ჟინვალის სამაროვანი
ჟინვალის სამაროვანი — არქეოლოგიური ძეგლი ფშავისა და მთიულეთის არაგვის შესართავთან, ამჟამად დაფარულია ჟინვალის წყალსაცავით. სამაროვანზე შემორჩენილი იყო დარბაზული ტიპის ორი ეკლესიის ნანგრევები. სამაროვნის გათხრა დაიწყო 1972 წელს ჟინვალის (შემდგომში აღმოსავლეთ საქართველოს მთიანეთის) არქეოლოგიური ექსპედიციის მიერ (ბ. ჯორბენაძე). სამაროვანზე წინასწარვე შეიმჩნეოდა ორმოები, რომლებიც წარმოქმნილი იყო აკლდამების სახურავების ჩანგრევის შედეგად. სამაროვანზე გამოვლინდა სამარხთა 4 ტიპი: ორმოსამარხები, ქვის სამარხები, ამოშენებულკედლებიანი სამარხები და აკლდამები.
სამარხები ერთმანეთთან ძალზე მჭიდროდაა განლაგებული. ზოგ შემთხვევაში ისინი ორ იარუსად ყოფილან განლაგებული. მცირერიცხოვანია ორმოსამარხები, რომლებშიც ქრისტიანული წესით თითო მიცვალებული იყო დაკრძალული. ქვის სამარხებში ესვენა 1-3 მიცვალებული. მრავალრიცხოვანია ამოშენებულკედლებიანი სამარხები, მათ ეხურათ ქვის ბრტყელი ფილები. სამარხში მიცვალებულის ჩასვენება ხდებოდა დასავლეთით, საიდანაც იხდებოდა სახურავის ქვა. სამარხებში დაკრძალული იყო 2-10 მიცვალებული. მრავალრიცხოვანია აკლდამები. ისინი გეგმაში მოგრძო, ოვალური მოყვანილობისაა, ოდნავ მომრგვალებული კუთხეებით. კედლები ნაგებია სხვადასხვა ზომის კლდის ფლეთილი ქვებით მშრალად, იშვიათად თიხამიწაზე ან კირხსნარზე. კედლების ზედა 3-4 რიგი საფეხურებადაა შიგნით გამოწეული, რითაც იქმნება სახურავის ფილაქვების საყრდენი – ცრუ თაღი. სახურავად გამოყენებულია სხვადასხვა ზომის ბრტყელი ფილები. აკლდამების დასავლეთი კედელი სწორადაა ამოყვანილი. ამ მხრიდან ხდებოდა მიცვალებულის ჩასვენება. ზოგჯერ ამავე კედელში დატანებული იყო ქვის 1-2 საფეხური. აკლდამებში მიცვალებულთა რაოდენობა მერყეობს 10-დან 30-მდე.
ყველა სამარხი დამხრობილია აღმოსავლეთ-დასავლეთ ხაზზე. დაკრძალვის წესი ქრისტიანულია. მიცვალებულები წვანან გულხელდაკრეფით ან ხელებჩამოშვებულნი, თავით დასავლეთით. საოჯახო სამარხებში წინამორბედი მიცვალებულის ძვლები მიხვეტილი იყო სამარხის კედლებთან, ხოლო ბოლო მიცვალებული ესვენა ზურგზე გაშოტილი.
