ჟინვალის ჯვარპატიოსნის ეკლესია
ჟინვალის ჯვარპატიოსნის ეკლესია — არქიტექტურული ძეგლი დუშეთის მუნიციპალიტეტში, ყოფილ სოფელ ჟინვალის აღმოსავლეთ ნაწილში. განეკუთვნებოდა განვითარებულ შუა საუკუნეებს. ამჟამად დაფარულია წყლით. 1974 წელს გათხარა ივანე ჯავახიშვილის სახელობის ისტორიის, არქეოლოგიისა და ეთნოგრაფიის ინსტიტუტის ჟინვალის არქეოლოგიურმა ექსპედიციამ.
ეკლესია ნაგები იყო კირქვითა და შირიმით. სამხრეთიდან ეკვროდა სამი სათავსისგან შემდგარი გვიანდელი მინაშენი. ეკლესიას შესასვლელი სამხრეთიდან ჰქონდა - მინაშენის ერთ-ერთი სათავსიდან. ნახევარწრიული აფსიდის ღერძზე სწორკუთხა სარკმელი იყო გაჭრილი, რომლის ქვემოთ, კედელზე, მიდგმული იყო მთლიანი ქვისგან გამოკვეთილი ტრაპეზი. საკურთხეველი ეკლესიის დანარჩენი სივრციდან გამოყოფილი იყო შირიმის ქვით ნაწყობი კანკელით. საკურთხევლის სარკმლის გარდა დასავლეთ და სამხრეთ კედლებში გაჭრილი იყო თითო სწორკუთხა სარკმელი. ეკლესია გადახურული იყო ფიქლის ორფერდა სახურავით. ეკლესიის შიგნით გაითხარა ერთი, ხოლო გარეთ ოთხი ქვისსამარხი და ორი აკლდამა.
ეკლესიის სამხრეთ-დასავლეთით, 10 მეტრზე, გაითხარა ნატეხი ქვით ნაგები, განვითარებული შუა საუკუნეების მოზრდილი საცხოვრებელი შენობა, რომელიც ორი, თითქმის თანაბარი ზომის, სწორკუთხა სათავსისგან შედგებოდა. მათგან ერთში აღმოჩნდა კერა, მეორეში - ექვსი ქვევრი და ორი თონე.
ეკლესიის სამხრეთ მინაშენში და საცხოვრებელ შენობებში აღმოჩნდა XVIII საუკუნის განძი. აღმოჩენილი მასალა ინახება არქეოლოგიური კვლევის ცენტრის დუშეთის არქეოლოგიურ ბაზაში.
ლიტერატურა
რედაქტირება- მარგველაშვილი მ., საქართველოს ისტორიისა და კულტურის ძეგლთა აღწერილობა, ტ. 2, თბ., 2008. — გვ. 301.