ჯეიმზ რამსეი მაკდონალდი (ინგლ. James Ramsay MacDonald; დ. 12 ოქტომბერი, 1866, მორაიშირი — გ. 9 ნოემბერი, 1937, ატლანტის ოკეანე) — დიდი ბრიტანეთის ლეიბორისტული პარტიის ლიდერი, დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრი.

ჯეიმზ რამსეი მაკდონალდი
ჯეიმზ რამსეი მაკდონალდი
გაერთიანებული სამეფოს პრემიერ-მინისტრი
გაერთიანებული სამეფოს პრემიერ-მინისტრი
თანამდებობაზე ყოფნის დრო
1929 – 1931

თანამდებობაზე ყოფნის დრო
22 იანვარი, 1924 – 4 ნოემბერი, 1924

დაბადებული12 ოქტომბერი, 1866
მორაიშირი, გაერთიანებული სამეფოს დროშა გაერთიანებული სამეფო
გარდაცვლილი9 ნოემბერი, 1937 (71 წლის)
ატლანტის ოკეანე
მოქალაქეობაგაერთიანებული სამეფოს დროშა გაერთიანებული სამეფო
ეროვნებაშოტლანდიელი
პოლიტიკური პარტიადამოუკიდებელი ლეიბორისტული პარტია
განათლებაბაირბეკის მეცნიერებისა და ლიტერატურის ინსტიტუტი
ლონდონის ეკონომიკის სკოლა
პროფესიაბოტანიკოსი
პოლიტიკოსი
ხელმოწერა

ბიოგრაფია

რედაქტირება

დაიბადა შოტლანდიის აგრარულ რეგიონში, იყო ფერმის მუშისა და დიასახლისის შვილი. დაწყებითი განათლება მიიღო შოტლანდიის თავისუფალი ეკლესიის სკოლაში. ადრეულ ასაკში მუშაობდა საზაფხულო ფერმაში და სწავლობდა. ახალგაზრდობიდანვე შეუერთდა მემარცხენე მოძრაობებს, ჯერ ბრისტოლის სოციალისტურ საზოგადოებას, ხოლო შემდგომში ლონდონში განაგრძო აქტიური საქმიანობა. პარალელურად, 1880-იან წლებში ბაირბეკის ლიტერატურისა და მეცნიერების ინსტიტუტში საღამოს კლასებში იღებდა განათლებას ბოტანიკისა და სოფლის მეურნეობის დარგებში, თუმცა ჯანმრთელობის პრობლემების გამო სწავლა მიატოვა. 1890-იანი წლების დასაწყისიდან ჩაერთო აქტიურ პოლიტიუკურ საქმიანობაში, დაუახლოვდა რადიკალ ლიბერალ პოლიტიკოსებს. შემდგომში ხდება ფაბიანური საზოგადოების წევრი, თავისუფალი ჟურნალისტია და სხვადასხვა დროს, ცოდნის შევსების მიზნით, ესწრება ლექციებს ლონდონის ეკონომიკის სკოლაში და სხვა საგანმანათლებლო დაწესებულებებში. 1894 შეუერთდა ახლად შექმნილ დამოუკიდებელ ლეიბორისტულ პარტიას. 1901 აირჩიეს ქალაქ ლონდონის საბჭოში. 1900 აირჩიეს ინგლისის ლეიბორისტული პარტიის მდივნად. პირველად 1906 აირჩიეს დიდი ბრიტანეთის პარლამენტის წევრად. 1911 აირჩიეს ინგლისის ლეიბორისტული პარტიის თავმჯდომარედ. წლების განმავლობაში იყო მემარცხენე ჟურნალის „The Socialist Review” რედაქტორი.

პირველი მსოფლიო ომის დროს გამოდიოდა რადიკალური პაციფისტური მოწოდებებით და ეწეოდა ანტისაომარ პროპაგანდას. ომის შემდგომ პერიოდში აქტიურად საქმიანობდა სოციალისტურ ინტერნაციონალში. იმოგზაურა საბჭოთა რუსეთში. 1920 წლის სექტემბერში, სხვა ევროპელ სოციალისტებთან ერთად, რამსეი მაკდონალდი ეწვია საქართველოს დემოკრატიულ რესპუბლიკას. იმოგზაურა საქართველოს სხვადასხვა რეგიონში, სიტყვით გამოვიდა საგარეჯოსა და ტყიბულის მიტინგებზე. საქართველოში ყოფნისას შეხვდა ბრიტანეთის წარმომადგენელ პოლკოვნიკ სტოუკს და საქართველოსათვის დახმარება სთხოვა. სამშობლოში დაბრუნების შემდეგ საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის შესახებ არაერთი სტატია და მოხსენება გამოაქვეყნა. ერთ-ერთი მთავარი წერილი კი გაზეთ „ნეიშენში“ გამოქვეყნდა, სადაც წერს:

საქართველოს დემოკრატიულმა ხელისუფლებამ მოახერხა ის, რაც ვერ გააკეთეს ევროპელმა სოციალ-დემოკრატებმა. მათ გაატარეს აგრარული რეფორმა; მოახდინეს ბუნებრივი რესურსების ნაციონალიზაცია... შენდება სრული დემოკრატიული სახელმწიფო სოციალისტური მთავრობის ხელმძღვანელობით... თუ ერთა თავისუფლება ცარიელი სიტყვა არაა, თუ რომელიმე ერს თავისუფლება ეკუთვნის, ესაა ქართველი ერი, რომელმაც დაუმტკიცა მთელ კაცობრიობას თავისი მაღალი კულტუროსნობა და პოლიტიკური სიმწიფე.

საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის საბჭოთა რუსეთის მიერ ოკუპაციის შემდეგ, სხვა ევროპელ სოციალისტებთან ერთად, აპროტესტებდა აღნიშნულ ქმედებას და გარკვეულ დახმარებას უწევდა საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის დევნილ მთავრობას.

1920-იან წლებში იყო თემთა პალატის ლიდერი. 1924 რამსეი მაკდონალდი დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრი გახდა. წარუმატებელი მმართველობისა და პოლიტიკური კრიზისის შემდეგ, 10 თვეში გადადგა, 1929-1931 წლების განმავლობაში მეორედ ჩაუდგა სათავეში ლეიბორისტულ მინისტრთა კაბინეტს, მმართველობის ეს პერიოდი „დიდ დეპრესიას“ დაემთხვა და არცთუ წარმატებული გამოდგა. 1931-1935 წლებში ხელმძღვანელობდა ეროვნული მთავრობას, ეროვნული ლეიბორისტული ორგანიზაციისა და კონსერვატიული პარტიის შემადგენლობით, თუმცა წარუმატებლად. 1937 ჯანმრთელობის პრობლემების გამო, საზღვაო ლაინერით გაემგზავრა სამოგზაუროდ, გარდაიცვალა ატლანტის ოკეანეში, ჩაუტარდა კრემაცია, თავდაპირველად დაკრძალეს ვესტმინისტერში, შემდეგ კი მშობლიურ მხარეში.

ლიტერატურა

რედაქტირება
  • ირემაძე ი., საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკა (1918–1921) : ენციკლოპედია-ლექსიკონი, თბ.: უნივერსიტეტის გამომცემლობა, 2018. — გვ. 253.

რესურსები ინტერნეტში

რედაქტირება