონკურსზე როზა რესპუბლიკური ახალგაზრდული საესტრადო ანსამბლის დირიჟორმა, ტასკინ ოკაპოვმა შეამჩნია და კოლექტივში სოლისტად მიიწვია. 1976-1979 წლებში საესტრადო ანსამბლ „გულდერის“ სოლისტი იყო, შემდეგ გადავიდა ანსამბლ „არაი“-ში, სადაც დირექტორი და სამხატვრო ხელმძღვანელი მისი მეუღლე — ტასკინ ოკაპოვი იყო.

1977 წლს მომღერალმა მონაწილეობა მიიღო „ოქროს ორფეოსის“ ფესტივალზე ბულგარეთში, სადაც გრან-პრი მოიპოვა. უფრო მეტი აღიარება მასთან 1977-1979 წლებში მოვიდა, როცა ფესტივალ „წლის სიმღერის“ ფინალებში გავიდა. 1978 წელს გაზეთ „მოსკოვის კომკავშირელის“ ჰიტ-აღლუმში მესამე ადგილზე დასახელდა სსრკ-ს საუკეთესო ქალ-მომღერლებს შორის ალა პუგაჩოვასა და სოფია როტარუს შემდეგ.[2]

1979 წლიდან რესპუბლიკური საკონცერტო გაერთიანება „ყაზახკონცერტის“ სოლისტია. 1995 წლიდან ყაზახეთის ჟურგენოვის სახელობის ხელოვნების აკადემიის პედაგოგია.

1984 წელს დაამთავრა ალმა-ათის თეატრალური ინსტიტუტის მუსიკალურ-დრამატული კომედიის ფაკულტეტი.

პოპულარობის პიკზე რიმბაევა მუდმივად გამოდიოდა სცენაზე და დისკებზე წერდა სიმღერებს როგორც მშობლიურ — ყაზახურ, ასევე რუსულ ენაზე. იგი მონაწილეობას იღებდა ფესტივალებსა და სატელევიზიო გადაცემებში.

საბჭოთა კავშირის დაშლის შემდეგ როზა რიმბაევამ შეინარჩუნა პოპულარობა და მოთხოვნადობა. მას ფონოგრამით არასდროს უმღერია, მიჩვეული იყო ცოცხალი შესრულებით გაეხარებინა მსმენელი და მთლიანად იხარჯებოდა. 2008 წელს პეკინის ოლიმპიადაზე ოლიმპიური ცეცხლის ტარების პატივი ხვდა წილად. 2011 წელს ყაზახეთში ჩატარებულ VII ზამთრის აზიურ თამაშებზე ცეცხლის ტარების გარდა ჰიმნიც შეასრულა.

რიმბაევა ცხოვრობს ალმა-ათში და დღესაც აქტიურად ეწევა შემოქმედებით საქმიანობას.

ჯილდოები და აღიარება

რედაქტირება
  • 1975 — რესპუბლიკური კონკურსის პირველი პრემია
  • 1977 — საკავშირო სატელევიზიო კონკურსის — „სიმღერით ცხოვრებაში“ გრან-პრი
  • 1977 — ოქროს ორფეოსის“ ფესტივალის (ბულგარეთი) გრან-პრი
  • 1977 — „სოპოტის“ ფესტივალზე (პოლონეთი) პოლონეთის ტელევიზიისა და რადიოს კომიტეტის სპეციალური პრემია.
  • 1979 — ყაზახეთის დამსახურებული არტისტი
  • 1983 — „გალა-1983“ (კუბა) — გრან-პრი
  • 1986 — ყაზახეთის სახალხო არტისტი
  • 1991ხალხთა მეგობრობის ორდენი
  • 2004 — ყაზახეთის ღირსების ორდენი
  • 2004 — ყაზახეთის რესპუბლიკის სახელმწიფო პრემია
  • 2004 — მედალი „ასტანას 10 წლისთავი“
  • 2011 — მედალი „დამოუკიდებელი ყაზახეთის რესპუბლიკის 20 წლისთავი“
  • 2018ხელოვნებით — მშვიდობისა და ურთიერთგაგებისკენ

რესურსები ინტერნეტში

რედაქტირება