ჟინვალის ნაქალაქარის სამაროვანზე ინვენტარი საკმაოდ უხვად გამოვლინდა. სამარხულ კომპლექსებში აღმოჩნდა თიხის ორყურა თხელკედლიანი სასმისი. მინის ფლაკონი; მინის სხვადასხვა ფერის გლუვი და გრეხილღეროიანი სამაჯურები; რკინისა და ბრინჯაოს სამაჯურები სხვადასხვა ფორმა-მოყვანილობის ბრინჯაოს ღილები; რკინის აბზინდები და სხვ. აღსანიშნავია საბეჭდავი, რომელიც წარმოადგენს ოქროს თვალბუდეში ჩამაგრებულ ფირუზის თვალს. მასზე ნეგატიურად ამოკვეთილია სამი ასომთავრული ნიშანი – „ვდნ“ (ვარდან), საბეჭდავი თანმხლები მასალითა და XIII საუკუნის 60-იან წლებში მოჭრილი ყაანური მონეტით თარიღდება XIII საუკუნის მეორე ნახევრით. ფიქრობენ, რომ შესაძლოა საბეჭდავი ეკუთვნოდეს ჟინვალის ამირას ან ჟინვალის მოსაკარგე მფლობელ რომელიმე პირს. ზოგადად სამაროვანი XI-XIV საუკუნეებით თარიღდება.
ნაქალაქარის განვითარებული შუა საუკუნეების სამაროვანზე გამოირჩევა 1973 წელს გათხრილი ერთი კამაროვანი აკლდამა. გასული საუკუნის 30-იან წლებში აკლდამის ერთი კუთხე აუფეთქებიათ გზის მშენებლებს. ადგილობრივთა გადმოცემით, აკლდამა გაუძარცვავთ და იქიდან თიხის ჭურჭელი და სამკაულები წაუღიათ. აკლდა მართკუთხა გეგმისაა (6 x 4 მ, სიმაღლე 3,2 მ). ნაგებია კლდის ფლეთილი ქვებით კირხსნარზე. ალაგ-ალაგ გამოყენებულია რიყის ქვები. შიგნიდან და გარედან კედლები კირხსნარითაა ნალესი. ექვსსაფეხურიანი ჩასასვლელი მოწყობილი ჰქონდა დასავლეთიდან. ოთხკუთხა მოყვანილობის ჩასასვლელს დაფარებული უნდა ჰქონოდა ქვის ფილები. კამერაში შესასვლელი ამოშენებული იყო კლდის ფლეთილი ქვების მშრალი წყობით. კამერის ჩრდილოეთი და სამხრეთი კედლების გასწვრივ მოწყობილი იყო ტახტი. სამხრეთ კედელში დატანებულია 3 პატარა ნიში. აკლდამა გადახურულია შეისრული თაღით.
აკლდამაში აღმოჩნდა მიცვალებულების 60-მდე ჩონჩხი. სამარხეული მასალა წარმოდგენილი იყო მინის სამაჯურებით, რკინის სამაჯურებითა და რგოლებით, ღილით, საყურით, ვერცხლის ბეჭდით, ძვლის კვირისტავით, მძივებით. მონეტებიდან აღსანიშნავია რუსუდანის სახელით 1230 წელს მოჭრილი 6 მონეტა, ქართულ-ჰულაგუიდური 4 მონეტა, მოჭრილი საქართველოში XIII საუკუნის 80-ან წლებში, 1 რუმის სელჩუკებისაა, XIII საუკუნის. აკლდამაში აღმოჩენილი ინვენტარის, განსაკუთრებით კი მონეტების მიხედვით, მისი აგების თარიღად XIII საუკუნის პირველი ნახევარი უნდა ვივარაუდოთ, აკლდამა აგებულია ნაქალაქარის სამაროვანზე მრგვალი გალავნით შემოზღუდულ ადგილას და დანარჩენებისგან გამოირჩევა თავისი დიდი მოცულობით. არაა გამორიცხული, რომ აკლდამა წარმოადგენდა ჟინვალის მფლობელი ოჯახის ან ჟინვალის ერთ-ერთი სოციალურად და ეკონომიკურად დაწინაურებული ოჯახის განსასვენებელს.
ლიტერატურა
რედაქტირება- მინდორაშვილი დ., საქართველოს არქეოლოგია, ნაწილი II-III, გამომცემლობა „ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტი“, ბათუმი, 2015, გვ. 114-115.